ვაღიარებ, რომ შევცდით! - რომან ფიფიას პრესკონფერენციის ვრცელი ვერსია

AutoSharing Option
ესეც ასე, შედგა დაანონსებული პრესკონფერენცია, რომელსაც გუშინწინ საღამომდე დიდად საინტრიგო მოლოდინი ჰქონდა: თბილისის "დინამოს" მფლობელსა და პრეზიდენტ რომან ფიფიას კლუბში მომხდარი საკადრო ცვლილებები უნდა გაეხმოვანებინა.

თუმცა, პრესკონფერენციამდე ერთი დღით ადრე ქართულ სპორტულ მედიას უკვე ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დინამოს" სპორტულ დირექტორად მანამდე ავსტრიაში მოღვაწე ახალგაზრდა კაცი ლევან გაბრიჩიძე (ავსტრიაში 2010 წლიდან საქმიანობდა, სადაც დაფუძნებული აქვს სამენეჯერო სააგენტო) ინიშნებოდა, ხოლო მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი თანამდებობას წლის ბოლომდე (ანუ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე) შეინარჩუნებდა...

"დინამოში" რომ საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი იყო, ამას ყველა
შეგუებული ვიყავით. თანაც, ეს ცვლილებები არა მხოლოდ გუნდში, არამედ საკლუბო სტრუქტურაშიც უნდა მომხდარიყო და გამართლდა კიდეც. როგორც რომან ფიფიამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიხეილ ხუციშვილი, ლევან ზუხბაია და მიხეილ ჯიშკარიანი კლუბში აღარ იმუშავებენ.

"დინამოს" პრეზიდენტს არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, რომ ამ ხალხთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა (ზუხბაია და ჯიშკარიანი ხომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ "დინამოში"), მაგრამ ეს მტკივნეული ნაბიჯი გარდაუვალი იყო...

ფიფიამ თავდაპირველად ახალი დირექტორი წარმოგვიდგინა.

ახალი დირექტორი
რომან ფიფია:
- იმის მიუხედავად, რომ ამ ახალგაზრდა კაცს საქართველოში არ უმოღვაწია, მას დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მომწონს მისი ხედვა ზოგადად ფეხბურთის განვითარებაზე და განსაკუთრებით - ახალგაზრდებთან მიმართებაში. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს დაემთხვა, რაც ითვალისწინებს "დინამოს" არა მხოლოდ გაახალგაზრდავებას, არამედ სამ-ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

ლევან გაბრიჩიძე:
- ამ თანამდებობაზე ჩემი წარდგენა უდიდესი პატივია და ასეთი ნდობისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადო ბატონ რომან ფიფიას!

"დინამოსთან" ჩემს სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, კონკრეტულად წინადადება კი ერთი კვირის წინათ მივიღე. გუნდში და, საერთოდ, კლუბში სერიოზული რეფორმები ჩატარდება, თუმცა ზოგიერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წინასწარვე დავაანონსებ: ძირითადი აქცენტი გაკეთდება "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაზე.

რაც შეეხება "დინამოს" ბოლოდროინდელ უმთავრეს პრობლემას, არასწორ სელექციას, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული სამუშაოა შესასრულებელი. ვაპირებთ, შევქმნათ გადაწყვეტილების მიმღებთა ჯგუფი, რომელიც ლეგიონერებთან დაკავშირებით სწორ ანალიზს გააკეთებს. ავსტრიაში მოღვაწეობის პერიოდში ჩემი სააგენტო სკაუტინგს ემსახურებოდა და იტალიურ, ბელგიურ და ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბებთან სისტემატური კონტაქტი მქონდა.

უცხოელების თემა
რომან ფიფია:
- კიდევ ერთი აქტუალური თემა, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის საკითხია. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ მინდოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატის ახლებური ფორმატიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, იურაი იარაბეკს სეზონის ბოლოდე, ანუ კონტრაქტის დასრულებამდე ემუშავა. არანაკლებ საჭირბოროტო საკითხი იყო და არის ამ ბოლო დროს "დინამოში" მოწვეული ლეგიონერების თემა.

გუშინ მქონდა შეხვედრა გუნდის სამწვრთნელო სტაფთან და გადავწყვიტეთ, "დინამოში" დარჩნენ ანტუან სკრიბე, სტეფან ველევი და რენე ფერეირა. იმასაც გეტყვით წინასწარ, რომ იგივე რენე ფერეირა და სკრიბე სეზონის ბოლომდე იქნებიან ჩვენთან. "დინამოს" ყველა ვარიანტში ახალი მეკარე ეყოლება მომავალი წლის დასაწყისისთვის...

..."დინამოში" ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში 40-მდე ლეგიონერმა ითამაშა, მაგრამ ამათგან მხოლოდ ორ მათგანზე შემიძლია ვთქვა, რომ გუნდს გამოადგნენ: ჩისკოსა და პეტარ გრაიციარს ვგულისხმობ...

...როგორც გითხარით, იარაბეკი დეკემბრამდე იმუშავებს ჩვენთან, აი, მერე ვინ გახდება "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, დღეს ძნელი სათქმელია. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტის, ლევან გვანცელაძის კანდიდატურა განიხილებოდა. გვანცელაძე მზარდი სპეციალისტია და საკმაოდ წარმატებით მუშაობს "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდში. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერს უნდა გადავხედოთ და შევაფასოთ...

საერთოდ, უცხოელი სპეციალისტის მოყვანა სულაც არ არის წარმატების გარანტია: როცა რუსეთში ვმუშაობდი, ყველასთვის მოულოდნელად, პროვინციული გუნდი, სარატოვის "სოკოლი" უმაღლეს ლიგაში გადავიყვანე და ამ საქმეში უდიდესი შრომა იყო ჩადებული. ბევრს გაუკვირდა ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა უმაღლეს ლიგაში "სოკოლის" გაძღოლა არა რომელიმე ცნობილ სპეციალისტს, არამედ არაფრით გამორჩეულ ადგილობრივ მწვრთნელს ვანდე. მან ხომ უკვე გამზადებული გუნდი ჩაიბარა და იმის მიუხედავად, რომ არაფრით გამორჩეული სპეციალისტი გახლდათ, ფეხბურთელებთან მუშაობა არ გასჭირვებია.

ანუ იმის თქმა მსურს, რომ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ქართველ მწვრთნელებთან უფრო უნდა გაუადვილდეთ მუშაობაც და საერთოდ - ურთიერთობაც. ოღონდ აქვე დავძენ, რომ ჩვენი ახალგაზრდები მაქსიმალურად არ უნდა შევზღუდოთ არჩევანში და შესაფერისი ვარიანტის შემთხვევაში, უცხოეთში კარიერის გაგრძელებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. თუმცა, თხოვნაც მექნება მათ მიმართ: რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყონ ინგლისური ენის შესწავლა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ენობრივი ბარიერის პრობლემა არ შეაწუხებთ...

ჩემპიონობა თვითმიზანი არ უნდა იყოს...
რომან ფიფია:
- ფაქტია, უკვე დღეიდანვე უნდა დავიწყოთ "დინამოს" გაახალგაზრდავების პროცესი, თანაც ეს სპონტანურად კი არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი, ვთქვათ, სამ-ოთხწლიანი პროგრამა, რათა ეს ახალგაზრდები ერთმანეთთან უფრო კარგად შეთამაშდნენ და მერე უკვე გარკვეულ წარმატებებზეც შეიძლება ფიქრი.

ჩვენს შემთხვევაში კი, კარგად მოგეხსენებათ, რა ხდებოდა ბოლო წლებში: "დინამო" საქართველოს ჩემპიონი უპრობლემოდ ხდებოდა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ვერაფერს აღწევდა. ევროტურნირების მატჩებში ნათლად ჩნდებოდა ხოლმე, რომ იმ გუნდით იქ არაფერი გვესაქმებოდა...

...მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს ჩემპიონობა თვითმიზანი არ უნდა იყოს, პირიქით, ევროპულ სარბიელზე წარმატებულ თამაშზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. თუმცა ქართული საკლუბო ფეხბურთის რეალობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში ძალიან გაგვიჭირდება. ახალი რა უნდა ვთქვა? შიდა ასპარეზზე "დინამოს" რეალური კონკურენტი რომ არა ჰყავს, ეს საერთოდ ქართული ფეხბურთისთვის არის ცუდი. ვიდრე ჩვენს ჩემპიონატში, სულ მცირე, 4-5 კონკურენტუნარიანი და ფინანსურად ღონიერი გუნდი არ იქნება, ძალიან ძნელია, იფიქრო წარმატებაზე საერთაშორისო არენაზე...

აღარაფერს ვამბობ შესაფერისი ინფრასტრუქტურის არარსებობაზე. ჟურნალისტებმაც კარგად იცით, რომ საქართველოში დღეს მხოლოდ 4 სტადიონია, სადაც ნორმალური მოედნის საფარია. ამ დროს კი, "დინამოს" ვითომ ქომაგები მსაყვედურობენ - რომან ფიფია ფულს რატომ არ ხარჯავს და ძვირად ღირებული ფეხბურთელები რატომ არ ჩამოჰყავსო?!. კარგი, ვთქვათ, გადავიხადე 10 მილიონი და ჩამოვიყვანე საქართველოში ეს ძვირად ღირებული ლეგიონერები - იმ ოთხი მოედნის გარდა, სად უნდა ვათამაშო?..

ვაღიარებ: გზიდან არ უნდა გადაგვეხვია!
რომან ფიფია:
- ორი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ ლეგიონერების, როგორც მწვრთნელების, ისე ფეხბურთელების ჩამოყვანაზე უარი გვეთქვა და გუნდის გაახალგაზრდავების პროცესიც დაგვეწყო. სამწუხაროდ, ამ გზას გადავუხვიეთ და დღეს შემიძლია ვაღიარო, რომ შევცდით.

არ მინდა, საქართველოს ჩემპიონობა ლეგიონერებით მოვიპოვოთ, მირჩევნია, "დინამოში" ისეთმა ნიჭიერმა ქართველმა ბიჭებმა ითამაშონ, რომელთათვისაც ამ გუნდის ბედი სულერთი არ იქნება. მე მინდა, რომ აქ მოთამაშე ბიჭების თვალებში სხვანაირი მუხტი დავინახო და მჯერა, ასეც იქნება. ამის ხმამაღლა თქმის საფუძველს კი იმ ნიჭიერი ბიჭების სიმრავლე მაძლევს, "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში რომ არიან...

...კიდევ ერთ სამწუხარო რეალობაზე უნდა ვთქვა: ფაქტობრივად, 20 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ საქართველოში პროფესიონალი ფეხბურთელები გაზრდილიყვნენ. ახლა კი, აი, გვაქვს ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და იქ მყოფთა შორის ვხედავ უდიდეს პოტენციალს...

რა ვქნა, ყველაფერი გავაკეთე საერთაშორისო სარბიელზე წარმატებისთვის, ვერ გავახარეთ გულშემატკივარი და მეც ნამდვილად არ მიხარია ფულის უაზროდ ხარჯვა. არც მაზოხისტი გახლავართ, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 44 /
ღომანიკო არ იცი სჰენ ეს საქმე ან გენანება ფულის ხარჯვა (როგორც ტკვი) საკლუბო ფეხბურტსჰი ფული და ლეგიონერია მტავარი. Kარგი ლეგიონერი. ძუსტად მაგ ხალხიტ მოგიგო გაბალამ. Iსე სად ვატამასოო და რივალდოს უზბეკეტსჰი არამგონია სულ ბერნაბეუს დარ მოედნებზე ეტამასჰა.. გაყიდე გუნდა და ნახავ როგორ უნდა
Becka
15:09 03-09-2016
0
რომან ფიფია: ..."მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს ჩემპიონობა თვითმიზანი არ უნდა იყოს, პირიქით, ევროპულ სარბიელზე წარმატებულ თამაშზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი...

...რა ვქნა, ყველაფერი გავაკეთე საერთაშორისო სარბიელზე წარმატებისთვის, ვერ გავახარეთ გულშემატკივარი და მეც ნამდვილად არ მიხარია ფულის უაზროდ ხარჯვა. არც მაზოხისტი გახლავართ, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია"...

ბ-ნო რომან! თუ ამ კომენტარებს კითხულობთ გეტყვით, რომ ფეხბურთელების ფიზიკური აქტივობა მუდმივად იზრდება და ადამიანის ზეშესაძლებობების ზღვარს აღწევს. ქართულ ფეხბურთში ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად შევქმენი მეთოდიკა „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“.

ეს კი ნიშნავს: ფეთქებად სისწრაფეს და ძალებს, რომლებიც მატჩის ბოლომდე გყოფნის; ძალიან სწრაფ სირბილს ბურთით თუ უბურთოდ; შეტევებში ჩართვას და დაცვაშიც დროულად ჩამოსვლას; მოწინააღმდეგისათვის სივრცეების მაქსიმალურად შეზღუდვას; რამდენიმე შემტევით მოწინააღმდეგის საჯარიმოში სწრაფ შერბენას, რაც დაცვის ორგანიზებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის; ზუსტი საგოლე გადაცემის გაკეთებას და კარში დამიზნებით დარტყმას.

ასეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი წარმოადგენს ერთ მთლიან ორგანიზმს, რომლის დამარცხება შეუძლებელია.

გამოიყენეთ და "დინამო" ევროსარბიელზე წარმატებული გახდება, ქართული ფეხბურთი კი მომგებიან სფეროდ გადაიქცევა!

მეტს აღარ შეგაწუხებთ, პატივისცემით გუჯა კახაძე
სირბილის სწავლების ცენტრი
11:45 03-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული