რომელუ ლუკაკუ და ჟოზე მოურინიოს კიდევ 9 შეცდომა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "ჩელსის" "ევერტონის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს შესაძენად ბრძოლა აქვთ გაჩაღებული და კლუბები მზად არიან, ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული თანხაც კი გადაიხადონ.

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, ლუკაკუს "ჩელსისთან" კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებული აქვს, მაგრამ "იუნაიტედს" ხელში კოზირი უჭირავს - "წითელი ეშმაკები" მზად არიან, ტრანსფერში უეინ რუნი ჩართონ და 31 წლის თავდამსხმელი "ევერტონში" უფასოდ დააბრუნონ.

როგორც ჩანს, ლუკაკუს "ევერტონიდან" წასვლა გარდაუვალია და ის კარიერას ან ყოფილ კლუბში ("ჩელსი"), ან ყოფილ მწვრთნელთან (ჟოზე მოურინიო) განაგრძობს.

სწორედ პორტუგალიელი იყო ის სპეციალისტი, რომელმაც ლუკაკუს
"ჩელსიდან" გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ბრიტანული Sky Sports-ი ამ და კიდევ 9 ფაქტს იხსენებს, როდესაც მოურინიოს მიერ დაწუნებულმა ფეხბურთელმა სხვა გუნდში გაიბრწყინა.

რომელუ ლუკაკუ

2012-14 წლებში, "ვესტ ბრომვიჩსა" და "ევერტონში" განათხოვრებულმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 32 გოლი გაიტანა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გულის მოსაგებად ეს საკმარისი არ გამოდგა და 21 წლის ბელგიელი "ევერტონს" მიჰყიდეს. ტრანსფერის ფასმა 30 მილიონი ფუნტი შეადგინა, ახლა კი ლუკაკუ გაცილებით ძვირი ღირს.

 

კევინ დე ბრუინი

ერთი წლით ადრე მოურინიოს ნდობის მოპოვება კევინ დე ბრუინმა ვერ მოახერხა, რომელიც "ჩელსიდან" "ვოლფსბურგში" 18 მილიონ ფუნტად გადავიდა, "მანჩესტერ სიტის" კი მისი პრემიერლიგაში დაბრუნება 55 მილიონი დაუჯდა. გასულ სეზონში ის, 18 საგოლე გადაცემით, ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი გახდა.

 

ლეონარდო ბონუჩი

ძნელია, "ინტერის" გულშემატკივრებს ჟოზე მოურინიოზე აუგი დასცდეთ, რადგან პორტუგალიელმა 2010 წელს მილანურ გუნდს სამივე ტიტული მოაგებინა. მანამდე კი, მან გუნდიდან ლეონარდო ბონუჩის გაშვება მოასწრო. "იუვენტუსს" 22 წლის მცველი მხოლოდ 3.5 მილიონი ევრო დაუჯდა. ფეხბურთელი "ბებერი სინიორას" დაცვის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მასთან ერთად 12 ტიტული მოიგო. გასულ სეზონში კი "იუვენტუსმა" "მანჩესტერ სიტის" ბონუჩის 43 მილიონ ფუნტად მიყიდვაზე უარი უთხრა.

 

რაიან ბერტრანდი

2012 წელს, "ჩელსისა" და "ბაიერნს" შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ახალგაზრდა ბერტრანდი ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. ამის მიუხედავად, მის ლონდონურ კარიერას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. მარცხენა მცველი, ძირითადად, განათხოვრებული იყო, 2014 წელს კი მოურინიომ მის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა. ბერტრანდმა "საუთჰემპტონში" თავი კარგად წარმოაჩინა და ახლა მას "მანჩესტერ სიტი" იწვევს.

 

ხუან მატა

2012-13 წლების სეზონში "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ესპანელი მოურინიომ აითვალწუნა, რის შედეგადაც, მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. მოგვიანებით, როდესაც "წითელ ეშმაკებს" მოურინიოც შეუერთდა, მატა პორტუგალიელის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

 

დავიდ ლუისი

2014 წელს ჟოზე მოურინიომ ლუისის "პარი სენ ჟერმენში" 50 მილიონ ფუნტად გაშვებაზე თანხმობა განაცხადა. პარიზულ კლუბში 2 სეზონის წარმატებით ჩატარების შემდეგ ლუისი ლონდონურ კლუბს 16 მილიონით იაფად დაუბრუნდა და კონტეს საჩემპიონო გუნდის უცვლელ წევრადაც იქცა.

 

მოჰამედ სალაჰი

"ჩელსიში" მოურინიოს მეორედ მუშაობის დროს სალაჰი ჯერ "ფიორენტინაში", შემდეგ კი "რომაში" გაანათხოვრეს, რასაც მისი "ჯალოროსისთვის" 4.5 მილიონ ფუნტად მიყიდვა მოჰყვა. ცოტა ხნის წინ კი ეგვიპტელი შემტევი "ლივერპულმა" 37 მილიონად შეიძინა.

 

ორიოლ რომეუ

"ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ მოურინიომ რომეუ ჯერ "ვალენსიაში", შემდეგ კი "შტუტგარტში" გაანათხოვრა. 2015 წელს, 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი "საუთჰემპტონში" გადავიდა, თავი გამოიჩინა და არაერთი გუნდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, მშობლიური "ბარსელონასიც".

 

ეზეკიელ გარაი

"რეალში" მუშაობის დროს მოურინიომ 24 წლის არგენტინელი მცველი "ბენფიკას" 5 მილიონად მიჰყიდა, "ვალენსიას" კი მისი ლა ლიგაში დაბრუნება 18 მილიონი დაუჯდა. ამჟამად, გარაის სახელს "ჩელსის" უკავშირებენ.

 

ფილიპე ლუისი

ფილიპე ლუისის შეძენა მოურინიომ 2014 წელს გადაწყვიტა, მაგრამ ბრაზილიელ მარცხენა მცველს საკმარისი სათამაშო დრო არ მისცა და ერთი წლის შემდეგ ლონდონელებმა ფეხბურთელი "ატლეტიკოში" დააბრუნეს. ლუისმა მადრიდულ კლუბში კვლავ გაიბრწყინა და "როხიბლანკოს" ლა ლიგაში საუკეთესო დაცვითი შედეგის ზედიზედ 2-ჯერ დაფიქსირებაში დაეხმარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული