მარკ ვილმოტსი გელზენკირხენის "შალკეს" უახლოვდება

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა დაადასტურა ინფორმაცია "შალკესთან" მოლაპარაკებების შესახებ.

"დიახ, "შალკეს" წარმომადგენლები გამოვიდნენ ჩემთან კონტაქტზე. მათ ვუპასუხე, რომ ახლა ჩემი გონება დაკავებულია მხოლოდ ორი უახლოესი სანაკრებო მატჩით. ამის შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

როცა ნაკრებთან პირველ კონტრაქტს ვაფორმებდი, პირობა დავდე, რომ მას ბოლომდე გამოვიმუშავებდი. ხოლო ხელშეკრულების გაგრძელებისას ასეთი პირობა არ მიმიცია. მე ყოველთვის სამართლიანი ვარ.

შესაძლოა, უელსთან მატჩის შემდეგ ნაკრები დავტოვო. არც ის არის გამორიცხული, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატამდე ვიმუშაო. ყველაფერი უელსთან მატჩის შემდეგ გადაწყდება", - განაცხადა ვილმოტსმა.

უელსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება.

* * *
ამასობაში, "შალკეში" გრძელდება საკადრო რევოლუცია. ცნობილი გახდა, რომ კევინ-პრინს ბოატენგისა და სიდნი სემის შემდეგ გუნდს ტოვებენ ტრანკილო ბარნეტა და კრისტიან ფუხსი.

"ველაპარაკეთ ორივე ფეხბურთელს და იმ აზრამდე მივედით, რომ ამით ჩვენი გზები იყოფა, - განაცხადა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე სპორტულმა დირექტორმა ჰორტს ჰელდტმა. - ტრანკილო და კრისტიანი კარიერაში ახალი გამოწვევის ძიებაში არიან. გვინდა მათ ყოველივე საუკეთესო ვუსურვოთ".

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელი ბარნეტა "შალკეში" 2012-13 წლების სეზონში "ლევერკუზენიდან" გადავიდა, ავსტრიის ნაკრების კაპიტანმა ფუხსმა კი "შალკეს" შემადგენლობა ერთი სეზონით ადრე შეავსო. მანამდე ის "მაინცის" ღირსებას იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული