ტრანსფერები: გიორგი ჩელებაძე კვიპროსში მიდის, დათა ხოჭოლავა - უკრაინაში

AutoSharing Option
ერთი თვის წინ ითქვა, რომ ქობულეთის "შუქურას" რამდენიმე მოთამაშე კარიერას უცხოეთში გააგრძელებდა. მათ შორის დასახელდნენ კაპიტანი გიორგი ჩელებაძე, ასევე, ცენტრალური და მარცხენა მცველები - დათა ხოჭოლავა და ირაკლი კომახიძე.

თავიდან იყო ინფორმაცია, რომ 22 წლის ხოჭოლავას რუსეთის პრემიერლიგის კლუბ პერმის "ამკარში" იწვევდნენ, ნოდარ აკობიას პერიოდის 17-წლამდელთა ნაკრების წევრს, 18 წლის კომახიძეს კი - ყაზანის "რუბინში", ხოლო ქობულეთელთა კაპიტანი, 23 წლის ჩელებაძე კარიერას კვიპროსში გააგრძელებდა.

"შუქურას" დირექტორ რევაზ ჩელებაძის თქმით, მისი ვაჟი კვიპროსში მალე გაემგზავრება:

"გიორგის კონტრაქტი კვიპროსულმა "აია ნაპამ" შესთავაზა
და იქ ხელის მოსაწერად ივლისის შუა რიცხვებში გაემგზავრება. ლაპარაკია პირდაპირ კონტრაქტის გაფორმებაზე, რომელიც ერთწლიანი იქნება".

როგორც ამბობდნენ, ხოჭოლავათი თავიდან სარანსკის "მორდოვია" იყო დაინტერესებული, მერე კი პერმის "ამკარი" დასახელდა. სწორედ ამიტომ ემზადებოდა თურქეთში ბათუმის "დინამოსთან" ერთად და იქიდანვე რუსულ კლუბში უნდა გადასულიყო...

მაგრამ "შუქურას" დირექტორმა ახალი ამბავი გაგვიმხილა:

"შესაძლოა, ხოჭოლავა უკრაინულ კლუბში ჩაირიცხოს. დათა ოდესის "ჩერნომორეცში" ივარჯიშებს. უკრაინაში უკვე გაემგზავრა, რადგან პირდაპირ კონტრაქტი შესთავაზეს. თუმცა ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით.

თუ დათა კარიერას აიწყობს, ბედნიერი ვიქნები, რადგან ამაში ჩემი წვლილიც იქნება".

რაც შეეხება კომახიძეს, ის დროებით გუნდში დარჩება:

"ირაკლის რუსეთში წასვლა დროებით გადავდეთ. მან ტრავმა ახლახან მოირჩინა და ფორმის აღდგენა დასჭირდება. ის უნიჭიერესი ბიჭია და რაც შეიძლება, უნდა დავტვირთოთ, გავზარდოთ და ჩამოვაყალიბოთ, როგორც სრულფასოვანი ფეხბურთელი.

კომახიძე პირველი წრის ბოლომდე "შუქურაში" დარჩება, მერე კი უცხოეთში უნდა წავიყვანოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჩებო აქვს მთელ საქართველოს და რათქმაუნდა მთელ ქობულეთს ))
tornike nogaideli
11:26 27-06-2015
0

სიახლეები პოპულარული