ყოჩაღი დებიუტანტები: ალან შირერიდან ისლამ სლიმანიმდე

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგა არაერთი გამორჩეული დებიუტის მომსწრე ყოფილა. დღევანდელ ჩვენს წერილში გამორჩეული ფორვარდების გამორჩეულ დებიუტებზე დავწერთ.

მასალის ქარგა კი ისლამ სლიმანის შესანიშნავმა დებიუტმა ჩამოქნა - ალჟირის ნაკრების ფორვარდმა პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა ინგლისის ჩემპიონის, "ლესტერის" შემადგენლობაში.

ალან შირერი, 1988
საუთჰემპტონი-არსენალი 4:2
ზუსთად ათი წლით ადრე, ვიდრე დაიბადებოდა თანამედროვე ინგლისური ფეხბურთის "ოქროს ბიჭუნა", მარკუს რაშფორდი, ალან შირერი ქარიშხალივით შეიჭრა ინგლისური ფეხბურთის კონსერვატიულ სამყაროში. ის ჯერ 18 წლისაც არ იყო, როცა სამი გოლი გაუტანა "არსენალს". ასე დაიწყო მისი დიდებული კარიერა, რომელიც "ბლექბერნსა" და
"ნიუკასლში" გაგრძელდა.

იურგენ კლინსმანი, 1994
ტოტენჰემი-შეფილდ უენსდეი 4:3
პირველივე ინგლისურ მატჩში კლინსმანმა ნაღდი მებრძოლის ხასიათი გამოამჟღავნა და ყველას დაუმტკიცა თავისი ბომბარდირული თვისებები. სწორედ დიდებულმა გერმანელმა გაიტანა "დეზების" გამარჯვების გოლი შეხვედრის 82-ე წუთზე.

ფაბრიციო რავანელი, 1996
მიდლსბრო-ლივერპული 3:3
"როცა თამაშს ვიგებდით, ის სამაგალითო პარტნიორი და ძალიან კარგი ბიჭი იყო მინდორზე. როცა ვაგებდით, უნდა გამოჩენილიყო ვინმე, ვინც მას დააწყნარებდა, ან უყვირებდა კიდეც. ასეთ შემთხვევაში ის წყნარდებოდა, მაგრამ ამის გაკეთება იოლი როდი იყო." - თქვა რავანელის თაობაზე "მიდლსბროს" პრეზიდენტმა, სტივ გიბსონმა. მართალია, რავანელისთან ერთად გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა, მაგრამ იტალიელ შემტევს დიდებული დებიუტი გამოუვიდა - სამი გოლი გაუტანა "ლივერპულს".

რობი კინი, 1999
ქოვენთრი-დერბი 2:0
19 წლის ბევრისათვის უცნობ ირლანდიელში "ქოვენთრიმ" საკმაოდ დიდი თანხა, 6 მილიონი გირვანქა გადაიხადა. კინს თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი დებიუტი ჰქონდა, მაგრამ მისთვის "ქოვენთრიში" პირველ მატჩს ვერაფერი შეედრება. დუბლი - ასე გააცნო ირლანდიელმა თავი პრემიერლიგას, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და გოლი შეაგდო.

რუდ ვან ნისტელროი, 2001
მანჩესტერი-ფულემი 3:2
ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი რუდ ვან ნისტელროის მიმართ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯერ ერთი, ჰოლანდიელი შემტევი გამუდმებით ტრავმებისკენ იყო მიდრეკილი. მეორეც, "იუნაიტედმა" მის სანაცვლოდ ერთობ სოლიდური თანხა, 19 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ნისტელროისათვის "იუნაიტედის" შემადგენლობაში ჩატარებული პირველივე მატჩი წარმატებული გამოდგა. მან დუბლი შეუსრულა "ფულემს".

ფედერიკო მაკედა, 2009
მანჩესტერი-ასტონ ვილა 3:2
მაკედა 17 წლის გახდა, როცა "იუნაიტედთან" პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის დიდებული იყო. "ჩვენ ეს ბიჭი უნდა შევამოწმოთ, თორემ შარში გავყოფთ თავს. მგონი, ის 28 წლისაა" - ამბობდა მაშინ "იუნაიტედის ლეგენდარული დამრიგებელი, სერ ალექს ფერგიუსონი. მაკედასათვის სადებიუტო მატჩში, ჩემპიონობისათვის ბრძოლის გასაგრძელებლად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. ინგლისური გრანდი ანგარიშში ჩამორჩა. კრიშტიანო რონალდომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაათანაბრა, დამატებულ დროში კი მაკედამ გამარჯვებისა შეაგდო.

სერხიო აგუერო, 2011
სიტი-სუონსი 4:0
2011 წელს "სიტიმ" აგუეროში 38 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ალბათ საუკეთესო ტრანსფერია ინგლისური კლუბის ისტორიაში. დღეს არგენტინელი, სულ მცირე, ორჯერ ძვირი ღირს. აგუერომ პირველივე შეხვედრაში მოხიბლა "ეტიჰადი". ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. გააკეთა საგოლე პასი და შეასრულა დუბლი. პირველივე თამაშში ის პუბლიკის რჩეული გახდა და ასეა დღემდე.

დიეგო კოშტა, 2014
ბარნლი-ჩელსი 1:3
შეიძლება, დიეგო კოშტა არ გიყვარდეს, მაგრამ უნდა აღიარო, რომ ის ექსტრაკლასის ფორვარდია. ეს მან ინგლისური კარიერის დასაწყისშივე დაამტკიცა. მან გამთანაბრებელი გოლი გაიტანა, მერე კი კიდევ 19 გოლი შეაგდო და "ჩელსის" ძირითადში დამკვიდრდა.

პედრო, 2015
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 3:2
ახლა პედრო როდრიგესი "ჩელსის" მყარი სათადარიგოა, დასაწყისი კი მართლაც ჩინებული ჰქონდა. მან პირველივე შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. სამწუხაროდ, დასაწყისს ასეთივე გაგრძელება აღარ მოჰყვა.

მარკუს რაშფორდი, 2016
მანჩესტერი-არსენალი 3:2
მარკუს რაშფორდს მართლაც დიდებული დებიუტი ჰქონდა. ჯერ ევროპალიგაზე დუბლი შეუსრულა "მიდტიულანდს", მერე კი ფეერული მატჩი ჩაატარა "არსენალთან". იმ შეხვედრაში გუშინდელმა იუნიორმა ორი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ისლამ სლიმანი, 2016
ლესტერი-ბარნლი 3:0
28 წლის ფორვარდში "ლესტერმა" 30 მილიონი გირვანქა გადაიხადა. სლიმანიმ პირველივე შეხვედრაში გაიბრწყინა - დუბლი შეუსრულა "ბარნლის". როგორც ჩანს, "სპორტინგის" ექსშემტევს ახალ დონეზე სურს გასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული