ნუკრი რევიშვილი: ფეხბურთში ბევრი უცნაური რამ მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი მახსენდება

AutoSharing Option
ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში" ვარჯიშობს. გორელთა პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ საქართველოს ნაკრების 28 წლის მეკარეს "დილასთან" ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია და გორში მხოლოდ ფორმის შენარჩუნებას ცდილობს.

თუმცა თავად რევიშვილმა "ლელოს" უთხრა, რომ დიდი ალბათობით, ორწლიანი პაუზის შემდეგ "დილაში" დაბრუნდება.

"საბედნიეროდ, ესპანეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმისგან განვიკურნე და ახლა სრული დატვირთვით ვემზადები. ეროვნულ ნაკრებშიც ვივარჯიშე და ესეც დამეხმარა. თუმცა მაშინ სათამაშოდ მზად არ ვიყავი. გორში კი ბოლო დღეებია, რაც ვემზადები და იმედია, კლუბში მალე ჩავირიცხები.

სიტყვიერად შევთანხმდით, რომ დეკემბრამდე
"დილაში" ვითამაშებ. მაგრამ კლუბის გადაფორმების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ვიდრე ეს სიტუაციაა, მანამდე განაცხადში ჩემი შეყვანა ვერ ხერხდება.

იმედია, ჩემი საკითხი მალე მოგვარდება", - გვითხრა რევიშვილმა, რომელიც "დილაში" 2013/14 წლების სეზონში თამაშობდა და მისი დიდი წვლილიც იყო, გორული გუნდი ევროპალიგის პლეი ოფამდე რომ მივიდა:

"აქეთ-იქით სიარულსა და გუნდის ძებნას ისევ "დილას" დახმარება ვამჯობინე. თან ეს ხომ ჩემთვის უცხო კლუბი არ არის. ამას გარდა, მინდა ფორმაც აღვიდგინო, ზამთარს საუკეთესო მდგომარეობაში რომ შევხვდე".

რევიშვილმა გასული სეზონი რუსეთის პრემიერლიგის კლუბ სარანსკის "მორდოვიაში" გაატარა, მაგრამ გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა და ზაფხულში მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდა. აგვისტოში, ნაკრების მეკარე ისრაელში იმყოფებოდა, სადაც უმაღლესი ლიგის კლუბ თელ-ავივის "ბნეი იეჰუდაში" უნდა ჩარიცხულიყო, 2-წლიანი კონტრაქტიც შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ...

"ფეხბურთში ბევრი უცნაური რამ მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი მახსენდება. ერთი კონტრაქტი შევათანხმეთ, მაგრამ გაცილებით უარესი დამახვედრეს და კიდევ უფრო საშინელ, მესამე ვარიანტზე მთხოვეს ხელმოწერა. ეს გამორიცხული იყო და წამოვედი. საწყენია, რომ დრო უაზროდ დავკარგე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილა მარტო ფორმის აღსადგენი გუნდი არაა. დეკემბრამდე მარტო ფორმის აღდგენას უნდა. მითუმეტეს ორი ძალიან კარგი მეკარე გვყავს. წლინახევრიანზე ნაკლები წესით არუნდა გაფორმდეს.
გორელი
23:00 16-09-2016
0
სპონსორის მოსვლის შემთხვევაში შენ კიარა ნუკრი მესისაც კი არუნდა გაუფორმონ 6 თვიანი კონტრაქტი იმიტო რო აქ გამოსაჯამრთელებელი ცენტრი არგვაქვს და თუ მოხვალ პირობებიც მოსთხოვე და ნება იბოძეთ წლიანებს მაინც მოაწერეთ ხელი.
gori
22:09 16-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული