საული: აქ სალაპარაკო არაფერია - "ატლეტიკო" ჩემი ცხოვრებაა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულ ნიგესმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიბრწყინა. მას 4 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და წინ კიდევ ჩემპიონატის ფინალია გერმანიის წინააღმდეგ. ასეთმა თამაშმა კიდევ ერთხელ გააძლიერა ხმები, რომელთა თანახმადაც, "ატლეტიკოს" მისი შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან მასზე გრანდები ნადირობენ.

საული ძალზე მშრომელი ნახევარმცველია მოედანზე. ის დიდებულად ეხმარება დაცვას და შეტევაშიც ეფექტურია, რაც იტალიელთა კარში ჰეთ თრიკით კიდევ ერთხელ დაადასტურა. კიდევ ერთი ძალზე სასარგებლო თვისება, რომელიც საულს აქვს, ის არის, რომ ნიგესი გადამწყვეტ შეხვედრებს საუკეთესოდ ატარებს, ეს კი კლასის უტყუარი ნიშანია.

ევროპის რამდენიმე გრანდის მოწადინების მიუხედავად, 22 წლის საული "ატლეტიკოს" ერთგულია. მან ეს "მარკასთან" რადიოინტერვიუში კიდევ ერთხელ დაადასტურა:

"ვფიქრობ, ცხადზე უცხადესია - "ატლეტიკოდან" წასვლას არ ვაპირებ. მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს იქ და ბედნიერი ვარ. ესეც რომ არ იყოს, "ატლეტიკოსი" ჯერ კიდევ ბევრი მმართებს. ფეხბურთელად სწორედ იქ ვიქეცი".

საულმა დღევანდელ ფინალზეც ილაპარაკა: "ფინალები ძალზე მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ ცხოვრება შეცვალონ მონაწილე ფეხბურთელების. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ჩემთვის "ატლეტიკოს" მაისურით ნებისმიერი თამაში ანალოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საულმა. როგორც ხედავთ, ნიგესი იმდენად გარკვევით ლაპარაკობს, რომ ყოველგვარ ხმას ბოლო უნდა მოეღოს - ის მადრიდში რჩება.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ "ატლეტიკო" ახლა უკვე სხვა გუნდია, ის მუდამ გრანდების კომპანიაშია. ის დრო წავიდა, როცა "ატლეტიკოს" მთავარი ვარსკვლავები სხვაგან მიდიოდნენ - ფერნანდო ტორესი, სერხიო აგუერო, რადამელ ფალკაო... სია საკმაოდ დიდია. "ატლეტიკოს" ახალი მიმართულება მთავარი ვარსკვლავების შენარჩუნებაა.

ამიტომაც ფეხბურთელებს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად საკმაოდ დიდი ციფრები უწერიათ - კოკეს - 150 მილიონი ევრო, გრიზმანს, ობლაკსა და ფერეირა-კარასკოს - 100-100 მილიონი. "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა, დიეგო სიმეონეს ინიციატივით, სულ მალე "ასიანთა კლუბში" საულსაც შეიყვანს, რომელსაც ახალ, მრავალწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული