რას წერენ ჩვენებურებზე: კახა ცხადაძე მაღალი კლასის პროფესიონალია!

AutoSharing Option
ახლახან პოპულარულმა აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა "ექსტრატაიმმა" ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ბაქოს "ინტერისა" და ლიტვის ნაკრების ყოფილ მცველს, ამჟამად კი ფიფას აგენტ პაულიუს პაკნისს. ეს უკანასკნელი აზერბაიჯანში თავისი თანამემამულის, "ბაქის" და ლიტვის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელის, მინდაუგას კალონასის ინტერესების დასაცავად ჩასულა.

ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "ბაქის" მთავარმა მწვრთნელმა, ახლო წარსულში მადრიდის "ატლეტიკოსა" და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველმა მილინკო პანტიჩმა თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და, საერთოდ, ერთ-ერთი ლიდერი მინდაუგას კალონასი ტრანსფერზე დააყენა. პაკნისთან ინტერვიუმ კი იმიტომ დაგვაინტერესა, რომ ფიფას აგენტი საინტერესო პარალელს ავლებს პანტიჩსა და "ინტერის" ქართველ
თავკაც კახა ცხადაძეს შორის და იმაშიც დარწმუნებულია, რომ ცხადაძის ხელმძღვანელობით კალონასი ბევრად უკეთ ათამაშდებოდა.

აი, ამონარიდიც იმ ვრცელი ინტერვიუდან:

"...მიმაჩნია, რომ კახა ცხადაძეს ისეთი პრობლემები არ შეექმნებოდა, როგორიც პანტიჩს აქვს. მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელების არ უნდა ეშინოდეს, ხასიათითაც ლიდერი უნდა იყოს და არც პრობლემებს უნდა გაექცეს.

ამ მხრივ, ცხადაძე კარგი სპეციალისტია. კი, ვაღიარებ, რომ თავის დროზე "ინტერს" არცთუ სასიამოვნოდ დავშორდი, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კახა მაღალი კლასის პროფესიონალია.

...ჩვენ ერთმანეთთან არ ვურთიერთობთ, არც ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ინტერი" კარგ თამაშს უჩვენებს და ეს ყველაფერი მწვრთნელის დამსახურებაა.

ერთ რამესაც დავაკვირდით: ერთი შეხედვით სუსტი თუ დაბალი დონის ფეხბურთელები გადადიან "ინტერში" და მერე ისე "იხსნებიან", რომ მაშინვე იპყრობენ ქვეყნის წამყვანი კლუბების ყურადღებას. თანაც, ახალ გუნდებში რომ გადადიან, აი, იქ ვერაფრით ახერხებენ თავის გამოჩენას. მოკლედ, ცხადაძესთან ყველა ფეხბურთელი თამაშობს, სხვა მწვრთნელებთან კი - საპირისპირო სიტუაციაა.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ "ბაქის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე რომ იყოს, ეს გუნდი ლიდერი იქნებოდა. პანტიჩის ხელმძღვანელობით კი გუნდს სერიოზულ მიზნებზეც არა აქვს პრეტენზია, არადა, არც ფინანსურად უჭირთ, მშვენიერი ბაზა აქვთ, ინდივიდუალურად ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელებიც თამაშობენ, მაგრამ შედეგი არ არის.

თანაც, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები სწორედ "ბაქიში" თამაშობენ, ძლიერი ლეგიონერები ჰყავთ ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან და მაკედონიიდან ჩამოყვანილი, მაგრამ მათ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ იყენებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული