უმაღლესი ლიგა. XXVIII ტურის წინ: შემორჩენილი ინტერესი

AutoSharing Option
რაღა დარჩა: დღევანდელი ორი მატჩი და კიდევ ორი ტურიც! მოკლედ, სეზონის დამთავრებას არც აღარაფერი აკლია და გასარკვევიც ძალიან ცოტაა: რომელი გუნდი დაეუფლება ევროპალიგის ერთადერთ ვაკანტურ ადგილს და რომელი გუნდები დაიწყებენ მომავალ სეზონს რანგით დაბალ ლიგაში.

მოგეხსენებათ, რომ სეზონის გამარჯვებული XXVI ტურში გამოვლინდა, 8 მაისს კი გაირკვა, რომ "სამტრედია" და "დილა" ამ ჩემპიონატს პირველ სამეულში დაამთავრებენ და, ამავდროულად, ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზეც იასპარეზებენ. ანუ "ჩიხურამ" და "სიონმა" დარჩენილი სამივე მატჩი რომ მოიგონ, ზედა სამეულს ცვლილება მაინც არ დაემუქრება.

აი, რაც შეეხება
ცხრილის ქვედა ნაწილს, გუშინდელ მატჩების მერე აქაც, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ გაირკვა; ანუ, ფაქტობრივად, ისედაც გადაწყვეტილი იყო, რომ გავარდნის რეალური კანდიდატები "საპოვნელა", "მერანი" და "ზუგდიდი" იყვნენ და სიტუაცია არც ახლა შეიცვალა.

ისე, თეორიულად, უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე "გურიასა" და "ლოკომოტივსაც" შეიძლება რომ დაემუქროს, მაგრამ რატომღაც "გვჯერა", რომ ეს ორივე გუნდი დარჩენილ ორ ტურში "გადამრჩენელ-დამამშვიდებელ" ორ ქულას როგორმე მოიპოვებს...

ახლა კი დღევანდელ ორ მატჩზეც, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, გარკვეული ინტერესი მაინც რომ უნდა ჰქონდეს.

09.05. ივანწმინდა. 17:00
ჩიხურა-სიონი
ურთიერთშეხვედრები
11: +3=2 -6, 13:17
დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი (ჩიხურა) - ლუის ალბერტო (სიონი)
პირველი წრე 0:4

ამ ტურში სწორედ ეს წყვილი იწვევდა ყველაზე დიდ ინტერესს: "ჩიხურას" მოგების შემთხვევაში, მეოთხეადგილოსნის ვინაობა ხომ, ფაქტობრივად, გარკვეული იქნება! თუმცა, მერე უკვე თასის ფინალის შედეგი იქნება ზეაქტუალური საჩხერელთა გუნდისათვის: თუ თასი "დინამომ" მოიგო, "ჩიხურას" ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ვიხილავთ.

მასპინძელთათვის ფრეც მისაღები შედეგი იქნება, ხოლო წაგების შემთხვევაში უკვე "სიონს" უჩნდება მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი. თუ ასეც მოხდა, მაშინ ბოლნისელთა გუნდს ფინალისტობაც ეყოფა ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად.

ორივე გუნდმა შუა კვირაში საპასუხო ნახევარფინალური მატჩები ჩაატარა, თუმცა "ჩიხურას" გამოცდილმა თავკაცმა სოსო ფრუიძემ თუ, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე (გამონაკლისი მხოლოდ შოთა კაშია იყო), მისმა ახალგაზრდა კოლეგამ, არმაზ ჯელაძემ ძირითადი ბირთვი ათამაშა.

ორივე მწვრთნელის გათვლა აბსოლუტურად გასაგები იყო: "ჩიხურა" აქცენტს ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავებაზე აკეთებს, "სიონს" კი თასის ფინალში გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა...

09.05. თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-გურია
ურთიერთშეხვედრები:
28: +21=4 -3, 79:19
დისკვალიფიკაცია: უჩა ლობჟანიძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ოთარ კაკაბაძე (ყველა - დინამო)
პირველი წრე 2:0

XXVIII ტური ძველი მეტოქეების მატჩით დამთავრდება და იმის მიუხედავად, რომ "დინამო" და "გურია" ცხრილის სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან, მაინც საინტერესო პაექრობას უნდა ველოდოთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მასპინძლები პირველ მატჩს ჩაატარებენ "დინამო არენაზე" ჩემპიონის რანგში და ერთგული ქომაგების გახარებასაც შეეცდებიან.

სხვათა შორის, "დინამოს" უკვე თვეზე მეტია ჩემპიონატში საშინაო მატჩი არ ჩაუტარებია და ბარემ, აქვე შეგახსენებთ, რომ სტუმრად გამართულ ზედიზედ ოთხ შეხვედრაში ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ორი მოიგო და ორიც წააგო. თუმცა, თავის XVI ტიტულის მოსაპოვებლად "დინამოსთვის" ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია და იურაი იარაბეკის დამოძღვრილი გუნდი ახლა უკვე "დუბლისათვის" ემზადება.

...ტურის წინათქმის შესავალშიც აღვნიშნეთ, რომ "გურიას" ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია უმაღლეს ლიგაში დარჩენა; თუმცა, ლანჩხუთელთა გუნდს ეს პრობლემა არ უნდა აწუხებდეს და ამ რამდენიმე ხნის წინათ გუნდის მთავარ მწვრთნელად თემურ მახარაძის დანიშვნის შემდეგ "გურიის" შედეგებიც ამას მოწმობს.

გამოცდილი სპეციალისტი ოფიციალურად არ გახლავთ "გურიის" თავკაცი, თუმცა, ფაქტობრივად, სწორედ ის წარმართავს საწვრთნელ პროცესს და როგორც ასეთ შემთხვევებში ვამბობთ ხოლმე, დე-ფაქტო მთავარი მწვრთნელია.

ამ ფაქტზე ყურადღებას კი იმიტომ ვამახვილებთ, რომ თემურ მახარაძის დამოძღვრილ გუნდებს ("მერანი 91", "სიონი", "ოლიმპი") სხვადასხვა დროს ღირსეულად კი არა, წარმატებულადაც უთამაშიათ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული