საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: საინტრიგოც და უინტრიგოც

AutoSharing Option
ფოტოზე: უცნაურია, მაგრამ ფაქტია: "დილა" და "კოლხეთი" ბოლო ორი კვირის განმავლობაში დღეს მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს

გუშინ, 25 ნოემბერს, ორი მეოთხედფინალისტი ("სამტრედია" და "ვიტ ჯორჯია") გამოვლინდა, დანარჩენი ექვსი გუნდის ვინაობას კი დღეს შევიტყობთ.

თუმცა, იმის თქმაც შეიძლება წინასწარ, რომ 26 ნოემბერს გასამართი ექვსი შეხვედრიდან, სულ მცირე, სამ მატჩში ინტრიგა, ფაქტობრივად, აღარც არსებობს (პირველ დაპირისპირებებში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე). კიდევ ორ საპასუხო პაექრობაში წყვილის ფავორიტებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, აი, ერთ წყვილში კი, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.

დღევანდელი საპასუხო მატჩებიდან ზოგიერთში ნუ
გამოვრიცხავთ ორი დამატებითი ტაიმის დანიშვნას ან კიდევ, სულაც პენალტების სერიასაც.

მოკლედ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა (გაუარესებულ კლიმატურ პირობებს ვგულისხმობთ), საღამოსთვის რვავე მეოთხედფინალისტი გარკვეული იქნება.

მეოთხედფინალების წილისყრა, სავარაუდოდ, წლეულსვე გაიმართება, აი, პირველი მეოთხედფინალური მატჩები კი, ძალიან დიდი ალბათობით, თებერვალში ჩატარდება და სწორედ ეს სათასო შეხვედრები გახსნის კიდეც 2015 წლის საფეხბურთო სეზონს.

26.11. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 13:30
კოლხეთი (ფ)-დილა
პირველი მატჩი 0:0
დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე, ალექსანდრე კვახაძე (ორივე - დილა)

უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია: დღევანდელი მეტოქეები ბოლო ორი კვირის განმავლობაში დღეს მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს; შეგახსენებთ, რომ პირველ მერვედფინალურ შეხვედრამდე "კოლხეთმა" ჩემპიონატის მატჩში უმასპინძლა "დილას" და მინიმალური სხვაობით (0:1) წააგო.

აი, რაც შეეხება სათასო პაექრობას, უმაყურებლო გორის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში მეტოქეებმა გოლ(ებ)ის გატანა ვერ შეძლეს და ამ წყვილიდან მეოთხედფინალისტის ვინაობის გარკვევა სადღეისოდ "გადაწყვიტეს".

ერთი შეხედვით, პირველ მატჩში ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, რომ საპასუხო შეხვედრის წინ უპირატესობას ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებთ.

თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ დღევანდელ მეტოქეებს ჩემპიონატში რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ და, შესაბამისად, სატურნირო ცხრილშიც სხვადასხვა "პოლუსზე" იმყოფებიან: "კოლხეთი" აუტსაიდერთა შორისაა, "დილა" კი - მეორე ადგილზე.

ისე, წინასწარ ნამდვილად ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად პრიორიტეტული იქნება "კოლხეთისათვის" თუ "დილასთვის" თასის გათამაშება - ისევ და ისევ საჩემპიონატო მიზნებიდან გამომდინარე...

26.11. თბილისი. "დინამო არენა". 15:00
დინამო (თბ)-შუქურა
პირველი მატჩი 1:1

პირველ სათასო მერვედფინალებში ერთ-ერთი მოულოდნელი შედეგი სწორედ "შუქურასა" და "დინამოს" მატჩში დაფიქსირდა. თუმცა ორრაუნდიანი დაპირისპირების "პირობებში" სტუმრად ფრედ დამთავრებული შეხვედრა ძნელია, რომ წარუმატებლობად შეფასდეს.

ანუ იმის თქმა გვსურს, რომ ამ წყვილის ფავორიტი "დინამო თბილისი" როგორც იყო პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, ასევე რჩება დღესაც; და არა მხოლოდ ამ წყვილში: კახა გოგიჩაიშვილის დამოძღვრილი გუნდი, საერთოდ, თასის ამ გათამაშების ერთ-ერთი კი არა, ალბათ, უმთავრესი ფავორიტია, მით უფრო, რომ "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაციაც ექნებათ - ზედიზედ მესამედ მოიპოვონ საქართველოს თასი!

უკანასკნელად კი "დინამოს" ასეთი შედეგი 90-იან წლებში ჰქონდა, თანაც, მართლაც შთამბეჭდავი: 1992-97 წლებში გუნდი ზედიზედ ექვსჯერ გახდა საქართველოს თასის მფლობელი!

ყოველი სეზონის დაწყების წინ, ჩემპიონატსა თუ თასზე, "დინამო" მუდმივად ფავორიტის რანგშია. აი, "შუქურას" კი (უმაღლეს ლიგას 20-წლიანი პაუზის შემდეგ რომ დაუბრუნდა), მოკრძალებული მიზნით (უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება) მოუწევს დაკმაყოფილება.

თუმცა თასის გათამაშებას ხომ სიურპრიზებიც უყვარს...

26.11. რუსთავი. "ფოლადი". 13:30
მეტალურგი-ზუგდიდი
პირველი მატჩი 2:0

აქაც, ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოსადგენია მოვლენების ისეთი განვითარება, რომ დროებით კრიზისდაძლეულმა მასპინძლებმა სტუმრად მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავონ.

ჰო, ნოემბრის დასაწყისი იყო, ვარლამ კილასონიას გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი რომ წააგო; თუმცა ამას მერე სტუმრად "ზუგდიდის" (თასზე) და ასევე სტუმრად "ვიტ ჯორჯიას" (ჩემპიონატში) დამარცხება მოჰყვა (თანაც, ორივეჯერ ერთნაირი ანგარიშით - 2:0).

"მეტალურგის" ფინანსურ მდგომარეობაზე ამჯერად აღარაფერს ვიტყვით, თუმცა ეს ახალგაზრდული გუნდი, ყველა პრობლემის მიუხედავად, მართლაც მშვენიერად ასპარეზობს და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მოხდებოდა, მწვრთნელ-ფეხბურთელებს "ადამიანური" პირობები რომ ჰქონოდათ...

როცა სათასო მატჩებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ცნება "პრიორიტეტიც" არაერთხელ გვიხსენებია და, უმრავლეს შემთხვევაში, ასეც არის; ანუ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთეული გუნდები თუ ყოფილან (ისიც, კონკრეტულ სეზონში), "ორივე ფრონტზე" მაქსიმალური შედეგის მისაღწევად რომ იბრძოდნენ (თბილისის "დინამოს" არ ვგულისხმობთ).

ამ ყველაფერზე ყურადღებას კი იმიტომ ვამახვილებთ, რომ იმავე "ზუგდიდმა", ალბათ, სწორი გათვლა გააკეთა და ძირითადი აქცენტი ჩემპიონატზე აიღო.

26.11. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 13:30
ზესტაფონი-ჩიხურა
პირველი მატჩი 0:0
დისკვალიფიკაცია: ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა)

ძალიან საწყენია, რომ ეს ორი ძლიერი გუნდი თასის გათამაშების ასეთ ნაადრევ ეტაპზე "დაწყვილდა": მეოთხედფინალში ან თასის ბოლო ორი გათამაშების ფინალისტს "ჩიხურას" ვერ ვიხილავთ, ან - ამ ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტ "ზესტაფონს", თანაც, პირველი მერვედფინალური მატჩი ისეთი შედეგით (0:0) დამთავრდა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ორივე გუნდი რომ ინარჩუნებს და დღეს ზესტაფონში დამატებითი ტაიმებისა თუ პენალტების სერიასაც ნუ გამოვრიცხავთ.

სათასო მატჩების ჩათვლით, "ზესტაფონს" უკვე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამას მასპინძლის სტატუსსაც თუ დავუმატებთ, დღევანდელი შეხვედრის წინ მცირე უპირატესობას სწორედ გია გეგუჩაძის გუნდს მივანიჭებდით, მით უფრო, რომ "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფრუიძე ისედაც სამართლიანად უჩივის თავის გუნდში მოკლე სათადარიგოთა სკამის არსებობას და ახლა ამას უამრავი საკადრო პრობლემაც დაემატა.

ყოველ შემთხვევაში, ტრავმების გამო ბოლო ორი მატჩია "ჩიხურას" ვერ ეხმარებიან ჯაბა ჯიღაური, ლაშა კუჭუხიძე და თორნიკე მუმლაძე, რომელთაც დისკვალიფიცირებული ბესიკ დეკანოიძეც დაემატა.

არადა, ამ ოთხეულის არყოფნით "ჩიხურას" შეტევის ხაზი რომ დასუსტებულია, ამაში, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება.

26.11. თერჯოლა. "ცენტრალური". 13:30
საპოვნელა-სპარტაკი
პირველი მატჩი 0:3
დისკვალიფიკაცია: ვ. მურადაშვილი, გ. კენჭოშვილი (ორივე - საპოვნელა)

ამ წყვილში მეოთხედფინალისტის ვინაობა 17 ნოემბერს გაირკვა, როცა კახა კაჭარავას დამოძღვრილმა "სპარტაკმა" მეტოქის კარში 3 უპასუხო გოლი გაიტანა.

ადრეც არაერთხელ ვთქვით და კვლავაც სიამოვნებით გავიმეორებთ, რომ "სპარტაკი" თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სეზონს ატარებს: გუნდი, ფაქტობრივად, მეოთხედფინალშია გასული და ჩემპიონატშიც დღესდღეობით მესამე ადგილზეა (რაც, ჩვენი აზრით, ბევრისთვის მართლაც სიურპრიზი იყო).

ისე, ვინმემ შესაძლოა "სპარტაკის"... იღბალზეც თქვას: მერვედფინალში ხომ მხოლოდ ერთადერთი ქვედალიგელი გუნდი იყო და ისიც, მეტოქედ სწორედ "სპარტაკს" შეხვდა.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ "საპოვნელაც" ასევე ერთობ წარმატებულ სეზონს ატარებს: მირიან გეწაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თერჯოლელთა გუნდი პირველ ლიგაში "ბ" ჯგუფის ლიდერია და უმაღლესში აღზევების მშვენიერი შანსიც გააჩნია.

26.11. ქუთაისი. "ტორპედო". 13:30
ტორპედო-მერანი
პირველი მატჩი 3:0

ისე, როგორც "სპარტაკი"-"საპოვნელას" წყვილში, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გადაწყვეტილად უნდა მივიჩნიოთ: ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ რევაზ ძოძუაშვილის დამოძღვრილმა "ტორპედომ" მართლაც "მოახერხოს" და სტუმრად მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა გაანიავოს!

დღევანდელ მეტოქეებს ამ სეზონში "უცნაური" ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ: ჩემპიონატის III ტურში "მერანმა" საშინაო შეხვედრაში აჯობა "ტორპედოს" (3:1); ამის შემდეგ მოვლენები საინტერესოდ წარიმართა და "მერანი"-"ტორპედოს" პირველ სათასო მერვედფინალურ შეხვედრამდე მეტოქეები არანაკლებ "საინტერესო" სტატისტიკური მაჩვენებლებით მივიდნენ: მარტვილელთა გუნდს ჩემპიონატში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, "ტორპედოს" კი - ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია!

მოკლედ, 17 ნოემბერს, პირველ სათასო მერვედფინალში "ტორპედომ" ნავსი გატეხა და ნანატრი გამარჯვების გემო გაიხსენა, თუმცა ამის მერე ჩემპიონატში ისევ ვერ მოიგო, მაშინ, როცა ვლადიმირ ლობასის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მერანმა" ჩემპიონატში წაუგებელი სერია შვიდამდე გაზარდა.

16 სექტემბერი იყო, "ტორპედომ" ჩემპიონატის IV ტურის შეხვედრაში "ვიტ ჯორჯია" რომ დაამარცხა და იქიდან მოყოლებული, ქუთათურთა საყვარელ გუნდს საკუთარ მოედანზე არ გაუმარჯვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული