ალექსანდრე იაშვილი: დიდი ალბათობით, ისევ ფეხბურთში დავრჩები

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის წინა ტურში ბაქოს "ინტერის" ქართველმა ლეგიონერმა ალექსანდრე იაშვილმა ისეთი შედევრი შეასრულა, მერე ინტერვიუ რომ ვთხოვეთ, გვითხრა - ამ გოლს ჩემს საუკეთესო ათეულში შევიტანდიო.

არადა, 1993 წლის 2 ნოემბრის შემდეგ იაშვილს, საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, 180 გოლი აქვს გატანილი.

ქართველი თავდამსხმელი აზერბაიჯანში სათამაშოდ ამ სეზონის დასაწყისში წავიდა და გერმანულის მერე იქაურ პირობებთან შეგუება ცოტა რომ გაუჭირდა, "ინტერის" მწვრთნელის, კახა ცხადაძის ინიციატივით განხორციელებულ ტრანსფერს ალმაცერად შეხედეს.

იაშვილი კი ნელ-ნელა ისე ათამაშდა, კრიტიკოსებს სალაპარაკო მოუსპო და როგორც მოსალოდნელი იყო, ლეგიონერებით გაძეძგილ
აზერბაიჯანის ჩემპიონატში 36 წლის ქართველი ერთ-ერთი საუკეთესოა...

- თავიდან, როცა არჩევანი აზერბაიჯანის სასარგებლოდ გავაკეთე, ვიცოდი, რომ აქ ბუნდესლიგა არ დამხვდებოდა და ამიტომ ბაქოში ყოველმხრივ მომზადებული ჩამოვედი, - გვითხრა იაშვილმა ინტერვიუს დასაწყისში, - ცხადია, უცხო ქვეყანასთან, უცხო გარემოსთან ადაპტაციამ გარკვეული დრო წაიღო, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა, ნორმალურ ფორმაში ვარ და, რაც მთავარია, გუნდიც თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო უკეთ გამოიყურება.

- სეზონის დასაწყისში ადგილობრივი პრესა მაინცდამაინც არ გწყალობდათ...
- ...და არც მიკვირდა. კრიტიკას ადეკვატურად აღვიქვამ და ამას გერმანიის მერე შეჩვეული ვარ. ნორმალურია, როცა ბუნდესლიგაში ნათამაშები ფეხბურთელისგან აზერბაიჯანში სხვებზე მეტს ითხოვენ.

- როგორია თქვენი შთაბეჭდილება აზერბაიჯანის ჩემპიონატზე? საქართველოსთან შედარებაც არ შეიძლებაო, ამბობენ...
- სამწუხაროდ, ასეა. აზერბაიჯანის ჩემპიონატში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, მაღალი დონის ფეხბურთელები ჩამოჰყავთ. აქ არის 5-6 ისეთი გუნდი, რომელსაც ისეთი პირობები აქვს, ცნობილ ევროპულ კლუბებსაც რომ შეშურდებათ.

აგერ, ახლახან "ყარაბაღმა" ბელგიის ჩემპიონ "ანდერლეხტისგან" ერთბაშად 4 ფეხბურთელი ინათხოვრა, "გაბალამ" კი პორტუგალიიდან რუსი ლეგიონერი მარატ იზმაილოვი მიიწვია. ჩამოჰყავთ არგენტინელი და ბრაზილიელი ფეხბურთელები და წარმოიდგინეთ, ზოგიერთი მათგანი ძირითადშიც ვერ ხვდება. აზერბაიჯანის ჩემპიონატის რეგლამენტით, თითოეული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 4 ადგილობრივი ფეხბურთელი მაინც უნდა იყოს.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში დიდი ფული ტრიალებსო, თქვით, მაგრამ ფაქტია - ნაკრებს მაინც დიდი არაფერი ეტყობა...
- სხვათა შორის, ისეთი შედეგი, როგორიც აზერბაიჯანის ნაკრებს ბოლო შესარჩევში ჰქონდა, მის ისტორიაში საუკეთესოა - გუნდმა ჯგუფში 9 ქულა მოიპოვა. არ ვიცი, აქამდე აზერბაიჯანის ნაკრები როგორ თამაშობდა, თუმცა ბაქოში ყველა ამბობს, რომ ნაკრების პროგრესი აშკარაა და მალე შეიძლება მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პრეტენზიაც გაუჩნდეთ.

- ამას წინათ თქვით, რომ შესაძლოა, სეზონის ბოლოს კარიერას წერტილი დაუსვათ. უკვე იცით, რას გააკეთებთ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ?
- ჯერჯერობით ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ და ახლა ზუსტად ნამდვილად ვერ ვიტყვი, რა იქნება ამ სეზონის მერე. ისე კი, ცხადია, რომ ასაკიდან გამომდინარე, მომავალზე ახლა უფრო ხშირად ვფიქრობ. დიდი ალბათობით, ისევ ფეხბურთში დავრჩები.

გერმანიაში სპორტულ მენეჯმენტს ვსწავლობ, თან იმ სკოლაში, რომელიც თითქმის ყველა გერმანული კლუბის მენეჯერმა დაამთავრა. isp - ფრიად ავტორიტეტული სკოლაა. სწავლა ოქტომბერში დავიწყე და 18 თვის შემდეგ დავასრულებ.

- რა მოხდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის წინა ტურში, "რევანთან" მატჩის დროს? ამბობენ, ლაშა სალუქვაძემ მეტოქე გუნდის მწვრთნელსა და ფეხბურთელებს უხამსი ჟესტი უჩვენაო...
- არაფერი მსგავსი! "ინტერისთვის" ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ბოლო წუთზე გატანილი გოლით რომ მოვიგეთ, ბუნებრივია, ყველას ძალიან გაგვიხარდა. გაუხარდა ლაშასაც, რომელმაც ემოცია ვერ დამალა და მერე ამას კუდი გამოაბეს - მეტოქეს შეურაცხყოფა მიაყენაო. სინამდვილეში კი, როგორც გითხარით, მსგავსი არაფერი მომხდარა - სალუქვაძემ ჩვენი გოლი აღნიშნა, ეს იყო და ეს. დისკვალიფიკაციაზე ლაპარაკიც არ ყოფილა.
იხილეთ: სიცრუის ტყვეობაში: ქართველები აზერბაიჯანული მედიის სამიზნეში
იხილეთ: ქართველები ცუდ დღეში: მამედოვმა ლაშა სალუქვაძის გასალახად გაიწია [VIDEO]

- "რევანთან" მატჩში იშვიათი სილამაზის გოლიც გაიტანეთ...

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემს კარიერაში ყველაზე ლამაზი გოლი გავიტანე, მაგრამ ამ გოლს ჩემს საუკეთესოთა ათეულში ადგილს კი მივუჩენდი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
- ...და ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი გოლია?
- პირველი გოლები, რომლებიც თბილისის "დინამოში", "ფრაიბურგსა" და საქართველოს ნაკრებში თამაშისას გავიტანე. ახლაც გუშინდელივით მახსოვს, "დინამოს" მაისურით გატანილი პირველი გოლი - 1993 წლის 2 ნოემბერს, თელავის "კახეთთან", თბილისში. საქართველოს ნაკრებში კი თავი პირველად 1996 წელს, მალტის ტურნირზე, მასპინძელთა კარში გატანილი გოლით გამოვიჩინე, ხოლო "ფრაიბურგში" თამაშისას პირველად "ბოხუმს" გავუტანე. ის თამაში 2:1 მოვიგეთ. ბუნდესლიგაში ახალგადასულები ვიყავით და ელიტაში ეს ჩემი პირველი გოლი იყო. მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამივე გოლი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული