ალექსანდრე ამისულაშვილმა "კრასნოდარს" გაამარჯვებინა

AutoSharing Option
თურქულ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა რუსულმა კლუბმა "კრასნოდარმა", რომელშიც ერთაბაშად სამი ქართველი ლეგიონერი ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე ირიცხებიან, საკონტროლო მატჩი ჩვენთვის ნაცნობ მოლდოვურ "დაჩიასთან" გამართა.

"კრასნოდარის" მთავარმა მწვრთნელმა სლავოსლიუბ მუსლინმა სასტარტო შემადგენლბაში რევიშვილი და ამისულაშვილი დააყენა.

მატჩის პირველივე წუთიდანვე ჩანდა, რომ გუნდები ჩაკეტილი ფეხბურთის თამაშს არ აპირებდნენ. "კრასნოდარის" ფეხბურთელებმა პირველებმა შეუტიოს, რასაც "დაჩიას" სტანდარტული მოჰყვა, კარისკენ წასული ბურთი რევიშვილმა მუშტებით მოიგერია. ამის შემდეგ ჩვენებურს კიდევ ერთხელ მოუწია თამაშში ჩართვა. ამჯერად ნუკრისთან ერთი-ერთზე "დაჩიას" ფეხბურთელი ტუმბასოვიჩი გავიდა, თუმცა "დუელში"
ქართველმა მეკარემ იმარჯვა და თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

"დაჩიას" კარს "კრასნოდარის" თავდამსხმელებთან ერთად გუნდს მცველებიც კი უტევდნენ.

მე-11 წუთზე მეტოქის კარის აღება ამისულაშვილმა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენებურის არასახარბიელო დარტყმის შემდეგ უკვე 35-ე წუთზე კრასნოდარელმა ნიკოლას დრინჩიჩმა "დაჩიას" საჯარიმოში ჩააწოდა, რომელსაც "კრასნოდარის" კაპიტანმა ალქესანდრე ამისულაშვილმა თავური დარტყმით უპასუხა და მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა 1:0.

პირველი ნახევარი "კრასნოდარის" გამარჯვებით დასრულდა. მუსლინმა შესვენებაზე მხოლოდ ერთი შეცვლა გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის ნაცვლად მოედანზე ევგენი გოროდოვი შევიდა.

66-ე წუთზე კი გოლის ავტორი რიაბოვმა შეცვალა.

მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე ოთარ მარცვალაძეც გამოვიდა, რომელმაც თავი საკმაოდ თამამი სოლო-რეიდით დაგვამახსოვრა.

როგორც კრასნოდარელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მატჩის მიმოხილვაში წერია, მარცვალაძე 89-ე წუთზე პირდაპირ ოთხ მცველზე გაიწია და სამს გაცდა კიდეც, თუმცა მეოთხემ უკვე აღარ აცადა და ბურთი აართვა.

საბოლოოდ შეხვედრა ამისულაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით, "კრასნოდარის" გამარჯვებით დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული