ანტონიო კასანო: თუ ვინმე გეტყვით, რომ ჩინური პროექტით მოიხიბლა, ის მატყუარაა

AutoSharing Option
ანტონიო კასანომ "სამპდორიასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია. 34 წლის თავდამსხმელი ახალი გუნდის ძიებაშია, თუმცა არც კარიერის დასრულებას გამორიცხავს.

ჯერჯერობით, ანტონიოს მხოლოდ ჩინეთიდან აქვს შეთავაზება, ამ ყველაფერზე კი მოკლე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როგორ ფორმაში ხართ?
- კარგად მესმის, რომ კარიერის საუკეთესო წლები უკან მოვიტოვე, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და თამაში კიდევ შემიძლია. მოედანზე დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცუდ ფორმაში ვარ, უბრალოდ, "სამპდორიას" მესვეურებთან ვერ გამოვნახე საერთო ენა.

- კლუბების მესვეურებთან და მწვრთნელებთან
კონფლიქტი მთელ თქვენს კარიერას გასდევს ფონად...
- არასდროს მქონია პრობლემები მეგობრებთან, ოჯახის წვრებთან, ფეხბურთში კი კონფლიქტები მუდმივად თან დამყვება. არ მინდა არავის კრიტიკა და არც არავის გამტყუნება. ფაქტია, რომ "სამპდორიას" პრეზიდენტთან ვერ გამოვნახე საერთო ენა და სწორედ ამიტომ ვიყავი მოკვეთილი მთავარი გუნდიდან.

- კიდევ გსურთ ფეხბურთის თამაში?
- როგორც აღვნიშნე, თამაში კიდევ შემიძლია და საინტერესო წინადადების მოლოდინში ვარ. იმედია, მომდევნო სეზონს ახალ გუნდთან ერთად დავიწყებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კარიერის დასრულება მომიწევს. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ უარი განვაცხადე.

- ამბობენ, რომ ჩინური კლუბები გიწვევენ...
- დიახ, ასეა, მე კი ჩინეთში არ მსურს კარიერის გაგრძელება. ფეხბურთს თამაშობენ ევროპაში, ჩინეთში კი მხოლოდ ფულის გულისთვის მიდიან. თუკი ვინმე იტყვის, რომ ჩინური კლუბის პროექტით მოიხიბლა, ის მატყუარაა. ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა მთავარი და ასეა დღესაც. ყოველთვის სპორტული მოტივაცია მამოძრავებდა და სურვილი, რომ უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ გამომევლინა შესაძლებლობები. ასე რომ, ჩინეთში წასვლას არ ვაპირებ.

- გავრცელდა ცნობა, რომ შესაძლოა "ბარიში" დაბრუნდეთ, სადაც კარიერა დაიწყეთ...
- ბარი ჩემი მშობლიური ქალაქია, სადაც დაუვიწყარი წლები გავატარე. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, რაც გუნდი სერია B-ში ასპარეზობს. კონკრეტული შეთავაზება რომ მიმეღო, სიამოვნებით განვიხილავდი, მაგრამ კლუბიდან არავინ შემხმიანებია.

- სერია B-ში თამაში თქვენთვის მისაღებია?
- ბუნებრივია, რომ ელიტაში თამაში მირჩევნია, მაგრამ არის განსაკუთრებული შემთხვევები. "ბარიში" სამი დაუვიწყარი წელი გავატარე, ამ გუნდს კი ბავშვობიდან ვქომაგობდი. შესაძლოა, გუნდი სერია B-ში იყოს, მაგრამ ამბიციური გეგმები ჰქონდეს და სერია A-ში აღზევების კანდიდატი იყოს.

- შეგეძლოთ მეტის მიღწევა კარიერაში?
- კლუბების მესვეურებთან და მწვრთნელებთან კონფლიქტებმა, ტრავმებმა ჩემს კარიერას დაღი დაასვა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, კმაყოფილი ვარ იმ გზით, რომელიც გავიარე. ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ეს ალბათ უმთავრესია. იმედია, წინ კიდევ მელოდება ახალი თავგადასავალი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული