ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

AutoSharing Option
ფოტოზე" ჟოზე მოურინიომ ჯონ ტერი სკამზე დატოვა

როგორც გაირკვა, "მანჩესტერ სიტი" არც ისე შორს და არც ისე ხელშეუხებელი ყოფილა. ავად თუ კარგად ლუი ვან გაალი ქულების დაგროვებას აგრძელებს და "იუნაიტედი" თანაქალაქელს მიუახლოვდა.

"ვესტ ჰემი" სასწაულებს სჩადის, ჟოზე მოურინიომ არსენ ვენგერს კვლავაც მოუგო. ერთადერთ წაუგებელ კლუბად კი კლაუდიო რანიერის "ლესტერი" რჩება...

გამორჩეული ფეხბურთელები
დავიდ დე ხეამ ისევ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და რომ არა ესპანელი "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" პრემიერლიგაში "სენტ მერიზე" მე-11 ვიზიტიდან მეცხრეში ვერ დაამარცხებდა.

ესპანელმა 6 "სეივი" გააკეთა, ამაზე მეტი ბურთი
(8) ერთ მატჩში მან 2014 წლის დეკემბერში მოიგერია, "ლივერპულთან" შეხვედრაში. ყველაზე გამოსარჩევი ის მომენტი გახლდათ, რომლის დროსაც მან ჟოზე ფონტეს აუღო ურთულესი ბურთი.

ჟოზე მოურინიოსთვის ავტორიტეტები არ არსებობს, მან ჯონ ტერი სათადარიგოთა სკამზე დასვა და შესაბამისად, არც ერთი სხვა ფეხბურთელის დაქვეითება არ გაუჭირდება. ამით შეშინებულმა კიდევ ერთმა ვეტერანმა ბრანისლავ ივანოვიჩმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა "არსენალის" წინააღმდეგ, სერბი ისედაც ყოველთვის ბოლომდე ინდომებს ხოლმე. მან ყველაზე მეტი საჰაერო დუელი მოიგო და "ლურჯებს" ძალიან დაეხმარა იმაში, რომ მათ 3 მაისის მერე, კარი მშრალად პირველად შეინახეს, ამის მერე, 8 მატჩი გახლდათ გასული.

"სუონსიმ" "ევერტონთან" შეხვედრაში გადასარევი შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ დატოვა და შეტევაში ვერ იაქტიურა, მაგრამ დაცვაში "თეთრი გედების" კაპიტანი ეშლი უილიამსი ისევ შეუდარებელი გახლდათ. უილიამსს ტყუილად არ უტრილებდნენ გამორჩეული გუნდები და სხვათა შორის, მისი შეძენა "ევერტონსაც" სურდა. "სუონსის" ბოლო ხუთ შეხვედრაში, რომელშიდაც უილიამსმა მონაწილეობა მიიღო, გუნდს ოდენ 3 გოლი აქვს გაშვებული. მიმდინარე სეზონში, მას 55-ჯერ აქვს ბურთი გამოტანილი და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა, მას ერთით უსწრებს "ნორვიჩის" სებასტიან ბასონგი, რომელსაც "ენფილდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ მშვენიერი მატჩი ჰქონდა.

"ევერტონის" ბანაკიდან კი ისევ და ისევ ჯონ სტოუნსისა და როს ბარკლის გამოყოფა ღირს.

"ვესტ ჰემი" გასვლაზე იმდენად კარგად თამაშობს, რომ "ჩაქუჩები" ამ წუთისთვის შეგვიძლია საგარეო მატჩების "მეფეებად" და გრანდების რისხვად შევრაცხოთ. "არსენალისა" და "ლივერპულის" მერე, "ვესტ ჰემმა" "სიტისაც" მოუგო მისსავე მოედანზე და სლავენ ბილიჩს ჩინებული სტარტი გამოსდის.

"ქალაქელებთან" შეხვედრაში ვინსტონ რიდი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, მან დაძაბულობის განმუხტვა 21 შემთხვევაში მოახერხა, რაც 4-ით მეტია მიმდინარე სეზონში ერთ შეხვედრაში, ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის შედეგზე. რიდმა "სიტი" იაია ტურეს დარტყმისგან იხსნა და მეტიც, თავისიანებს გამარჯვების გოლის გატანაშიც დაეხმარა, მან კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო.

კურტ ზუმამ თავისი პირველი პრემიერლიგური გოლი გაიტანა. ეს ფეხბურთელი ამჟამად მოურინიოს ნდობით სარგებლობს და ისიც მშვენივრად იყენებს თავის შანსს. ზუმამ "არსენალის" წინააღმდეგ მშვენიერი მატჩი ჩაატარა და ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო.

ჯეიმი ვარდიმ თავის კარიერაში პირველად მოახერხა პრემიერლიგაში ზედიზედ 3 შეხვედრაში გატანა. იგი შეუჩერებელია. ყველა შეხვედრაში დაუღალავი ვარდი უკვე ხვდება ინგლისის ნაკრებში, მაგრამ ახლა ჯეიმი მხოლოდ გამოძახებას არ დაკმაყოფილდება და თუ ასე გაგრძელდა, როი ჰოჯსონს "აიძულებს", რომ იგი მინდორზე გაუშვას.

ისე ჩანს, დიმიტრი პაიე "ვესტ ჰემის" ოქროს შენაძენი გახდება და მის სხვა მსურველებს ანანებინეს, რომ მათ უფრო არ იაქტიურეს. ფრანგი "სიტისთან" მატჩშიც თვალს გვჭრიდა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე 55 მილიონი გირვანქის ღირებულების დე ბრუინი. ჩემპიონატში გამართულ ბოლო 14 მატჩში, პაიემ 12 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გოლი, 8 საგოლე პასი.

ჰონ მინ სონი შესაძლოა, ზუსტად ის არის, ვინც "ტოტენჰემს" აკლდა და ზუსტად ის შემატოს "დეზებს", რაც მათ სჭირდებათ. სწრაფი, ტექნიკური, თავდაჯერებული და მშრომელი კორეელი ევროპალიგაზეც ბრწყინვალე იყო, და პრემიერლიგაშიც მოაგებინა მშვენიერი გოლით მაურისიო პოჩეტინოს გუნდს. სონი მე-7 სამხრეთკორეელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

ოდიონ იგალოს წყვილმა გოლმა "უოტფორდს" "სენტ ჯეიმს პარკზე" 3 ქულა მოუტანა. ეს კიკე სანჩეს ფლორესის გუნდის მიჯრით მეორე მოგებაა, ხოლო "კაჭკაჭები" ისევ მოუგებლად რჩებიან და ამაში სწორედ ნიგერიელია დამნაშავე, რომელსაც 2015 წელს ჩემპიონატის 24 მატჩში 20 გოლი უგროვდება, რაც ევროპის 4 წამყვან ჩემპიონატში ამ წუთისთვის საუკეთესო შედეგია.

ანტონი მარსიალს საოცარი შედეგი აქვს - მან პრემიერლიგაში "მანჩესტერის" მაისურით ჯერ სულ ორი შეხვედრა ჩაატარა, მეტოქის კარში ზუსტად სამჯერ დაარტყა და სამივე დარტყმა გოლით დასრულდა. ფრანგი თინეიჯერი "წითელი ეშმაკების" მესამე ფეხბურთელია, რომელმაც "იუნაიტედის" მაისურით თავის პირველ ორ შეხვედრაში გატანა მოახერხა, აქამდე ასეთი მიღწევა ფედერიკო მაკედასა და ლუი საას აქვთ. მარსიალი ძალიან ელეგანტურად თამაშობს, ტექნიკურიც არის, თავდაჯერებულიც, ცივსისხლიანიც, სწრაფიც...

რიად მაჰრეზმა ისევ გაიტანა, ამჯერად პენალტით. თუმცა იგი ბომბარდირთა დავაში ეულად აღარ ლიდერობს, რადგან უკვე 5 გოლი უგროვდება კალუმ უილსონსაც. "ბორნმუთის" ფორვარდი ჩემპიონშიპისა არ იყოს, პრემიერლიგაშიც შედეგიანად აგრძელებს ბურთაობას.

გამოსარჩევია დენი ინგსიც, რომელიც ბრენდან როჯერსმა ისევ შეცვლაზე შემოუშვა და ინგსმა დააწინაურა კიდეც მერსისაიდელები, ისედაც იაქტიურა და მეორე გოლთანაც ახლოს იყო.

საინტერესო ფაქტები და სტატისტკა
"მანჩესტერ სიტის" გოლი 572 წუთი არ გაეშვა, მაგრამ ეს სერია ვიქტორ მოზესის ზუსტი დარტყმით შეწყდა.

ერთ სეზონში გასვლაზე "ლივერპულსაც", "სიტისაც" და "არსენალსა" აქამდე მხოლოდ "ევერტონმა" (1995/1996), "მანჩესტერ იუნაიტედმა" (2004/2005) და "ჩელსიმ" (2005/2006) მოახერხეს, ახლა მათ "ვესტ ჰემი" შეუერთდა.

დიაფრა სახოს "სიტის" წინააღმდეგ ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ორივეში გოლი გატანილი.

"არსენალმა" "ჩელსისთან" შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრა. პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ფეხბურთელი (79) სწორედ "მეთოფეებისთვის" და "ევერტონისთვის" ჰყავთ გაძევებული.

"არსენალისთვის" სულ სამჯერ ჰყავთ ერთ მატჩში ორი ფეხბურთელი გაძევებული. ბოლოს ეს 1999 წელს "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მოხდა.

"ჩელსის" პრემიერლიგაში "მეთოფეებთან" უკვე 8 მატჩია არ წაუგია (5 მოგება, 3 ფრე) და ამ შეხვედრებიდან 6-ში "ლურჯებმა" კარი მშრალად შეინახეს.

"ევერტონმა" ზედიზედ სამ საგარეო შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. ბოლოს ასეთი რამ "კანფეტებს" 2013 წლის დეკემბერში აქვთ გაკეთებული.

პრემიერლიგაში "სუონსის" "ევერტონისთვის" ჯერ არ მოუგია (5 ფრე, 8 წაგება).

კევინ მირალასი ტურის ერთ-ერთი ანტიგმირია, იგი მინდორზე ბოლო წუთზე შევიდა და წითელი ბარათის მიღება მოასწრო, თანაც დაახლოებით 2 წუთში.

მიმდინარე სეზონში ბელგიელი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც შეცვლაზე შესვლის მერე გააძევეს.

ჯონათან უოლტერსმა მორიგი გოლი გაიტანა და ახლა 35 ბურთი აქვს გატანილი. ახლა მან უკვე 2-ით გაასწრო პიტერ კრაუჩს. სტოკელებმა "ლესტერთან" ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, მაგრამ არც წააგეს და ახლა "მელიებთამ" ბოლო 7 შეხვედრაში 3 მოგება, 3 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი აქვთ.

რიად მაჰრეზს პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

"ლესტერი" 2012 წლის "ევერტონის" მერე, პირველი გუნდია, რომელმაც პრემიერლიგის ზედიზედ 4 შეხვედრაში ქულა მაინც აიღო ისეთ შეხვედრაში, რომელსაც აგებდა. ლესტერშირელები პირველი 6 ტურის მერე ისტორიაში მეორედ არიან წაუგებელნი, პირველად ეს 2000/2001 წლების სეზონში მოხდა, როდესაც "მელიებმა" 8 ტური გაძლეს.

საიდო ბერჰინოს 20 პრემიერლგური გოლიდან 14 საშინაო შეხვედრებში "ჰოუზორნზე" აქვს გატანილი. ორიც "ალბიონის" თავდამსხმელმა ვესტ მიდლენდსის დერბიში, ბირმიგემში გაუტანა "ასტონ ვილას", მან ამ ტურშიც მოაგებინა თავისიანებს. მოკლედ, ვესტ მიდლენდსის გარეთ, საიდოს მხოლოდ 6 ბურთი აქვს ჩემპიონატში გატანილი.

"ვილას" უკვე 4 საშინაო შეხვედრაა არ უმარჯვია - 3 წაგება, 1 ფრე.

"ვესტ ბრომვიჩმა" ბოლო 7 საგარეო თამაშიდან მხოლოდ 1 დათმო, 2 ფრედ დაასრულა და 4-ჯერ მოიგო. ამ შეხვედრებიდან 5-ში "ვესტ ბრომვიჩმა" 5-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ტიმ შერვუდმა უკანასკნელი 8 მატჩიდან, რომელიც პრემიერლიგაში ჩაატარა, 6 წააგო. მან ერთხელ იმარჯვა და ერთი ფრე ითამაშა.

ახლა სტივ მაკლარენს უკვე 10 პრემიერლიგის მატჩია არ მოუგია (6 "ნიუკასლთან" და 4 "მიდლსბროსთან" ერთად), ეს მისი ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერიაა ინგლისის ჩემპიონატში.

თავის პრემიერლიგურ ისტორიაში "უოტფორდმა" მხოლოდ მეოთხედ იმარჯვა სტუმრად.

"სანდერლენდი" 9 შეხვედრაა მოუგებელია და ამ სეზონში მხოლოდ პირველ ტაიმში უკვე 10 გოლი აქვს გაშვებული. "შავ კატებს" მე-40 წუთისთვის "ბორნმუთის" კარში მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ დარტყმული. იუნეს ქაბული კი კარიერაში მეექვსედ გააძევეს პრემიერლიგის შეხვედრაში. წითელ-ყვითელი ბარათების კუთხით "სანდელენდის" დისციპლინარული პრობლემები გრძელდება.

"მანჩესტერ იუნაიტედს" მეტოქის კარში ბოლო ზუსტი 6 დარტყმიდან გოლები აქვს გატანილი. ლუი ვან გაალი და რონალდ კუმანი ჩემპიონატი მწვრთნელების რანგში ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ და ხუთივე შემთხვევაში სტუმარმა გუნდმა მოიგო.
ხუან მატამ ამ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლში მიიღო მონაწილეობა.

გრაციანო პელეს ინგლისის ჩემპიონატში 16 გოლი უგროვდება და აქედან 14 მას "სენტ მერიზე" აქვს გატანილი.

მერვეჯერ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც "იუნაიტედი" "საუთჰემპტონთან" აგებდა და მატჩის მობრუნება შეძლო. ამდენჯერ თავისი საყვარელი "ქამბექი" მანჩესტერელებს არც ერთი გუნდის წინააღმდეგ არ გაუკეთებიათ.

ჰონ მინ სონის გოლის მერე, კორეელი გახდა 39-ე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც "ტოტენჰემის" მაისურით გოლი აქვს გატანილი.

"კრისტალ პალასის" მონაწილეობით შეხვედრებში ამ სეზონში 15 გოლი გავიდა და აქედან 12 მატჩების მეორე ტაიმებში.

ჰარი კეინი კვლავ ვერ ახერხებს გატანას - უკანასკნელ 14 შეხვედრაში, ოდენ 2 ბურთი.

"ტოტენჰემს" ბოლო 8 ჩემპიონატის მატჩიდან ოდენ ერთი აქვს წაგებული.

22 მარტის მერე, დანიელ სტარიჯმა პირველად ითამაშა "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში.

შოტლანდიელმა მცველმა რასელ მარტინმა ისევ გაიტანა. მან პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში სამი გოლი შეაგდო ანუ იმდენივე, რამდენიც წინა 86 თამაშში.

მარტინს მცველებს შორის ამ წუთას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 2-2 ბურთით გამოირჩევიან "სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი და "კრისტალ პალასის" ჯოელ უორდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული