"მყვინთავი" უეინ რუნი - ეპიზოდი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს კრიტიკა დაატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* "პრესტონთან" სათასო მატჩში (3:1) "მანჩესტერ იუნაიტედს" პენალტი რუნიმ მოუპოვა.
პრესას სკანდალები ან მათი შექმნა უყვარს და აი, უკვე 3-4 დღეა, უეინ რუნის პენალტი ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემაა ინგლისში.

მოსაზრებები ორად იყოფა, მაგრამ როგორც ჩანს, პასუხი თავად "შრეკმა" გაგვცა; ყოველ შემთხვევაში, თუ "პრესტონის" მეკარეს, ტორსტენ შტუკმანს ვენდობით, მაგრამ იქამდე სხვებსაც მოვუსმინოთ.

"კონტაქტი არ ყოფილა, უეინმა სცადა, ფეხი ცოტათი დაეტოვებინა, დააკვირდით... ეს სიმულაციაა, მე ასე ვფიქრობ და ასე ვხედავ" - თქვა კევინ კილბეინმა.

მარკ ბრაიტი: "ძალიან მაინტერესებს, ამ "ჩაყვინთვის" შემდეგ რას
იტყვის თავად რუნი, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი".

"ის არჩევანის წინაშე იყო - დარჩენილიყო ფეხზე ან თავი აერიდებინა შეჯახებისთვის. მან კი გადაწყვიტა, სიმულაციისთვის მიემართა და არბიტრი ანკესზე წამოაგო", - ცოტა ირონიულად აღნიშნა მეტ ლე ტისიემ.

"რუნიმ "ჩაყვინთა", მაგრამ ასეთ სიტუაციაში ეს სწორიც იყო", - ამბობს ტრევორ სინკლერი.

სტენ კოლიმორი: "სუფთა სიმულაცია, არანაირი კონტაქტი. ცუდი სანახავი იყო".

"მოდი, პატიოსნად ვაღიაროთ, რომ უეინმა სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან უცბად მიიღო გადაწყვეტილება და შეასრულა. ასეთი რაღაცები ყოველკვირეულად ხდება", - გვითხრა კიტ გილესპიმ.

როგორც ხედავთ, აზრები სხვადასხვაგვარია. ცოტა ბუნდოვანია თავად წესებიც. ერთი მხრივ, კონტაქტი მართლაც არ იყო; მეორე მხრივ, გოლკიპერი რუნიზე ხისტად წავიდა და "შრეკს" გადახტომა რომ არ გადაეწყვიტა, შეიძლებოდა, ტრავმა მიეღო. ასეთ ეპიზოდებს ხშირად "მსაჯის გადასაწყვეტს" ვეძახით ხოლმე.

არიან რუნის დამცველებიც, მაგალითად, ფილ ნევილი, რომელმაც აღნიშნა: "რადგან შეჯახება არ შედგა, არ ნიშნავს, რომ უხეში თამაში არ იყო მეკარისგან. რუნი რომ არ გადამხტარიყო, შეიძლებოდა ფეხი მოეტეხა, მერე კი წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაეცა. ესეც პენალტია".

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა კი აღნიშნა, ვიდეოგამეორების გარდა, ვერავინ იტყოდა, რომ იქ კონტაქტი არ იყო და პენალტი არ იყო, მეტოქე მასზე ორივე ფეხით წავიდა და უეინი ტრავმას გადაურჩა, იძულებული იყო ასე ემოქმედაო.

"მე არ ვამტკიცებ რომ პენალტი არ იყო, მე ვამბობ, რომ შეხებას არ ჰქონდა ადგილი", - თქვა "პრესტონის" მწვრთნელმა საიმონ გრეისონმა.

ეს ინციდენტი 88-ე წუთზე მოხდა, როდესაც "მანჩესტერი" უკვე 1:2-ს იგებდა და ალბათ, მოიგებდა კიდეც, მაგრამ ამხელა აურზაური იმიტომ ატყდა, რომ ეს უეინ რუნია, ფეხბურთელი, რომელიც სიხისტით, კი ბატონო, მაგრამ სიმულაციით არ არის ცნობილი და მას დიდი უგოლო სერია ჰქონდა, "ბოქსინგ დეის" მერე არ გაეტანა, ეს 9-მატჩიანი მშრალი სერია კი საეჭვო თერთმეტმეტრიანით შეწყვიტა.

"პრესტონის" მეკარე ტორსტენ შტუკმანი: "შემდგომ რუნიმ მითხრა: "ბოდიში, ეს პენალტის მოპოვების ჩემი შანსი იყო და უნდა გამომეყენებინა".

ლაპარაკიც არ უნდა იმას, რომ პენალტი არ იყო. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ანალოგიური რამ საპირისპირო კართან რომ მომხდარიყო და ჩვენი შემტევის წინააღმდეგ "იუნაიტედის" მეკარეს ემოქმედა ასე, მსაჯი თერთმეტმეტრიანს არ დანიშნავდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული