[ექსკლუზივი] გიორგი აბურჯანია: კონტრაქტი "სევილიას" პირველ გუნდთან მაქვს!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ "სევილიას" ფეხბურთელის რანგში პირველი ინტერვიუ Sportall.ge-ს მისცა.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანიას ტრანსფერი ანდალუსიურმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

- მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ... როდის გაჩნდა "სევილიას" ვარიანტი?
- "სევილიას" ვარიანტი, კონკრეტული წინადადებით, ივლისში გამომიჩნდა.

- "ხიმნასტიკი" შენს შენარჩუნებას ეცადა თუ ფინანსურმა მხარემ დააკმაყოფილა და თავიდანვე დათანხმდა გაშვებას?
- უდიდესი მადლობა მსურს გადავუხადო "ხიმნასტიკს", მის ხელმძღვანელობას, რადგან უპირველესად, აზრი მე მკითხეს და ჩემი ინტერესები გაითვალისწინეს. გაითვალისწინეს, რომ ყველა ფეხბურთელს არ ეძლევა საშუალება "სევილიას" დონის გუნდში თამაშის, თანაც
ასეთ ახალგაზრდა ასაკში.

ცხადია, ფინანსური მხარეც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პირველ პლანზე ჩემი ინტერესები დააყენეს.

- დიდი გაურკვევლობა იყო იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რომელ გუნდში ითამაშებდი, პირველში თუ მეორეში. როგორია კონტრაქტის დეტალები?
- კონტრაქტის დეტალების გამხელის უფლება არ მაქვს - კონფიდენციალურობა უნდა დავიცვა, თუმცა კონტრაქტი "სევილიასთან", ანუ მთავარ გუნდთან მაქვს გაფორმებული.

კონტრაქტი 4-წლიანია და გათვლილია ყველა დეტალი. ის ფეხბურთელის ინტერესიდან გამომდინარე შედგა.

თუმცა ვაცნობიერებ "სევილიას" ფეხბურთელების დონეს და გუნდის ამჟამინდელ სიტუაციას - ისინი ხომ ევროპის 5 საუკეთესო გუნდში შედიან დღევანდელი რეიტინგით... აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თამაშების უმეტესობის ჩატარება პირველ სეზონში მეორე გუნდში მომიწევს, თუმცა არც ეგაა დიდი პრობლემა, რადგან საკმაოდ კარგი გუნდია და ძალიან კარგი დონის ჩემპიონატია სეგუნდა დივიზიონი.

- როგორც ვიცით, დაახლოებით 2 მილიონი ევრო გადაიხადეს ანდალუსიელებმა შენში... ეს მცირე თანხა არაა და ალბათ, დიდ იმედებსაც ამყარებენ შენზე...
- ჩემი ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 1,5 მილიონ ევროს შეადგენს. იმედებს რომ არ ამყარებდნენ, არც შემომთავაზებდნენ კონტრაქტს.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა და თანაც, ყოველგვარი ეიფორიის გარეშე. დღევანდელი დღე ხვალ უკვე წარსული იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია პროგრესი და ყოველდღიური განვითარება.

- ტრანსფერის გაოფიციალურების პროცესი საკმაოდ გაგრძელდა და პრობლემა სამუშაო ვიზა იყო. როგორ მოხდა ისე, რომ "ხიმნასტიკში" 6 თვის ნათამაშებ ფეხბურთელს ეგ ვიზა არ გქონდა? "ხიმნასტიკი" არ მოითხოვდა?
- პრობლემა ის იყო, რომ ეს უკვე ჩემი მეორე კონტრაქტი იყო ესპანეთში - პირველი რომ ყოფილიყო, არანაირი პრობლემა არ შემექმნებოდა, მარტო პასპორტის ნომრით დავრეგისტრირდებოდი, მაგრამ როცა მოქმედი კონტრაქტი გაქვს ესპანურ გუნდთან და გადადიხარ ამ ქვეყნის სხვა გუნდში, მხოლოდ პასპორტით ვეღარ დარეგისტრირდები. ამ შემთხვევაში ცხოვრების უფლება და სამუშაო ვიზა გჭირდება, რომელიც აღებული არ მქონდა. ველოდებოდი მას...

ამ ლოდინში გამომიჩნდა "სევილიის" ვარიანტიც და უკვე დროში ვეღარ ვეტეოდი.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს ესპანეთში, ბ-ნ ზურა პოლოლიკაშვილს, რომელიც მაქსიმალურად დამიდგა გვერდში და ეცადა, რაც შეიძლება მალე ამეღო ვიზა.  მადლობა ასევე ფედერაციაში მყოფ ადამიანებს, ვინც ვიზის კუთხით დამეხმარა... პოლოლიკაშვილმა კი ყველა შეაწუხა ესპანეთში, ვისი შეწუხებაც კი შეიძლებოდა და მომიგვარა ეს პრობლემა.

- რა მოგცა "ხიმნასტიკში" გატარებულმა პერიოდმა და რა უნდა მოგცეს "სევილიამ"? რა მოლოდინები გაქვს?
- "ხიმნასტიკში" გატარებული პერიოდის დროს უფრო გავიზარდე, ტაქტიკურად უფრო გავნათლდი, ფიზიკურადაც... როგორც ფეხბურთელმა მოვუმატე და მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას. მათ ყოველთვის სჯეროდათ ჩემი.

"სევილიასგან" იგივეს ველოდები, რასაც ველოდი "ხიმნასტიკისაგან". ჩემი მიზანი ყოველთვის განვითარება იქნება, რა გუნდშიც არ უნდა წავიდე!

- როგორ მიგიღეს გუნდში? ივარჯიშე უკვე?
- კონტრაქტი დღეს გავაფორმე, ინდივიდუალურადაც ვივარჯიშე, გუნდს კი ხვალ შევუერთდები.

- და ბოლოს, ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავ. ვაისმა კვლავ გიხმო ნაკრებში. ახალი შესარჩევი ეტაპი იწყება. როგორ შეაფასებდი საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსებს?
- ვნახე სია და მადლობას ვუხდი მწვრთნელს ნდობისთვის. ნაკრებში თამაში უდიდესი სიამოვნება და ამავე დროს, პასუხისმგებლობაა ქვეყნის, ოჯახის წინაშე. ჯგუფიდან გასვლა იქნება მიზანი და მაქსიმალურად ვეცდებით ამას.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბურჯანიას წარმატება მაგრამ ჟურნალისტო სათაური სხვაა თემა სხვა
0
ყოჩახ.ლოგიკური და სწორი აზროვნება,გისურვებ წინსვლას.
999999999999999999
09:14 20-08-2016
0

სიახლეები პოპულარული