ლეგიონის უქმეები: მათე ვაწაძემ დაამრგვალა, გიორგი გოროზიამ გატანა დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
ლეგიონის უქმეების მიმოხილვა ამ სეზონში უკანასკნელად გვაქვს, რადგან შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით გამართული ყველა პირველობა დასრულებულია.

გაგვახარა მათე ვაწაძემ, რომელმაც ავსტრიაში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადების წინ სეზონის ბოლო აკორდი შეასრულა და 20 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

დანიის I დივიზიონის ბოლო ტურში ქართველთა "ორჰუსმა" უხვგოლიან მატჩში 5:3 დაამარცხა "კოპენჰაგენი". "ორჰუსმა" საბოლოოდ 61 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ელიტაში გადავიდა, ხოლო "ორჰუსის" ფორვარდმა მათე ვაწაძემ 20 გოლით ბომბარდირთა დავა მოიგო.

ბოლო ტურში შეტევაში მათე ვაწაძის და დავით სხირტლაძის დუეტი ვიხილეთ. 38-ე წუთზე სხირტლაძემ გაიტანა,
ხოლო 45-ეზე - ვაწაძემ. სხირტლაძემ სეზონი 3 გოლით დაასრულა. დავით დევდარიანმა კი "ორჰუსის" სეზონი ტრავმის გამო მთლიანად გამოტოვა.

წესით და რიგით, მომდევნო სეზონში დანიის სუპერლიგაში 4 ქართველს უნდა ველოდოთ, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

* * *
აი, დანიური ელიტის ბოლო ტურში კი ლადო დვალიშვილის "ოდენსე" შინ 0:2 დამარცხდა "რანდერსთან". საკმაოხნიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, ჩვენებურიც ვიხილეთ მოედანზე - ის 70-ე წუთზე შევიდა. "ოდენსემ" 40 ქულით ცხრილში საბოლოოდ მეცხრე ადგილი დაიკავა. დვალიშვილმა 11 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

* * *
ნორვეგიულ ელიტაში გიორგი გოროზიას გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა "სტაბეკისა" და "ბოდო გლიმტის" მატჩში (3:2). გოროზიამ 68-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

12 ტურის შემდეგ გოროზიას "სტაბეკი" 23 ქულით მეორე ადგილზეა. 20 წლის ქართველს საგოლე პასით აქამდეც გამოუჩენია თავი, მაგრამ ეს მისი პირველი გოლია "სტაბეკის" მაისურით.

* * *
პოლონეთის ექსტრაკლასა მესამე ადგილზე დაასრულა ნიკა ძალამიძისა და გიორგი ფოფხაძის "იაგელონიამ", რომელმაც ბოლო ტურში შინ 4:2 მოუგო "ლეხიას". ძალამიძე მოედანზე 68-ე წუთამდე იყო (მაშინ "იაგელონია" 0:2-ს აგებდა), ხოლო ფოფხაძე სათადარიგოთა სკამს ბოლომდე შემორჩა.

პოლონეთის ექსტრაკლასა დატოვა ბიდგოშჩის "ზავიშამ", რომელიც ბოლო ტურში "რუხთან" 2:3 დამარცხდა. "ზავიშას" რიგებში 4 მატჩი ითამაშა გიორგი ალავერდაშვილმა, რომელიც მარტის მერე აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ, გამარჯვებულთა რიგებში გოლით გამოიჩინა თავი როლანდ გიგოლაევმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს. გიგოლაევმა ამ სეზონში 4 გოლი გაიტანა, მისმა "რუხმა" კი ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა.

* * *
რუსეთის ელიტას ვერ შესწვდა "ტოსნო", რომლის ლეგიონერები - ნუკრი რევიშვილი და გიორგი ნავალოვსკი ავსტრიაში, ნაკრების შეკრებაზე იმყოფებიან. "ტოსნო" "როსტოვთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ამ უკანასკნელმა პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

* * *
ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძის "კუოპიო" შინ "ვაასას" დაუზავდა - 0:0. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა ფორვარდმა.

* * *
ბელორუსის ჩემპიონატში "სლავია" სტუმრად "სლუცკთან" 1:3 დამარცხდა. ჩვენებური დავით ჩიგოევი წაგებულთა რიგებში სათადარიგო იყო. ბელორუსში ჯერ მხოლოდ 9 ტურია გამართული.

* * *
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" შინ 0:1 დამარცხდა "ნარვასთან". ქართველი ნახევარმცველი 74-ე წუთზე შეცვალეს. 15 ტურის შემდეგ "ფლორა" მხოლოდ მესამე ადგილზეა.

* * *
ლატვიაში თამაზ პერტიას "სკონტომ" 4:0 გაანადგურა "მეტა". ლევან მახარაძე სათადარიგო იყო მასპინძელთა რიგებში. 10 ტურის შემდეგ "სკონტოს" 20 ქულა აქვს.

* * *
ჩრდილოეთ ამერიკის სოკერ ლიგაში "სან ანტონიომ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ატლანტა". გამარჯვებულთა რიგებში 85-ე წუთზე გამოჩნდა ზურაბ ცისკარიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული