ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტურის წინ: "არსენალი" "იუნაიტედს" ზემოდან უყურებს

AutoSharing Option
იუნაიტედი დასაცინი არ არის
XI ტურის ხვალინდელი ცენტრალური მატჩის წინ "არსენალის" გულშემატკივრები "იუნაიტედს" დასცინიან, რადგან მოქმედი ჩემპიონი ცხრილში მე-8 ადგილზეა და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება.

"მეთოფეები" უსწრებენ ყველა მდევარს და არამარტო მას. ჩრდილოლონდონელებს შეუძლიათ შედარებით მშვიდად შეხვდნენ ამ თამაშს, რადგან პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება.

"იუნაიტედს" ჩემპიონატში უკვე 8 თამაშია არ წაუგია, აქედან დევიდ მოიესის გუნდმა 5-ჯერ იმარჯვა. "ეშმაკებს" ცუდად საქმე არც ჩემპიონთა ლიგაში აქვთ. ასე რომ, გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია. მასპინძლის სასარგებლოდ რამდენიმე გარემოება ლაპარაკობს.

დავიწყოთ სტატისტიკით: "ოლდ ტრეფორდზე" სტუმარს
ნაკლები შანსი უნდა ჰქონდეს, რადგან უკანასკნელი 7 სტუმრობიდან 6-ჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრედ ითამაშა; ამას გარდა, ტრავმათა ეპიდემიის წყალობით არსენ ვენგერს დიდი არჩევანი შემადგენლობის მხრივ არ აქვს და შესაძლოა, ფრანგს "დორტმუნდთან" ნაომარი ხალხის დაყენება მოუხდეს.

ერთადერთი პლუსი თეო უოლკოტის დაბრუნებაა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თეო ოპტიმალურ ფორმაში არ არის, თუმცა მას შეცვლაზე შესულსაც შეუძლია თამაშის გამწვავება. "იუნაიტედს" ამ მხრივ პრობლემა არ აქვს. მას დროც მეტი ჰქონდა დასასვენებლად და თანაც "სოსიედადთან" ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა.

"არსენალის" სათამაშო ფორმისა და "იუნაიტედის" მოტივაციის გათვალისწინებით, შეხვედრაში ფავორიტზე ლაპარაკი გვიჭირს, თუმცა ტოტალიზატორები უპირატესობას მაინც მასპინძელს ანიჭებენ.

იოლი მსხვერპლი?
"ლივერპულმა" წინა ტურში უსახელოდ წააგო "არსენალთან" ლონდონური შეხვედრა იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელებს ბევრად უფრო დაძაბული სათამაშო გრაფიკი აქვთ და მომენტებში ქვეცნობიერად უწევთ იმაზე ფიქრი, რომ ძალები უნდა დაზოგონ. მას შემდეგ მერსისაიდელთა რიგებში ბევრი რამ შეიცვალა.

ტრავმა მოიშუშა გლენ ჯონსონმა, ვარჯიშს შეუდგა ხოსე ენრიკე, კოუტინიო კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მზად არის ძირითადში სათამაშოდ. სწორედ ბრაზილიელის სრულფასოვან დაბრუნებას უკავშირდება "ლივერპულის" მთავარი იმედები ნახევარდაცვაში. "ფულჰემს" ზედიზედ ორი თამაში თამაში აქვს წაგებული და დიდი ალბათობაა, სერია სამამდე გაზარდოს.

ბრენდან როჯერსს სწორედ ასეთი მეტოქე სჭირდება მომდევნო ტურში ლივერპულური დერბის წინ განწყობილების ასამაღლებლად. "საუთჰემპტონთან" მომხდარ "გაუგებრობას" თუ არ ჩავთლით, "ენფილდზე" მასპინძელი შესანიშნავად გამოიყურება, მას 5-დან 4 მოგება აქვს.

მოურინიოს მეასე
შუა კვირაში პრემიერლიგის სამმა გუნდმა იმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში და აქედან ორმა იოლად. ორიდან ერთ-ერთი კი "ჩელსი" იყო. "ლივერპულისა" არ იყოს, "ჩელსისაც" გარკვეულწილად რეაბილიტაცია მართებს წინა ტურში მარცხის გამო.

მასპინძელი უპირობო ფავორიტია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. უმთავრესი ის არის, რომ "ჩელსის" პრემიერლიგის საშინაო შეხვედრებში ჯერ ქულა არ დაუკარგავს.

9 ნოემბერს გასამართი შეხვედრა ჟოზე მოურინიოსთვის განსაკუთრებულია, რადგან მისთვის ეს მე-100 მატჩი იქნება "სტემფორდ ბრიჯზე" მთავარი მწვრთნელის რანგში. 99-დან მას 75 მოგება, 22 ფრე და 2 მარცხი აქვს. შიდა ასპარეზზე აქამდე მისი დამარცხება ვერავინ მოახერხა. ის ორი წაგებაც ჩემპიონთა ლიგაში იყო - "ბარსელონასთან" 2005-ში და "ბაზელთან" რამდენიმე კვირის წინ.

მთავარი მწვრთნელის რანგში "სტემფორდ ბრიჯს" სტივ კლარკი მეორედ ეწვევა, თუმცა ჟოზესთან დაპირისპირება პირველად მოუწევს. შეგახსენებთ, რომ სტუმართა თავკაცი 2004/07 წლებში პორტუგალიელის ასისტენტი იყო.

ევროთასების პრეტენდენტები
ხვალ "იუნაიტედი"-"არსენალის" გარდა კიდევ ერთი საინტერესო თამაშია. "უაით ჰართ ლეინს" "ნიუკასლი" სტუმრობს.

"კაჭკაჭებს" ზედიზედ მესამე გრანდთან უწევს დაპირისპირება. ალან პარდიუს გუნდმა ლიგის თასზე "სიტისთან" უშანსოდ წააგო სახლში, მერე კი "ჩელსის" შეხვდა და ერთი შეხედვით იოლად დაამარცხა. მესამე გამოცდა ზუსტ პასუხს გაგვცემს, რამდენად მზად არის "ნიუკასლი" ევროთასებისთვის საბრძოლველად.

"ტოტენჰემი" უბრალოდ ევროტურნირებისთვის კი არა, ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ ემზადება. ძირითადში იქნება უგო ლორისი, ვინც წინა ტურში უმძიმეს ტრავმა გადაურჩა.

გეხსომებათ, რომ 2006 წლის ოქტომბერში ანალოგიური შეჯახების შემდეგ ჩელსელ პეტრ ჩეხს 3-თვიანი მკურნალობა დასჭირდა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტური
9 ნოემბერი
ასტონ ვილა-კარდიფი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენეტი, ოკორე, ვაიმანი, აგბონლაჰორი, ლუნა, დელფი, გარდნერი, ნზოგბია - კორნელიუსი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +15=3-13 (42-36)

ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტორესი, ვან გინკელი, კალაში, ბერტრანი - ფოსტერი, სინკლერი, გერა, ჯონსი, ანელკა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 98 თამაში: +43=23-32 (166-145)

პალასი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკარტი, მარი, უილიამსი, ჰანტი, გედიურა - ჰიბერტი, გიბსონი, ჰეიტინგა, კონე, ველიოსი, ალკარასი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +8=7-11 (26-42)

ლივერპული-ფულჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: - რიტერი
ტრავმა: ენრიკე, ასპასი, კოატესი - ბრიგსი, როდალიეგა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +22=11-9 (72-37)

საუთჰემპტონი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოსვალდო, დო პრადო - მაკგრეგორი, ბრუსი, ჩესტერი, ალუკო
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4=3-1 (14-10)

ნორვიჩი-ვესტ ჰემი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვან ვოლფსვინკელი, ბენეტი, რედმონდი, ტეტი - რიდი, მაკარტნი, კეროლი, ვას ტე, ტეილორი, დიარა, პეტრიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +12=11-11 (38-40)

10 ნოემბერი.
მანჩესტერი. "ოლდ ტრეფორდი". 20:10
იუნაიტედი-არსენალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფაელი, ევანსი, უელბეკი, ფლეტჩერი - უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯენკინსონი, პოდოლსკი, ფრიმპონგი, მიაიჩი, აკპომი, აისფელდი, გნაბრი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 175 თამაში: +75=40-60 (268-232)
იუნაიტედი: დე ხეა, ჯონსი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ფელაინი, კერიკი, ვალენსია, იანუზაი, რუნი, ვან პერსი
არსენალი: შჩესნი, სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი, არტეტა, რემსი, როსიცკი, იოზილი, კასორლა, ჟირუ

ტოტენჰემი-ნიუკასლი 16:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როუზი, ადებაიორი, შადლი - კოლოჩინი, რ. ტეილორი, ხონასი, აიდარა, ს. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 126 თამაში: +55=27-44 (215-187)

სანდერლენდი-სიტი 18:05
დისკვალიფიკაცია: კატერმოული, დოსენა -
ტრავმა: ვესტვუდი - კომპანი, ხ. გარსია, დ. სილვა, ფერნანდინიო, იოვეტიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 117 თამაში: +42=19-56 (170-207)

სუონსი-სტოკი 20:10
დისკვალიფიკაცია: - ვორმი
ტრავმა: მიჩუ, ერნანდესი, მონკი - უილკინსონი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +6=1-3 (16-13)

ბომბარდირები: 8 - დანიელ სტარიჯი (ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 6 - ლუის სუარესი (ლივერპული) ლოიკ რემი (ნიუკასლი), აარონ რემსი (არსენალი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული