ჯაბა ლიპარტია: საქართველოს ეს ნაკრები უწინდელებისგან ბევრად განსხვავდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული "ზორიას" ფეხბურთელმა ჯაბა ლიპარტიამ Sportall.ge-სთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

- დაბრუნება 4 წლის შემდეგ... რამდენად ელოდი ნაკრებში გამოძახებას?
- ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. როცა ბავშვი ფეხბურთის თამაშს იწყებს, ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობს. დღეს მე ვარ ნაკრების წევრი და ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავს.

ვიცოდი, რომ მწვრთნელი თვალყურს მადევნებდა, ნახა ჩემი თამაშები, გაფართოებულ შემადგენლობაშიც შემიყვანა და ისე მოხდა, რომ დღეს მთავარ გუნდში ვარ.

- ნაკრებთან ერთად უკვე ივარჯიშე. რას გვეტყვი გუნდსა და
მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზე?
- ვარჯიშიდან გამომდინარე ჩანს, რომ მწვრთნელს ბურთის კონტროლი და პირველ ნომრად თამაში უყვარს. ამასთანავე, სწრაფ თამაშს მოითხოვს... წინა ნაკრებებში მითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი ბევრად განსხვავდება მათგან - ეს გუნდი კომბინაციურ, სწრაფ და უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

ჩემს პოზიციაზე ყველაზე დიდი კონკურენციაა, ეს მწვრთნელმაც თქვა, მაგრამ ამისთვის მზად ვარ და ვარჯიშებზე ვეცდები დავამტკიცო, რომ არ ვარ ცუდ ფორმაში.

- ფაქტია, რომ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში ნაკრებმა კარგი ფეხბურთის თამაში დაიწყო და გულშემატკივარში იმედი გაჩნდა. შენი აზრით, უპირველეს ყოვლისა, რას უნდა მიექცეს მწვრთნელის მხრიდან ყურადღება, რომ ნაკრებმა პროგრესი გააგრძელოს?
- მგონი, ვაისმა ჩემზე უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს. ჯერჯერობით, ნაკრები სწორ გზას ადგას და წინა შეხვედრებში გამართლების შემთხვევაში, ბევრად უკეთესი შედეგი იქნებოდა.

ალბათ, სათამაშო დისციპლინა უნდა იყოს მოედანზე, დანარჩენი კი ქართველებს ისედაც კარგად გვეხერხება - ბურთთან მოპყრობა ვიცით და არც ტექნიკა დაგვეწუნება.

- რა იქნება საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი ამ ჯგუფში?
- ჯერ მოლდოვასთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენს ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის, გუნდები ერთმანეთთან ქულებს დაკარგავენ და მგონია, რომ მეორე ადგილზე გასვლა შეგვიძლია.

- უკვე წლებია უკრაინაში თამაშობ. მანამდე საქართველოს ჩემპიონატში გითამაშია. როგორ შეაფასებდი ამ ორი ქვეყნის პირველობებს?
- სამწუხაროდ, ყველამ იცის, რომ დასუსტებული უკრაინის ჩემპიონატიც კი საქართველოსაზე ძლიერია.

ვფიქრობ, მეტი ფული უნდა ჩაიდოს, ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს სავარჯიშო მოედანი, ფეხბურთელი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ როდის მისცემენ ხელფასს. ნახევარწლიანი გუნდები არ უნდა არსებობდნენ - გუნდებს განვითარების გეგმა უნდა ჰქონდეთ, კონკურენციაა საჭირო და ასე ჩემპიონატის დონე გაიზრდება.

-  საკმაო ხანია, "ზორიას" შემადგენლობაში სტაბილურად კარგად თამაშობ. თუ გქონია ამ ხნის განმავლობაში შემოთავაზებები ევროპული კლუბებიდან?
- არაერთი შემოთავაზება იყო, მაგრამ სერიოზულად არ განმიხილავს. თავის დროზე "ზორიასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და კლუბმა იმხელა პროგრესი განიცადა, სხვაგან წასვლაზე არ მიფიქრია.

კონტრაქტი სეზონის ბოლოს მეწურება და ახლა ვერ ვიტყვი, როგორი სიტუაცია იქნება. ვნახოთ...

- 14 ტურის შემდეგ "ზორია" უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება. რამდენად შესწევს გუნდს ძალა ტიტულისთვის იბრძოლოს?
- რეალურად რომ ვიმსჯელოთ, რთულია, დონეცკის "შახტარს" დაეწიო - ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლა რეალური ჩანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული