[ახლო ხედით] ვახტანგ ჭანტურიშვილი: ამას არავის დასანახად არ ვაკეთებ...

AutoSharing Option
22 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია თბილისის "დინამოსთვის" - სწრაფი, ტექნიკური მარჯვენაფლანგელი, რომელსაც მოედნის ცენტრშიც შეუძლია თამაში. ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, წესიერი ახალგაზრდა - სწორედ ასე ვიცნობთ მას.

ჭანტურიშვილი ძალიან საინტერესო, გახსნილი რესპონდენტია და ვფიქრობთ, მასთან ინტერვიუ გულშემატკივრის ყურადღების გარეშე არ დარჩება...

- მოდი, გავიხსენოთ, როგორ შემოვიდა ფეხბურთი პირველად თქვენს ცხოვრებაში?
- რაც თავი მახსოვს, ბურთი სულ ჩემი თანამგზავრია, ჩემი ცხოვრების ნაწილია. პატარაობიდანვე ვთამაშობდი სახლში იმ ყველაფრით, რაც მრგვალი იყო. 6 წლისა "ნორჩ დინამოელში" წამიყვანა დედამ. მითხრეს, ძალიან პატარა ხარ და
ერთ წელიწადში მოდიო. მეც მივედი და ასე დაიწყო...

- რა თქმა უნდა, პირველი მწვრთნელები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ფეხბურთელის აღზრდაში. მათზეც გვითხარით...
- თამაზ კოსტავა და თენგიზ კაცია - ამ ორმა სპეციალისტმა უდიდესი ამაგი დამდო და ამას სიცოცხლის ბოლომდე არ დავივიწყებ. განსაკუთრებით უნდა გამოვყო თენგიზ კაცია. მასთან ერთად "სასკოშიც" ვიყავი.

- "სასკო" ახსენეთ და, უნდა გკითხოთ - თქვენ და გიორგი ქვილითაია ძველი თანაგუნდელები ხართ?
- კი, ძალიან დიდი ხანია, ერთად მოვდივართ. თანაგუნდელებიც ვართ და ძალიან ახლო მეგობრებიც.

- ...და თქვენი პირველი გამოჩენა უმაღლეს ლიგაში?..
- ბედნიერი ვარ, რომ მომიწია თამაში ისეთ გუნდში, როგორიც "ზესტაფონია". დღეს ყველამ ვიცით, რა ვითარებაა ამ კლუბის გარშემო და გულით მინდა, რომ "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდეს...

სხვათა შორის, დღემდე ვინარჩუნებ თბილ, უშუალო ურთიერთობას "ზესტაფონის" ქომაგებთან... რაც შეეხება დებიუტს, გია ჭიაბრიშვილი მენდო სრულიად ახალგაზრდას და დამაყენა სუპერთასის მატჩში. გოლი გავიტანე იმ თამაშში და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მერე "ზესტაფონში" მწვრთნელთა ხშირი ცვლა დაიწყო. მოვიდა რატკო დოსტანიჩი და მისგანაც დიდი ნდობა მქონდა. უკვე ძირითადის მოთამაშე ვიყავი. მერე გია გეგუჩაძეს გადამყარა საფეხბურთო განგებამ და ამისთვის მას ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი. მერე იყო "დინამო" და არის დღემდე...

- თქვენი კარიერის ამ "ქვეთავზე" ცალკე გვიამბეთ...
- ნებისმიერი ფეხბურთელი თავის წარმოდგენაში ფიქრობს ისეთ კლუბზე, რომელიც მისთვის იქნება იდეალური. "დინამო" ჩემთვის სწორედ ასეთი გუნდია. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ გუნდურ ატმოსფეროს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ეს არ არის მხოლოდ უბრალო სიტყვები. თითქმის ყველანი ერთი ასაკის ბიჭები ვართ, ოჯახებით ვმეგობრობთ ერთმანეთთან... დაგვემატნენ გამოცდილი ფეხბურთელები და მათგან ბევრს ვსწავლობ ყოველდღიურად...

- ახლა "დინამოსთვის" გადამწყვეტი დროა - ჩემპიონობაც ახლოსაა და საქართველოს თასის ნახევარფინალშიც ხართ გასული...
- ჩემს კოლექციაში ყველა ქართული ტიტულია, ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლების გარდა. ძალიან მინდა საქართველოს ჩემპიონობა. მინდა, ყველას დაგვიფასდეს ის დიდი შრომა, რაც ჩაიდო მიმდინარე სეზონში. თასზეც გადამწყვეტი თამაშების დრო მოვიდა... ასე რომ, არანაირი მოდუნება! თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- თემა შევცვალოთ. ვაკვირდები თქვენს კარიერას და, სიმართლე გითხრათ, ცოტა გული მეთანაღრება იმის გამო, რომ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თითქმის არ გითამაშიათ. თქვენ არ გწყდებათ გული ამის გამო?
- მართალი ხართ, სულ ერთხელ ვიყავი მიწვეული 21-წლამდელთა ნაკრებში, სხვა ასაკობრივ გუნდებში კი საერთოდ არ ვყოფილვარ... რომ არ დაგიმალოთ, მქონდა შინაგანი ტკივილი ამის გამო, მაგრამ ეს უკვე წარსულია... ახლა ჩემ წინაშე სხვა მიზანი დგას - საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში. ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა.

- თუ არის რაიმე ნაკლი, რომლის გამოსწორებაზეც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობთ?
- მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რამ მაქვს დასახვეწი. საერთოდ, ნიჭი ისეთი რამეა, თუ შრომისმოყვარეობა არ მიჰყვა, შეიძლება მალე გაფრინდეს და გაქრეს. ძალიან ბევრს ვშრომობ და ამას არავის დასანახად არ ვაკეთებ, ამას ვაკეთებ ჩემთვის. მინდა, რომ თუ რამ მერგება კარიერული წინსვლის მხრივ, მივიღო დამსახურებულად და არა - შემთხვევით.

- ახერხებთ თუ არა იმას, რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში პროგრესის კუთხით, თქვენთვის ყოველი მომდევნო დღე სჯობდეს წინას?
- ადრე სულ მესმოდა, რომ ქართული ფეხბურთი ჭაობშია. როცა ეს გესმის, ძალაუნებურად ტვინში გიჯდება... რა თქმა უნდა, ძნელია საქართველოს ჩემპიონატში დღენიადაგ პროგრესის გზით იარო, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. თბილისის "დინამოში" ამისთვის იდეალური პირობებია შექმნილი... რა თქმა უნდა, ჩვენს საკლუბო ფეხბურთში არის პრობლემები, მაგრამ ეს ისეთი პრობლემებია, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია.

დიდი იმედი გააჩინა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ და ვნახოთ, რა იქნება...

- პრობლემა მართლაც ბევრია. თქვენ რომელს გამოარჩევდით?
- ჩემი აზრით, ფეხბურთელი მინდორზე რომ გადის, მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ფიქრობდეს. არის შემთხვევები, როცა ყოფითი პრობლემები არ აძლევს მას ამის საშუალებას. როცა მოედნის მიღმა რაღაც პრობლემები გაქვს, რაღაც გაწუხებს, ბოლომდე ვერ გამოავლენ საკუთარ თავს, ვერ "გაიხსნები"...

- როგორი ფეხბურთი უყვარს ვახტანგ ჭანტურიშვილს?
- ბავშვობიდან შემტევი ფეხბურთი მიყვარს, ბურთთან მაქსიმალური კონტაქტი... საქართველოში ასეთ ფეხბურთს განსაკუთრებით გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდები მისდევენ... უცხოეთში კი, რაც თავი მახსოვს, სულ "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ.

- რა არის თქვენი მიზანი ფეხბურთში?
- ვითამაშო და ცხოვრებაში დავიხარჯო ისე, რომ წლების შემდეგ, როცა უკან მოვიხედავ, მეც, ჩემი ოჯახიც, მეგობრებიცა და ქომაგებიც კმაყოფილნი ვიყოთ ჩემი განვლილი გზით. მინდა, სულ მაღლა და მაღლა ვიარო კარიერაში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გულშემატკივარი-ს. ბატონობით ვინმე სხვა ვახტანგს მიმართავ? თუ ამ ფეხბურთელს მიმართავ, მაშინ ვერ ყოფილა კარგად შენი საქმე.
gigo
16:25 13-04-2016
0
გაიხარე ვახო, კარგი კაცი ხარ! უბრალო, მშრომელი, ჩვენი ძმა ხარ. სადაც უნდა იყო, წარმატებები!
zestafan
16:10 13-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული