ლაშა სალუქვაძე: თბილისის "დინამო" იყო, რჩება ბათუმი და რუსეთი

AutoSharing Option
გამოცდილი მცველი ლაშა სალუქვაძე კვლავ უგუნდოდაა. არადა, მართლაც საკვირველია - ბევრის მნახველი ცენტრალური მცველი ხომ ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალა იქნება...

სალუქვაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 38 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი). სხვადასხვა დროს თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამოში", ყაზანის "რუბინში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", გორის "დილაში", ხაბაროვსკის "სკა ენერგიასა" და ბაქოს "ინტერში".

სალუქვაძემ აზერბაიჯანული კლუბი მას შემდეგ დატოვა, რაც ბაქოს "ინტერში" ფინანსური პრობლემები შეიქმნა. მას შემდეგ ის უგუნდოდ იყო და სასურველი ვარიანტის ძიებაში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

შევიტყვეთ, რომ მისი გადაბირებით რამდენიმე რუსული და
ქართული კლუბია დაინტერესებული. ქართულებიდან სახელდება თბილისისა და ბათუმის "დინამოები". სალუქვაძეს ამის თაობაზე ვკითხეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ:

"როცა ბაქოს "ინტერიდან" წამოვედი, მაშინ თბილისის "დინამოდან" დამიკავშირდნენ, მაგრამ ამ თემას მერე გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ამ გუნდის მხრიდან მართლაც არის ინტერესი, ისევე, როგორც რუსული კლუბებისგან. რომ გითხრათ, რომელიმე ვარიანტი 100 პროცენტითაა გადაწყვეტილი-მეთქი, მოგატყუებთ. ასე რომ იყოს, არ დავმალავდი", - გვითხრა სალუქვაძემ.

მაინც რატომ გაიწელა გამოცდილი მცველის ტრანსფერის საკითხი? როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ სასურველ უცხოურ ვარიანტს ელოდა.

"არ ვიჩქარე არჩევანის გაკეთება, რადგან სასურველ უცხოურ ვარიანტს ველოდი. ახლა შეთავაზებები მაქვს როგორც რუსეთიდან, ისე საქართველოდან და ზემოთაც გითხარით, რომ წესით, უახლოეს მომავალში ყველაფერი უნდა გაირკვეს", - გვეუბნება ლაშა.

სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ხშირად იხედებიან პასპორტში. სალუქვაძე ახლა 33 წლისაა და ეს ის ასაკია, როცა ცენტრალური მცველი თამაშისგან სიამოვნებას იღებს, დაბრძენებულია...

"ფეხბურთის თამაში ჯერაც შემიძლია და სანამ შემიძლია, ჩემს საყვარელ საქმეს ბოლომდე ვემსახურები. კარგი იქნებოდა, აქამდე მეპოვა გუნდი, მაგრამ რას ვიზამთ.

სისტემატური სათამაშო პრაქტიკა სხვაა, თუმცა მგონი, მაინც მოვახერხე ინდივიდუალური ვარჯიშით ფორმის შენარჩუნება", - გვითხრა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა.

ერთხელაც უნდა ვთქვათ - სალუქვაძის დონის მცველის დამატება ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს. ჩვენს კლუბებს ნამდვილად არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ უარი თქვან ასეთი კლასიანი ფეხბურთელის სამსახურზე.

მერე გვიკვირს, ფინანსურის გარდა, კიდევ რა კრიტერიუმებით გვჯაბნიან ყაზახური და აზერბაიჯანული კლუბები. არადა, ამაში უცნაური არაფერია - იქ ახალგაზრდები გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ოსტატდებიან.

P.S. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ სალუქვაძის გადაბირებით გორის "დილაცაა" დაინტერესებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები!
0
რას წუნიაობ ,ხომ ხედავ დაბერდი დათანხმდი ქარტულ კლუბებს რაა,,იყავიუ ახლა ასე...
Nukri
19:22 29-09-2015
0

სიახლეები პოპულარული