ლონდონის "არსენალი": კასორლას ბენეფისი, ჩეხის დებიუტი

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" უკვე ორი "გასახურებელი მატჩის" ჩატარება მოასწრო. სინგაპურის ვარსკვლავებთან შეხვედრის გმირად ჩუბა აკპომი იქცა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. 19 წლის ფორვარდმა არსენ ვენგერისგან საქებარი სიტყვების კორიანტელი დაიმსახურა.

იგი წინა სეზონში "ნოტინგემ ფორესტში" იყო განათხოვრებული, მაგრამ თავის გამოჩენაში ტრავმამაც შეუშალა ხელი, ახლა კი მშვენივრად გამოიყურება. ის თამაში ფრანგი მწვრთნელის გუნდმა 4:0 მოიგო და მეოთხე ბურთი ჯეკ უილშირის ანგარიშზეა, მან პენალტით შეაგდო. აკპომმა 3 გოლიდანაც ერთი თერთმეტმეტრიანით გაიტანა.

პრემიერლიგის აზიის თასის ეგიდით, "მეთოფეებმა" მეორე შეხვედრა კარგად ნაცნობ "ევერტონთან" ჩაატარეს და იქ ვენგერმა
უკვე სერიოზული შემადგენლობით ითამაშა. მატჩი სანტი კასორლას ბენეფისად იქცა. ესპანელმა ორი საგოლე პასი გააკეთა და ერთი თავად შეაგდო. თითო ბურთი თეო უოლკოტმა და მესუთ იოზილმა გაიტანეს.

თამაში 3:1 დასრულდა და ლივერპულელთა მხრიდან ერთადერთი გოლი გარეთ ბერის პასით როს ბარკლიმ გაიტანა. აკპომი მინდორზე ამჯერად 77-ე წუთზე გამოჩნდა. რაც მთავარია, სწორედ "კანფეტებთან" შედგა პეტრ ჩეხის დებიუტი, 33 წლის ვეტერანმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული