ბრანისლავ ივანოვიჩს ქპრ-სთან მატჩის დროს სანთებელა მოხვდა

AutoSharing Option
"ქუინზ პარკ რეინჯერსს" სასჯელი არ ასცდება. საქმე იმაშია, რომ გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდის ფანები ლიდერ "ჩელსისთან" შეხვედრისას ძალიან ცუდად იქცეოდნენ. პუბლიკის უკმაყოფილებამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ლონდონელებმა 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი კარში პირველი და ერთადერთი ზუსტი დარტყმით გაიტანეს.

არადა, ქპრ ცუდად არ თამაშობდა. გულშემატკივრების გულდაწყვეტა გასაგებია, მაგრამ მათი გამართლება არ შეიძლება. მინდორზე სხვადასხვა ნივთი ცვიოდა - მონეტები, ბოთლები, სანთებელები, ჟურნალები...

მსუბუქად დაზარალდნენ "ჩელსის" სერბი ლეგიონერები - ბრანისლავ ივანოვიჩი და ნემანია მატიჩი.

ივანოვიჩს სანთებელა მოხვდა, რომელიც მან მთავარ მსაჯს, ანდრე მარინერს გადასცა.
პლუს, ოსკარს ქუინზპარკელთა ერთ-ერთ ქომაგთან მცირე შელაპარაკება მოუვიდა, მაგრამ ეს უსიამოვნო ინციდენტი ზედმეტში აღარ გადასულა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაც მარინერის ოქმს და მოხსენებას ელოდება და მის მიხედვით გამოიტანს განაჩენს.

"ჩვენ არ გვინდა, რომ მინდორზე ნივთებს ისროდნენ. არ ვიცი, რა მოხდა, მე არაფერი დამინახავს, მაგრამ თუ ეს მართლა მოხდა, ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ადამიანები ისევ კლუბის წევრები იყვნენ და სტადიონზე დაბრუნდნენ. ემოციების გამოხატვა სხვაგვარადაც შეიძლება, ხანდახან ეს ყველაფერი ზედმეტში გადადის" - თქვა ქპრ-ს მწვრთნელმა კრის რემზიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული