საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩების წინათქმა: ფავორიტების გარეშე

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

ეგრეთ წოდებული საგაზაფხულო მარათონი გრძელდება: აპრილში უმაღლეს ლიგაში ოთხი ტური ხომ ჩატარდა, თვის ბოლომდე კიდევ ორი ტურია, ხოლო სამ გუნდს დღეს სათასო პაექრობაც ელოდება, თანაც - თასის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ ეტაპზე, სადაც ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევა, როცა ფინალისტის ვინაობა პირველი ნახევარფინალის შემდეგ ირკვევა.

იმედი დავიტოვოთ, რომ ორივე ნახევარფინალური მატჩი, ისევე, როგორც საპასუხო შეხვედრები, საინტერესოდ და, რაც მთავარია, ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ჩატარდება.

ანუ გვინდა, ვისურვოთ, რომ ფინალში ის გუნდები გავლენ, რომლებიც ამას თამაშით დაიმსახურებენ და არა - "გარკვეული
მოსაზრებების" გამო...

ბევრი საეჭვო რამ...
...არადა, საქართველოს თასის 26-წლიან ისტორიაში, რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა სწორედ ნახევარფინალურ სტადიაზე "ირკვეოდა"... თასის მფლობელის ვინაობა.

აღარაფერს ვამბობთ იმ შემთხვევებზე, როცა სწორედ ნახევარფინალში ხდებოდა "პრიორიტეტების არჩევა", რასაც სხვაგვარად "გატარება-გამოტარებას" ვუწოდებდით. სქემა მარტივია - ერთი გუნდი მეორეს ფინალისკენ გზას გაუხსნიდა, სამაგიეროდ, ჩემპიონატში ამავე გუნდისგან 3 ქულა ჰქონდა გარანტირებული.

საბედნიეროდ, დღეს ერთი ისეთი ნახევარფინალური წყვილია, ყველანაირი ეჭვი უნდა გამოვრიცხოთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "სიონი" და "ვიტ ჯორჯია" დღესდღეობით სხვადასხვა ლიგაში გამოდიან.

აი, რაც შეეხება მეორე წყვილს, აქ საქმე ბევრად "რთულადაა": ორი მატჩის ჯამში თუ "დინამო" გაიმარჯვებს, მავანნი უმალვე ეჭვქვეშ დააყენებენ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირების შედეგს (შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის ბოლო უქმეებზე "ჩიხურამ" 1:0 მოუგო ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე "დინამოს"), ხოლო თუ საპირისპიროდ მოხდა და ორი მატჩის ჯამში "ჩიხურამ" მოიპოვა ფინალის საგზური (თასის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს დიდი სენსაცია არ იქნება), ამ შემთხვევაშიც უნდა ველოდოთ "უცნაურ ვარაუდებს".

სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი სათასო ნახევარფინალების წინ, მაგრამ ზემოთაც აღვნიშნეთ და კიდევ გავიმეორებთ - ქართულ საკლუბო ფეხბურთში (თუნდაც, სათასო მატჩებში) იმდენი ნეგატივია მომხდარი, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ საეჭვოდ მოჩანს...

"დინამო" რევანშზეც იფიქრებს, "ჩიხურა" ევროპას თასიდანაც დაუმიზნებს
დიდი დრო უნდა გავიდეს, საქართველოს თასზე თბილისის "დინამოს" შედეგი სხვა გუნდმა რომ გააუმჯობესოს: ამ საპატიო პრიზის 12-გზის გამარჯვებული გუნდი მიმდინარე გათამაშებაშიც უპირველესი ფავორიტია. თანაც, "დინამოს" სავსებით რეალურად ხელეწიფება დუბლის შესრულება: ჩემპიონობა ხომ მართლაც დროის ამბავია, თასზე კი ორი მატჩის ჯამში შეეცდება "ჩიხურას" ბარიერის დაძლევას.

ამას გარდა, დინამოელებს რევანშიც ექნებათ ასაღები: სულ ახლახან "ჩიხურამ" 1:0 მოუგო ჩემპიონატის მატჩში ყველაზე ტიტულიან გუნდს. ისე, საინტერესოა, თუ რა შემადგენლობას აირჩევს დღევანდელი მატჩისათვის იურაი იარაბეკი: "დინამოს" სლოვაკ თავკაცს საქმე ხომ ასარჩევად აქვს, თანაც - ყველა რგოლში.

"დინამო" რომ ნახევარფინალშია, ეს ჩვეულებრივი ამბავია, აი, "ჩიხურასთვის" კი დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ეს ფაქტიც და, საერთოდ, მიმდინარე სეზონიც - საჩხერელები ხომ ჩემპიონატიდანაც ინარჩუნებენ ევროსაგზურის შანსს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ სოსო ფრუიძის "ჩიხურა" წინა სამ წელიწადში ორჯერ იყო ფინალში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა თავის დღევანდელ მეტოქესთან.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა გამოცდილი მწვრთნელი "ჩიხურასთან" ერთად ფინალში მესამედ გასვლას. ისიც საინტერესოა, კოლეგის მსგავსად, რა შემადგენლობას დაეყრდნობა საჩხერელთა მწვრთნელი: ბოლო წლებში ხომ ტრადიციასავით დამკვიდრდა "დინამოს" ფეხბურთელთა განათხოვრება "ჩიხურაში".

ოღონდ, ამ ორ კლუბს შორის ასეთი თბილი ურთიერთობის მიუხედავად, "დინამოს" ხელმძღვანელობა ყოველთვის როდი თანხმდებოდა, "ჩიხურაში" იჯარით გაშვებულ ფეხბურთელს მის წინააღმდეგ ეთამაშა...

მხოლოდ ერთი ფინალი შვიდი ნახევარფინალიდან
საინტერესო უნდა გამოდგეს მეორე ნახევარფინალიც და ეს იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს სხვადასხვა ლიგაში მოასპარეზე გუნდები ხვდებიან. ჯერ ერთი, უკვე აღარავის უკვირს პირველი ლიგის წარმომადგენლის ხილვა ნახევარფინალურ სტადიაზე. მერე, გუნდსაც ხომ გააჩნია?!

იმედი დავიტოვოთ, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთ-ერთ წარმატებულ ქართულ კლუბს - "ვიტ ჯორჯიას", თავის უცვლელ პრეზიდენტ გურამ რუხაძესთან ერთად, მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში ვიხილავთ და ძალიან დიდი ალბათობით, ასეც იქნება - თენგიზ კობიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ვეტერინარები" პირველი ლიგის გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე II ადგილზე არიან და ამ პოზიციას, ალბათ, არც დათმობენ.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ახალგაზრდული გუნდი თასის გათამაშებას მეორეხარისხოვნად ჩათვლის - მიმდინარე გათამაშებაში "ვიტ ჯორჯიამ" უკვე არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა, როცა უმაღლესი ლიგის 3 წარმომადგენელი ჩამოიცილა გზიდან.

"ვიტ ჯორჯია" ნახევარფინალში მერვედ არის გასული, თუმცა ფინალში მხოლოდ ერთხელ იასპარეზა და ის შანსიც ხელიდან არ გაუშვა - 2010 წელს თბილისის "დინამოს" მოუგო.

აი, ბოლნისში კი კვლავაც საოცნებოდ რჩებათ სათასო ტრიუმფი: ერთადერთხელ იყო, "სიონმა" ფინალში რომ იასპარეზა, მაგრამ ძალიან ძლიერ მეტოქესთან ვერაფერს გახდა. ვგულისხმობთ 2003 წლის ფორმაციის თბილისის "დინამოს", რომელსაც ივო შუშაკი წვრთნიდა და რომლის ლიდერებიც, რატი ალექსიძესთან, ვიტალი დარასელიასა და გიორგი ანჩაბაძესთან ერთად, ის ლადო ბურდულიც გახლდათ, დღესდღეობით "სიონის" დირექტორი რომაა; და კიდევ - მართლაც უბერებელი ალექსანდრე გოგობერიშვილი, დღესაც ბოლნისელთა გუნდში რომ თამაშობს...

"სიონი" თავის ისტორიაში მეოთხედ იასპარეზებს ნახევარფინალში. ამ სტადიამდე გუნდი ვარლამ კილასონიამ მიიყვანა, რომელიც ერთი კვირის წინათ მისმა ასისტენტმა არმაზ ჯელაძემ შეცვალა.

ახალ მწვრთნელს ჩემპიონატში წარმატებული დებიუტი ჰქონდა, ახლა კი სათასო პაექრობებში უნდა დაამტკიცოს საკუთარი სამწვრთნელო შესაძლებლობები.

20.04. თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები თასზე
9: +5 =3 -1, 17:6

"ჩიხურას" გზა 1/2-ფინალამდე
1/16-ფინალი
ჩიხურა-მერცხალი 1:0
(თ. მუმლაძე)
მერცხალი-ჩიხურა 0:4
(გ. ჯოხაძე - 2, მ. სარდალიშვილი, ბ. დეკანოიძე)

1/8-ფინალი
საპოვნელა-ჩიხურა 2:0
(მ. სარდალიშვილი, გ. ჭანკოტაძე)
ჩიხურა-საპოვნელა 0:0

1/4-ფინალი
ჩიხურა-შუქურა 2:0
(მ. სარდალიშვილი, ჭ. ჭეჭელაშვილი)
შუქურა-ჩიხურა 1:1
(ბ. დეკანოიძე)

"დინამოს" გზა 1/2-ფინალამდე
1/8-ფინალი
დინამო (თბ)-კოლხეთი (ფ) 1:0
(ჯ. ჯიღაური)
კოლხეთი (ფ)-დინამო (თბ) 0:1
(გ. ქვილითაია)

1/4-ფინალი
ტორპედო-დინამო (თბ) 0:1
(გ. ქვილითაია)
დინამო-ტორპედო 2:1
(გ. ქვილითაია, მ. ცინცაძე)

20.04. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 16:00
ვიტ ჯორჯია-სიონი
დისკვალიფიკაცია: გიორგი კალანდია (ვიტ ჯორჯია)
ურთიერთშეხვედრები თასზე
2: +1 =1 -0, 4:3

"ვიტ ჯორჯიას" გზა 1/2-ფინალამდე
1/16-ფინალი
საბურთალო-ვიტ ჯორჯია 0:2
(ვ. მათიაშვილი, ზ. ღირდალაძე)
ვიტ ჯორჯია-საბურთალო 1:1
(კ. კახაბრიშვილი)

1/8-ფინალი
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2
(კ. კახაბრიშვილი - 2, ე. ლებანიძე)
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 0:1
(კ. კახაბრიშვილი)

1/4-ფინალი
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 1:0
(ლაშხია)
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0, პენ 5:3
(ვ. კურდღელაშვილი)

"სიონის" გზა 1/2-ფინალამდე
1/16-ფინალი
სიონი-რუსთავი 0:0
რუსთავი-სიონი 1:1
(ლ. ბერუაშვილი საკ. კარში)

1/8-ფინალი
გურია-სიონი 0:2
(გ. მიქაბერიძე, გ. მანჯგალაძე)
სიონი-გურია 1:1
(დ. საჯაია)

1/4-ფინალი
სამტრედია-სიონი 0:0
სიონი-სამტრედია 0:0 პენ. 2:0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩიხურა ევროპაზე მინდა.მაგარი სასტავი შეიკრიბა
mosamartle
12:36 20-04-2016
0
ჩიხურა, მოიგე თბილისში 3-0 რომ კითხვები არ დარჩეს ამ პენალტების ჩემპიონებს!
გუადუა
12:16 20-04-2016
0

სიახლეები პოპულარული