დორტმუნდი-ბაიერნი 0:2 - კარლო ანჩელოტიმ სუპერთასით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კარლო ანჩელოტიმ მიუნხენური კარიერა გამარჯვებით დაიწყო და არა მარტო გამარჯვებით, არამედ - თვით ტროფეით. დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე" "ბაიერნმა" იქაურ ბინადარს 2:0 მოუგო და რევანში აიღო 2013 და 2014 წლებში განცდილი დამარცხებებისთვის.

ეს "ბაიერნის" მეხუთე სუპერთასია 1987, 1990, 2010 და 2012 წლების შემდეგ.

..."დორტმუნდი" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და არაერთი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მანუელ ნოიერს ძვრა ვერ უყვეს - მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო კიპერმა მთელ რიგ ეპიზოდებში გადაარჩინა "ბაიერნი" აშკარა გოლებს. დორტმუნდელთაგან მომენტები ჰქონდათ კაგავას, ობამეიანგს... მოგვიანებით - პასლაკს და დემბელეს.

პირველ ტაიმში წაკინკლავებაც ვნახეთ, რის გამოც არბიტრმა იგივე პასლაკი და რიბერი გააფრთხილა. მერე ანალოგიურ ზომას მიმართა ჩაბი ალონსოს მიმართაც, რომელსაც საპროტესტო გამოხდომა არ აპატია.

ამდენი მომენტის განიავების გამო 58-ე წუთზე "დორტმუნდი" დაისაჯა - ლევანდოვსკის დაბალი გადაცემის შემდეგ მეკარემ ვიდალის პირველი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ვიდალისავე დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა.

მეორე გოლში კი ექსდორტმუნდელი ჰუმელსის ხელი ერია - მისი თავური პასით მიულერმა ახლო მანძილიდან მეორედაც დაამწუხრა მეტოქე და საბოლოო წერტილი დასვა.

გერმანიის სუპერთასი
დორტმუნდი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ვიდალი (58), 0:2 მიულერი (79)
დორტმუნდი (4-2-3-1): ბურკი - პასლაკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, შმელცერი - როდე, კასტრო - დემბელე (68. შიურლე), კაგავა, რამოსი (69. ვაიგლი) - ობამეიანგი (78. მორი).
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ჰუმელსი, მარტინესი, ალაბა - ვიდალი (71. კიმიხი), ჩაბი ალონსო, ალკანტარა - მიულერი (86. რაფინია), რიბერი (65. კომანი), ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: პასლაკი (29), დემბელე (39), როდე (61) - მარტინესი (10), რიბერი (29), ჩაბი ალონსო (29)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20-9 (5-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 81 360 (დორტმუნდი).

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული