36 წლის ასაკშიც ისეთივე აზარტით ვთამაშობ - ზურაბ მენთეშაშვილი ფეხბურთს დაუბრუნდა

AutoSharing Option
თელავის "კახეთმა" მეორე ლიგის აღმოსავლეთის "დ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა. გუნდმა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის ყოფილი ბომბარდირი რევაზ გოცირიძე ავარჯიშებს, მიზანს ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მიაღწია...

ანალოგიური უფლება მოიპოვეს ცენტრალური ჯგუფიდან "გორმა", დასავლეთის "ბ" ჯგუფიდან - ქედის "ბეთლემმა", ხოლო აღმოსავლეთის "დ" ჯგუფიდან - თბილისის "ნორჩმა დინამომ". საინტერესოა, რომ "ნორჩ დინამოში" ზურაბ მენთეშაშვილი თამაშობს. ის და რევაზ გოცირიძე ყოფილი თანაგუნდელები არიან
- ერთად თამაშობდნენ ასაკობრივ ნაკრებებში და თბილისის"ვიტ ჯორჯიაში", ხოლო კარიერის დასასრულს - "საბურთალოში".

2000 წლის 2 თებერვალს, მენთეშაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და 2000-10 წლებში "ჯვაროსნების" ფორმა სულ 40 მატჩში მოირგო (1 გოლი). ის ახლა 36 წლისაა და ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის მრავალ კლუბში უასპარეზია - რუსთავის "გორდაში", "ვიტ ჯორჯიაში", ლატვიურ "სკონტოსა" და "ვენტსპილსში", ვლადიკავკაზის "სპარტაკ-ალანიასა" და იაროსლავლის "შინიკში", ისრაელში - თელ ავივისა და აშქელონის "ჰაპოელში".

კარიერის ბოლოს კი მენთეშაშვილი საქართველოში აგორებდა ბურთს, კერძოდ - "ზესტაფონსა" და "საბურთალოში". თბილისურ კლუბს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დაეხმარა და სწორედ მაშინ დაშავდა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მენთეშაშვილი მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ ისევ ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მაშინ ის "საბურთალოს" სამწვრთნელო სტაფს ეხმარებოდა.

"კარიერის დასრულება და მწვრთნელობა გადაწყვეტილი მქონდა. გეცოდინებათ კიდეც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელადაც ვმუშაობდი. მაგრამ "ნორჩ დინამოში" თამაში რომ შემომთავაზეს, ტკივილები აღარ მაწუხებდა, თამაშის სურვილი კი არასოდეს გამნელებია და გამიხარდა, გუნდის დახმარების შანსი რომ გამიჩნდა. ამიტომაც სიამოვნებით დავთანხმდი", - ამბობს მენთეშაშვილი.

ვეტერანმა ფეხბურთელმა "ლელოსთან" იმაზეც ილაპარაკა, თუ როდემდე აპირებს კარიერის გაგრძელებას:

"ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ 36 წლის ასაკშიც ისეთივე სიამოვნებითა და აზარტით ვთამაშობ, როგორც - კარიერის დასაწყისში.

მინდა გუნდს კიდევ დავეხმარო და მანამდე ვითამაშებ, სანამ სიამოვნებას მივიღებ და ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს. ჯერ კი ვგრძნობ, რომ თამაში შემიძლია და რატომ უნდა შევეშვა?".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
misasalmebelia. magram norch dinamoshi tamashi 36clis veteranistvis cota sasacilod ki jgers
levani
14:48 24-11-2016
0
გაზაფხულზე თბილისის სამოყვარულო ლიგაზე თამაშობდა.
0

სიახლეები პოპულარული