საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. I მატჩების წინ: მზერა ევროპისკენ!

AutoSharing Option
ყველა ქვეყანაში თასის გათამაშებას უამრავი სენსაცია ახლავს ხოლმე, მაგრამ როცა საქმე ეხება ნახევარფინალებს, აქ სიურპრიზებზე ლაპარაკი უკვე უადგილოც არის. ასეა ჩვენთანაც და იმის მიუხედავად, რომ 1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოს თასის ნახევარფინალში რამდენჯერმე გასულა სხვებთან შედარებით მოკრძალებული გუნდი, თითქმის ყველა ის შემთხვევა კანონზომიერება უფრო იყო, ვიდრე - სენსაცია.

აი, ასეთივე სიტუაციაა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშებაშიც, რომელსაც ოთხი გუნდიღა შემორჩა და ამათგან ერთ-ერთი 26 მაისს ამ საპატიო პრიზის გამარჯვებული გახდება.

...ოთხივე ღირსეული ნახევარფინალისტია და, თასის გათამაშების სპეციფიკურობიდან გამომდინარე (მით
უფრო, ნახევარფინალურ სტადიაზე), მართლაც ძალიან ძნელია ამ ორ წყვილში ფავორიტისა და აუტსაიდერის განსაზღვრა. თანაც, ნუ დაგვავიწყდება მეტად და მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორიც: ამ ოთხეულიდან ერთადერთი თბილისის "დინამოა", წლევანდელ ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება, ფაქტობრივად, გარანტირებული რომ აქვს.

აი, დანარჩენი სამი ნახევარფინალისტისათვის კი, სწორედაც რომ თასის გათამაშება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად და, აქედან გამომდინარე, ორივე ნახევარფინალური დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს. თანაც, ორრაუნდიანი პაექრობების პირობებში...

07.04. თბილისი. დინამო არენა. 17:00. LIVE II არხზე
დინამო (თბ)-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: სტეფან ბუკორაცი, ლაშა თოთაძე (ორივე - "დინამო") - დავით იმედაშვილი, ნიკა კაჭარავა (ორივე - "ცხინვალი")

ურთიერთშეხვედრები (თასზე) 4
+2 =2 -0, 5:1

ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს - კახა გოგიჩაიშვილს ("დინამო") და კახა კაჭარავას ("ცხინვალი"), ჯერ საკავშირო პირველობაზე და ეროვნულ ჩემპიონატში უთამაშიათ ერთად და შემდეგ, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების მერე, სამწვრთნელო ასპარეზზეც ერთად უმუშავიათ. თუმცა, ყოფილი თანაგუნდელები დღესაც და 28 აპრილსაც (ანუ საპასუხო ნახევარფინალური მატჩისას) საკუთარი გუნდის წარმატებაზე იფიქრებენ.

ერთი შეხედვით, "დინამოს" მცირე უპირატესობა უნდა მივანიჭოთ: შიდა ასპარეზზე ამ გუნდს ხომ "მარადიული ფავორიტის" სტატუსი აქვს. აღარაფერს ვამბობთ სტატისტიკაზე: 1990 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ შვიდჯერ მოხდა, "დინამოს" თასის ნახევარფინალში რომ არ უთამაშია. სულ კი ეს საპატიო პრიზი "დინამოს" თერთმეტჯერ აქვს მოგებული.

აი, "ცხინვალი" (ყოფილი - ცხინვალის "სპარტაკი") კი 2007 წელს დიმიტრი სანაკოევის ინიციატივითა და მონდომებით დაარსდა და ამ მცირე ისტორიის გუნდისათვის ნახევარფინალში გასვლა მეორე შემთხვევაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასზე სადებიუტო სეზონში (2007-08 წლებში) იმდროინდელი ცხინვალის "სპარტაკის" წარმატებული სვლა სწორედ "დინამომ" შეაჩერა: დუშან უჰრინის (უფროსის) დამოძღვრილმა გუნდმა მეოთხედფინალში დაძაბულ პაექრობებში (0:0, 2:1) აჯობა კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე მეტოქეს.

იმ შვიდი წლის წინანდელი დაპირისპირებებიდან "დინამოში" აღარავინ შემორჩა, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ "ცხინვალის" ახლანდელი თავკაცი კახა კაჭარავა უფროსი უჰრინის ასისტენტი გახლდათ, ხოლო "ცხინვალში" ამ ზამთრის პაუზის მერე ჩარიცხული თორნიკე თარხნიშვილი მაშინაც ამ გუნდის ღირსებას იცავდა.

"დინამოსთვის" ნახევარფინალში გასვლა თუ "ჩვეულებრივი" მოვლენაა, "ცხინვალი" მხოლოდ მეორედ გავიდა ამ ეტაპამდე. პირველი წარმატება კი 2009-10 წლების სეზონში იყო, როცა ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა (ორი ვეტერანი, გიორგი დემეტრაძე და ლადო ბურდული რომ დაიმატა) ნახევარფინალამდე მიაღწია და "დინამოსთან" პირველი მატჩი ფრედ (0:0) დაამთავრა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში, მათე ვაწაძისა (დუბლი) და თენგიზ ჩიკვილაძის სამი უპასუხო გოლით "დინამომ" იმარჯვა და ფინალშიც გავიდა.

და ვინ იყო იმდროინდელი "დინამოს" მთავარი მწვრთნელი? ვინ და... კახა კაჭარავა, "ცხინვალის" ამჟამინდელი დამრიგებელი, რომელსაც თავის ყოფილ გუნდთან "სხვა" რევანშის სურვილიც უნდა ჰქონდეს: მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატის I წრეში "დინამომ" დიდი ანგარიშით (6:1) დაამარცხა ცხინვალის "სპარტაკი".

ეს ის მატჩია, ამ სეზონში პირველი ჰეთ-თრიკი რომ ვიხილეთ, რომელიც დინამოელთა 19 წლის გარემარბმა გიორგი პაპუნაშვილმა შეასრულა.

07.04. ივანწმინდა. 16:00
ჩიხურა-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: დავით ბოლქვაძე, გიგა ბეჭვაია (ორივე - "სამტრედია")

ურთიერთშეხვედრები (თასზე) 2:
+1 =1 -0, 4:0

ორივე ეს იმერული კლუბი ამ სეზონში ევროტურნირების საგზურებისათვის იბრძვის, მაგრამ ზაზა ზამთარაძის დამოძღვრილ "სამტრედიას", თასის გარდა, ჩემპიონატიდანაც თუ შეუძლია ევროპაზე გასვლა.

აი, "ჩიხურას" უმთავრეს და, ძალიან დიდი ალბათობით, ერთადერთ პრიორიტეტად სწორედაც რომ თასის გათამაშება რჩება. თანაც, საჩხერელთა გუნდისათვის ნახევარფინალში გასვლა ხომ უკვე "ჩვეულებრივ" ამბად იქცა: გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურა" ზედიზედ მესამე თასის ფინალს უმიზნებს!

მართლაც არ არის პატარა ამბავი, გუნდი რომ ზედიზედ სამჯერ გავა თასის ნახევარფინალში და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ჩიხურას" ერთადერთი "საევროპე გზა" სწორედაც რომ ამ ტურნირზე "გადის" და, აქედან გამომდინარე, ორივე ნახევარფინალური პაექრობა უდიდეს ინტერესს იწვევს.

იმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, თუ რომელ გუნდს უფრო მეტი შანსი ექნება ფინალში გასვლის: ორივე გუნდში საკმარისზე მეტნი არიან გამოცდილი ფეხბურთელებიც და ცალკე ინტრიგის თემაა გამოცდილი (სოსო ფრუიძე) და ახალგაზრდა (ზაზა ზამთარაძე) მწვრთნელების "დუელიც".

"სამტრედიას" ამ სეზონში რომ სერიოზულზე სერიოზული მიზნები აქვს, ამაზე არაერთხელ გვითქვამს; თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ზამთრის პაუზის მერე ამ გუნდში ჩაირიცხა ქართული ფეხბურთის ორი დამსახურებული ვეტერანი, 37 წლის ალექსანდრე იაშვილი და 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი!

...1990 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ მეორე შემთხვევაა, "სამტრედია" თასის ნახევარფინალში რომ გავიდა. პირველად კი ეს ყველაფერი 1995/96 წლების სეზონის თასის გათამაშებაში მოხდა, მაგრამ სამტრედიამ" ორი მატჩის ჯამში ვერაფერი გააწყო (1:1, 0:3) თბილისის "დინამოსთან".

აღსანიშნავია, რომ 19 წლის წინანდელი იმ დაპირისპირებების ზოგიერთი მონაწილე "პირდაპირ კავშირშია" დღევანდელ ნახევარფინალებთან: საპასუხო შეხვედრაში "სამტრედიის" კარში ერთი გოლი "დინამოს" დღევანდელმა თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა გაიტანა, ხოლო თავდასხმის ერთ-ერთი ლიდერი იმ დროისათვის 18 წლის ალექსანდრე იაშვილი გახლდათ.

..."ჩიხურა" და "სამტრედია" აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თასის გათამაშებაში: 2006/07 წლების სეზონში საჩხერელთა გუნდს უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა და ხვიჩა ქასრაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამ" 1/16-ფინალში უპრობლემოდ დაძლია იმ დროისათვის პირველლიგელი "სამტრედიის" ბარიერი (4:0, 0:0).

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, პირველი წრის მიწურულს, ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედიამ" დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში 3:1 მოუგო "ჩიხურას". აღსანიშნავია, რომ იმ მატჩის ბედი შეცვლაზე შემოსულმა მასპინძელთა 19 წლის ფორვარდმა ილია კერძევაძემ გადაწყვიტა, რომელმაც შეხვედრის ბოლოსკენ, ოთხწუთიან ინტერვალში "დუბლი" შეასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული