ზაზა ზამთარაძე: სამტრედიაში "ჩიხურასთან" ურთულეს მატჩს ველოდებით

AutoSharing Option
"სამტრედიამ" საქართველოს თასის ნახევარფინალში "ჩიხურას" სტუმრად 1:0 მოუგო და ფინალში გასასვლელად მშვენიერი წინაპირობა შეიქმნა.

ეს გამარჯვება დასაფასებელი იმიტომაც არის, რომ "ჩიხურა" ბოლო წლებში სათასო გუნდად ჩამოყალიბდა, ზედიზედ ორჯერ ითამაშა ამ ტურნირის დასკვნით მატჩში, ხოლო ორჯერ სუპერთასისთვისაც იბრძოლა.

მაგრამ "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე სულაც არ მიიჩნევს, რომ გუნდს საქმე მოთავებული აქვს:

"ფინალში გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით, რადგან სტუმრად "ჩიხურასთან" მოგება იოლი საქმე არ არის. რა დასამალია და, ძალიან გამიკვირდა, რომ ამჯერად
"ჩიხურას" უფრო იოლად მოვუგეთ, ვიდრე წარმომედგინა.

თამაშს ვაკონტროლებდით და მეტოქემ რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ერთხელ შექმნა. ამიტომაც გამიკვირდა, ერთ-ერთ მიმოხილვაში რომ წავიკითხე - თითქოს, ჩვენს კართან ოთხი სახიფათო მომენტი შეიქმნა და კარს ვიყავით მიჯაჭვულები - ასეთი რამ არ მომხდარა. ჩვენ კი 0:0-ზეც შეგვეძლო გატანა, მომენტები ჰქონდათ იაშვილსა და დოლიძეს.

ჩემი აზრით, მეორე ტაიმში კაპანაძის წაქცევისთვის პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა...

რაც მთავარია, მოვიგეთ, თანაც დამსახურებულად და ეს მაიმედებს. თუმცა დაპირისპირება ორრაუნდიანია, თან თასის გათამაშება ისედაც სპეციფიკური ტურნირია. მეორე მატჩი 28 აპრილს უნდა ჩავატაროთ და სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, რადგან სამტრედიაში ურთულესი საპასუხო შეხვედრის მოლოდინში ვართ".

ზამთარაძე სწუხს, რომ ტრავმირებულთა სიმრავლის გამო ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ დააყენებს:

"იაშვილმა ქობულეთის "შუქურასთან" მატჩში მუხლი იტკინა და სამი დღე ვერ ივარჯიშა, თუმცა საჩხერეში მაინც გარისკა და ითამაშა.

კვირკველიამ ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გვეხმარება. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მისმა შემცვლელმა გიორგი თევზაძემ თავი კარგად წარმოაჩინა. მას არა მხოლოდ დაცვაში, არამედ სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. თევზაძე ჯანზე რომ მოვა და მოღონიერდება, მჯერა, საქართველო ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეს შეიძენს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული