სერბთა ალექსანდრე დიდი - ალექსანდრ მიტროვიჩი "ნიუკასლში" ითამაშებს

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედს" თავდამსხმელით გაძლიერება სურდა და "კაჭკაჭებმა" მშვენიერი არჩევანი გააკეთეს - ბრიუსელის "ანდერლეხტიდან" ალექსანდრ მიტროვიჩი შეიძინეს.

20 წლის ფორვარდმა "ჯორდებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს სიამოვნება "ნიუკასლს" 13 მილიონი გირვანქა დაუჯდა.

ორი წლის წინათ, "ანდერლეხტმა" მიტროვიჩი ბელგრადის "პარტიზანიდან" 4,3 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ იყიდა. ბრიუსელელებს მეტის გამომუშავება კი სურდათ, მაგრამ "კაჭკაჭები" 13 მილიონს არ ასცდნენ და თავად ამბიციურმა სერბმაც წასვლა მოისურვა.

"ეს არის კლუბი ძალიან დიდი ისტორიით, რომელსაც შესანიშნავი ფანები ჰყავს. რა თქმა უნდა, ზეწოლა იქნება, მაგრამ ამ წნეხის გასაძლებად მზად ვარ.

გუნდისგან დიდი მოლოდინია. ასევე ვიცი იმ ლეგენდარული ფეხბურთელების შესახებ, რომლებსაც "ნიუკასლში" უთამაშიათ, მაგალითად, ალან შირერი, რომელიც ჩემი კუმირია. მინდა კლუბისთვის შირერისნაირად ვითამაშო, ეს ჩემთვის პატივი იქნება" - აღნიშნა მიტროვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრების გოლეადორმა "ანდერლეხტში" გატარებული ორი წლის განმავლობაში ჩემპიონატში 36 გოლი გაიტანა, აქედან 20 წინა სეზონში და ჟუპილერლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

"ჯორდებს" ბელგიური კლუბიდან "სენტ ჯეიმს პარკზე" კიდევ ერთი მოთამაშის წაყვანა უნდათ, 20 წლის მცველ შანსელ მბემბასის, რომელიც 7,5 მილიონი გირვანქის ფარგლებში უნდა დაჯდეს.

მიტროვიჩი კი, სტივ მაკლარენის პოსტზე მისვლის მერე, მეორე შენაძენია ჯორჯინიო ვეინალდუმის შემდეგ. სერბიც და ჰოლანდიელიც ახალგაზრდები და ძალიან ნიჭიერები არიან. ასე რომ, "ნიუკასლის" ფანები კმაყოფილები უნდა იყვნენ.

"ჩვენ დიდი ბრძოლა გადავიტანეთ იმისთვის, რომ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი ხელში ჩაგვეგდო. ალექსანდრ მიტროვიჩი ის ფეხბურთელია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია გუნდთან ერთად გაიზარდოს, უფრო და უფრო მოუმატოს და დაგვეხმაროს იქ მოხვედრაში, სადაც ყოფნა გვინდა" - თქვა მაკლარენმა.

გადატანილ ბრძოლებში "კაჭკაჭების" თავკაცმა ის იგულისხმა, რომ მიტროვიჩს მართლაც ბევრი მსურველი ჰყავდა, როგორც ამბობენ, ლონდონის "ჩელსის" თამადობით, მაგრამ "ნიუკასლმა" როგორც პირადად ფეხურთელისთვის, ასევე "ანდერლეხტისთვის" ყველაზე მისაღები შეთავაზება გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული