ფეხბურთის განვითარების ფონდი 200 000-ლარიანი ავტობუსის შესაძენად არ შექმნილა

AutoSharing Option
გულშემატკივრები და საფეხბურთო სამყაროს უდიდესი ნაწილი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ამოქმედებას დიდი იმედით ელოდნენ, მაგრამ დაიწყო ფონდმა საქმიანობა და ბევრი გაუგებრობა წარმოიშვა. ალბათ, იმიტომ, რომ ახალი სტრუქტურაა და ბევრმა გაუთვალისწინებელმა პრობლემამ თუ საკითხმა იჩინა თავი.

ფონდის ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა თანხა დაერიცხათ რეგიონული ლიგის კლუბებს. ამის შესახებ ბევრი გვიკავშირდებოდა...
- დაფინანსების პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო, რომ რეგიონული ლიგების კლუბებისთვის
დაგვერიცხა ის სახსრები, რასაც ისინი პირველ წრეში ხარჯავდნენ. მათი უმრავლესობა ფულს სტადიონის იჯარასა და ტრანსპორტირებას ახმარდა. მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდის ამოქმედების შესახებ რომ შეიტყვეს, ბევრმა იფიქრა, რომ დარიცხულ სახსრებს ხელფას-პრემიებში გასცემდნენ და ხარჯებს გაზრდიდნენ. ამის საშუალება ჩვენ არ მივეცით. ეს არის ყველაფრის მიზეზი.

- მეორე ლიგაში არიან კლუბები, რომელთაც 400-ათასიანი ბიუჯეტები ჰქონდათ, ფონდი კი მათ 50 ათასს ურიცხავს. ამას რით ახსნით?
- 50 ათასს მხოლოდ ნახევარ წელზე ვურიცხავთ და ფული გარდამავალი ჩემპიონატისთვის კიდევ დაემატებათ. მეორე ლიგა პროფესიული ლიგა არ არის და იშვიათი გამონაკლისების გარდა, სახელფასო ბიუჯეტები არ არსებობს. ხარჯებს კი ნამდვილად ვუსტუმრებთ.

- კითხვები "ცხინვალსაც" ჰქონდა. მართალია, თითქოს კლუბს მხოლოდ 14 ათასამდე ლარი დაურიცხეთ?
- აქ რაღაც გაუგებრობაა. ფეხბურთის ფედერაციის მიერ შედგენილი ლიმიტით, მეორე წრეში უმაღლესი ლიგის კლუბებს მაქსიმუმ 800 ათასი ლარი უნდა მიეღოთ. ანუ ადგილობრივი ბიუჯეტებისა და ერთიანი ფონდის მიერ დაფინანსებებს ამ თანხისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა.

ჩვენ თანხების დარიცხვა მარტიდან დავიწყეთ და ამ დროისთვის "ცხინვალს" სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი ჰქონდა მიღებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კლუბმა ეს სახსრები იანვარ-თებერვალში დახარჯა - ეს ფული ძველი დავალიანებებისა და ბანკების კრედიტების დასაფარად გამოიყენა. მაგრამ "ცხინვალმა" უმაღლესი ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ლიცენზიაც მიიღო და ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, გარდამავალ ეტაპზე გასაცემი 600 ათასი ლარიდან კლუბისთვის ნაწილი ახლა დაერიცხა.

- საერთოდ, კლუბებში ფულის სწორად ხარჯვა პრობლემაა?
- სამწუხაროდ, პრობლემაა. როცა დაფინანსებაში ერთიანი ფონდი ჩაერთო, კლუბებს გაწერილი ჰქონდათ ადმინისტრაციის, თანამშრომელთა და მოთამაშეთა ხელფასები და შესყიდვები.

მაგრამ ახალი სეზონიდან ბიუჯეტებსა და შესყიდვებს ჩვენთან შეათანხმებენ. ერთიანი შესყიდვების სისტემაც ამოქმედდება და ნახავთ, ეს რამხელა ეკონომიას მოგვცემს. ამავე დროს, საშტატო ერთეულები და სახელფასო ფონდები რეკომენდებული იქნება და ეს მიმართულებები დარეგულირდება. მერე აღარ იქნება იმის პრობლემა, რომ ბიუჯეტები წლის ბოლომდე არ ეყოთ, დავალიანებები დარჩეთ და ასე შემდეგ...

- ერთიანი შესყიდვები საინტერესო თემაა...
- ფონდი გამოაცხადებს ერთიან შესყიდვებს - მაგალითად, ფორმებზე, ბურთებზე, მოსამზადებელ ეტაპზე სასტუმროების დაქირავებაზე. მერე ყველა დაინტერესებულ კომპანიას თუ სასტუმროს მოიწვევს და გამარჯვებულს ტენდერში გამოავლენს. რა თქმა უნდა, ასე ყველა პროდუქტი თუ სერვისი ბევრად იაფი დაჯდება. სად ერთი კლუბი რომ იყიდის და სად - 10!

რადიკალურად განსხვავებული იქნება ფასები, ხარისხი და მიწოდების პირობები. მაგალითად, ბურთების შესყიდვა ავიღოთ: ჯერ კლუბები შეჯერდებიან, რომელი ბურთით თამაში ურჩევნიათ და მის მომწოდებლებზე ტენდერს ჩავატარებთ. ჯამში, სახელმწიფო სახსრები ეკონომიურად დაიხარჯება.

- ფასის გამო, კლუბებმა იაფი და უხარისხო ბურთების შესყიდვა რომ მოითხოვონ?
- ასე არ გამოვა. კრიტერიუმი იქნება ხარისხი!

- ხომ შეიძლება, ასე სპონსორიც მოიზიდოთ?
- რა თქმა უნდა და ამის პრეცედენტიც იყო. ეს სარეკლამო თემაა. იმავეს ვიტყვი ფორმებზეც. ბევრი კომპანია დაგვთანხმდება, საბითუმო შესყიდვის შემთხვევაში, ფასები რადიკალურად შეამციროს და სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმოს. ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ.

- საერთოდ, იდეალური პროგრამა არ არსებობს და ცხოვრება მასში შესწორებების შეტანას გვაიძულებს. ფეხბურთის განვითარების ფონდის ამოქმედების შემდეგ რა ცვლილებების აუცილებლობა დაინახეთ?
- გეთანხმებით, პროგრამის იდეალურად გაწერა წარმოუდგენელია. ახლა საწყის ეტაპზე ვართ, ცხოვრება კი ამა თუ იმ ცვლილების აუცილებლობას გვიჩვენებს. რეალური დაგეგმარება ზაფხულიდან დაიწყება.

მაგრამ კლუბს ვერ მივცემთ იმის უფლებას, შეკრებაზე 50 კაცი წაიყვანოს, 70 ლარის ნაცვლად, თითო მოთამაშეზე 150 ლარი იხადოს და საერთო ხარჯი 120 ათას ლარამდე გაზარდოს. ფედერაციას ვთხოვთ, რომ შეკრებაზე წასასვლელი მოთამაშეების რეკომენდებული რაოდენობა გვითხრას. ვერც 200-ათასლარიანი ავტობუსის შეძენისა და მთელი ბიუჯეტის ხელფას-პრემიებში დახარჯვის უფლებას მივცემთ. მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც არ ვეტყვით, რომ ფეხბურთელს 1 000 ლარზე მეტი არ გადაუხადონ.

ივნისში ყველა ხარვეზს დავაჯამებთ და არალოგიკურსა და უაზროს არაფერს მოვითხოვთ. ფეხბურთის განვითარების ფონდი იმიტომ არ შექმნილა, რომ ფული ფეხბურთს არ მოხმარდეს; პირიქით, ფონდი იმიტომ არსებობს, რომ ფული ეფექტურად დაიხარჯოს.

- ფაქტია, რომ უკმაყოფილება მაინც ისმის...
- იმიტომ, რომ ამ მცირე პერიოდში ბევრი კლუბის ბიუჯეტში გაუგებარი ციფრები დაფიქსირდა. საერთოდ, გამოჩნდა, რომ კლუბებს უფრო კვალიფიციური მმართველები სჭირდებათ, მათ შორის - ფინანსური მიმართულებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკვე იყო არარაციონალური ხარჯვის მცდელობები. მაგალითად, მოითხოვეს ოფისისთვის 3 500 ლარად ღირებული კომპიუტერი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. ვისაც კომპიუტერი სჭირდება, შევუძენთ, მაგრამ არა - ამ ფასად. 700-ლარიანი კომპიუტერებიც სავსებით საკმარისია.

როცა წაგებული თამაშისთვის პრემიას ითხოვენ, როგორ შეიძლება, ეს დააკმაყოფილო?! უარს რომ ვამბობთ, ამის გამო უკმაყოფილება ჩნდება. მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის.

- სამოყვარულო ლიგის დაფინანსება რატომ გადაწყვიტეთ?
- რაღაც პერიოდში, ფეხბურთს ხალხმა ზურგი აქცია და ეს არის საშუალება, რომ ფეხბურთის მასობრიობა და პოპულარობა გავზარდოთ.

- ერთიან პროგრამაში ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის. ამის გარეშე კი ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია...
- მთავრობის დადგენილებაში წერია, ეს 265 მილიონი ლარი რაში უნდა დაიხარჯოს. პირველი - კლუბების საბაზისო დაფინანსებაა. კლუბებისა და კონკურენტუნარიანი ლიგის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ამას გარდა, პრიორიტეტულია ბავშვთა და სამოყვარულო ფეხბურთი, ფუტსალი...

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ის ძალაში 2017 წლიდან შევა და ყოველ წელს 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ჯამში კი, სპორტული ობიექტების რეაბილიტაციას 40 მილიონ ლარამდე მოხმარდება. ასე რომ, ეს საკითხი იგნორირებული ნამდვილად არაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
მაგ ფონდიდან დევიძეს მკურნალობის თანნხა გადარიცხეთ. ეს ერთოი კარგი საქმე მიანც დაგრჩებათ გაკეთებული. სხვა ბლეფია ყველაფერი აღდგომადა ხვალეოო. მალე გავა ერთი წელი და იგივე ჭაობში იქნება, ფეხბურთიც, ფედერაციაც, ეს ფონდიც, ფეხბურთელებიც და მაყურებლებიც. აი ფონდიდან ნაჭამ-ნასვამები კი იქნებიან დამაძღარები.
Davit
17:39 14-05-2016
0
დოლიძევ კობიაშვილო მუჯირო ხეჩიკაშვილო და კიდევ სხვანნო,,ეს არის თქვენი ფეხბურთის განვითარება?დოლიძეს რა უნდა ფეხბურთში მაგას თოხი არ უნდა გააგდებინო ხელიდან..სირცხვილია რასაც თქვენ აკეთებთ და მოგეკითხებათ პასუხი.არველაძეები როგორ უნდა გაგვიხდეს სანატრელი
nikolozi
15:16 14-05-2016
0

სიახლეები პოპულარული