ყოველთვის შევსვამ მათ სადღეგრძელოს! - უჩვეულოდ გახსნილი შოთა ჭეიშვილი

AutoSharing Option
შოთა ჭეიშვილმა დიდ ფეხბურთში დაბრუნება ბათუმის "დინამოს" წარმატებით აღნიშნა. ის აჭარის მთავარ გუნდს 1988 წელს, შემდეგ კი 1995 წლის ივლისიდან 1999 წლის ივნისამდე წვრთნიდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა ბათუმის "დინამო" 1998 წელს საქართველოს თასის, სუპერთასის მფლობელი და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი.

მაგრამ 1999 წლის შემდეგ ჭეიშვილი დიდ ფეხბურთს ჩამოშორებული იყო და ბავშვებს ავარჯიშებდა. დღეს კი, ოფიციალურად, ის ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის კონსულტანტია, მაგრამ რეალურად, ყველამ იცის - სწორედ მისი დამსახურებაა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდი პირველსავე სეზონში კიდევ ერთხელ რომ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი.

მთელი სეზონის განმავლობაში შოთა ჭეიშვილი მედიასთან ურთიერთობას ერიდებოდა, მაგრამ ამჯერად, ინტერვიუზე დაგვთანხმდა და საინტერესოდ, გულახდილად ილაპარაკა...

- უპირველესად, ვიცე-ჩემპიონობას გილოცავთ! რეალურად რომ ვთქვათ, დღევანდელი შემადგენლობით ბათუმის "დინამოს" ვიცე-ჩემპიონობა წარმოუდგენელი ჩანდა...
- ჯერ მინდა, გორის "დილას" მივულოცო ჩემპიონობა და ევროთასებზე ღირსეული გამოსვლა ვუსურვო. ახლა კითხვას რაც შეეხება - გეთანხმებით, სეზონის დაწყებამდე ბევრს არ სჯეროდა, მეორე ადგილს რომ დავიკავებდით.

მაგრამ ჩვენს საქმეს უხმაუროდ ვაკეთებდით და, რაც მთავარია, ამ ბიჭების გვჯეროდა. მათ ყველა ველაპარაკებოდით და ვთხოვდით, რომ ბოლომდე გამოგვყოლოდნენ, რადგან რასაც ვაკეთებდით, ისევ მათთვის იქნებოდა სასარგებლო. ეს მათ მეორე წრის დასაწყისში დაინახეს.

პირველიც საკმაოდ წარმატებით, მეოთხე ადგილზე დავამთავრეთ, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლო გამოდგა შეკრება. ბიჭებს ვარწმუნებდით, რომ შედეგის მიღწევა შეიძლებოდა და ეს შედეგიც იმის დამსახურებაა, ფეხბურთელები რომ გამოგვყვნენ. თავიდან თუ იყო გაუგებრობები, მერე ყველაფერი მოგვარდა და დავამტკიცეთ, რომ საქმეს სწორად ვუძღვებოდით.

- ალბათ, ფეხბურთელებს თავდაჯერება თბილისის "დინამოსა" და გორის "დილასთან" ორი გასვლითი გამარჯვების შემდეგ გაეზარდათ...
- რასაკვირველია! მაგრამ "დინამოსთან" მოგების შემდეგ თასი ჩავაგდეთ. თუ გახსოვთ, "სამტრედია" ქობულეთში 4:1 დავამარცხეთ, თუმცა მერე 0:3 წავაგეთ. ამასაც თავისი ახსნა ჰქონდა. შევიკრიბეთ და ვილაპარაკეთ. შენიშვნა ყველამ მიიღო და მერე გუნდი ათამაშდა. ჩემპიონატის ბოლო ეტაპიც მთლად კარგად ვერ ჩავატარეთ, თუმცა სამეულის გუნდებთან მხოლოდ 2 ქულა დავკარგეთ.

- 15 წლის განმავლობაში არ გიმუშავიათ უმაღლეს ლიგაში. თქვენნაირი გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტი ბევრი არ არის საქართველოში. მოთხოვნაც იყო... მახსოვს, რუსთავის "ოლიმპი" და იგივე ბათუმის "დინამო" გიწვევდათ, მაგრამ სულ უარს ამბობდით. რატომ?
- წინადადებები მართლაც მქონდა, არა მხოლოდ "ოლიმპიდან" და ბათუმის "დინამოდან", არამედ "სიონიდან" და "თბილისიდან"... მაგრამ თავს ვიკავებდი. ჩემთვისაც რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და ბათუმში დაბრუნება.

- რატომ იყო რთული გადაწყვეტილების მიღება?
- ბავშვებში ვიყავი და, ფაქტობრივად, თანამედროვე ფეხბურთს ჩამოვრჩი. დაფიქრება მომიხდა, ღირდა თუ არა დაბრუნება. დავთანხმდი და... ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გადაკეთება მომიხდა.

ბავშვთა და დიდების ფეხბურთი სხვადასხვა რამ არის. ბავშვებში მისვლის დროსაც მქონდა ეს მომენტი, თავიდან გამიჭირდა... სიფრთხილეც იყო... არ ვიცოდი, ბავშვებიდან დიდებში დაბრუნებას როგორ მოვახერხებდი. მაგრამ შიში არ მქონია და საბედნიეროდ, იღბლიანადაც დავბრუნდი.

- წარმატებაში ხელი რამ შეგიწყოთ?
- იმ ხალხმა, ვინც გუნდში დამხვდა და თანადგომა არ მომაკლო. ამ ბიჭებს საფეხბურთო სამყარო კარგად იცნობს - იური მამინაშვილი, ასლან ბალაძე, ლევან ხომერიკი, მახო მახარაძე... ჩვენ ერთმანეთში გვიკამათია, მაგრამ საერთო ხედვა მაინც გვქონდა.

მახარაძე სპორტული დირექტორია, მაგრამ ვარჯიშებსა და შეკრებებზეც ჩვენთან ერთად იყო და ასკეტივით ცხოვრობდა - ის თავის დროზე ბათუმის "დინამოს" კაპიტანი გახლდათ და დღესაც იმავეს აგრძელებს. ეგ არის, რომ უკვე კაპიტანი კი არა, მაიორია.

ფიზმომზადების ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს - კახა ვაჩეიშვილი, მეტსახელად - "მეფე". თავის საქმეში ის მართლაც მეფეა. ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით, რადგან ოთარ ფედიჩკინი და მთელი ხელმძღვანელობა ჩვენი პრობლემებით სუნთქავდა.

ასეთ დროს ჩრდილში რჩება პერსონალი. არადა, იცით, რა ბიჭები არიან?! ადმინისტრატორი მერაბ ბერიძე, სამედიცინო სფერო - კობა აფხაზავა, კახა გობრონიძე და თომა ჯაში. თომას გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მძღოლებიც - ჯემალ გოგუაძე და გოგიტა ტრაპაიძე ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრები არიან, საამაყო ხალხია. შრომისა და თანადგომისთვის მათ მადლობას ვუხდი, ისევე, როგორც ბიჭებს და ჩვენს გულშემატკივარ "პირატებს", რომლებიც ყველაზე მძიმე მომენტშიც არ გვტოვებდნენ.

ცალკე მინდა აჭარის ხელისუფლებაზე ვთქვა - ეს ხალხი გულით გვქომაგობდა და მათი ყურადღება არ გვაკლდა, რაც გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. არ დავმალავ - მიყვარს ქეიფი და სადაც უნდა ვიყო, ამ ხალხის სადღეგრძელოს ყოველთვის შევსვამ.

Sportall.Ge
ფოტოზე: შოთა ჭეიშვილი, ასლან ბალაძე და მალხაზ მახარაძე
- რეალურად, თქვენ იყავით მთავარი მწვრთნელი, ლევან ხომერიკი და ასლან ბალაძე კი - გეხმარებოდნენ...
- ჩვენი ფუნქციები კარგად იყო გადანაწილებული და თავიდანვე ვთქვი, რომ ყველანი თანასწორუფლებიანები ვიყავით. ჩემი ერთი უპირატესობა ის იყო, რომ გადამწყვეტი სიტყვა მეკუთვნოდა. საბოლოოდ, წარმატებამდე შეთანხმებულმა მუშაობამ მიგვიყვანა.

- გუნდს საკუთარ სტადიონზე არ უთამაშია. ესეც ხომ ურთულესი ბარიერი იყო...
- ...სამაგიეროდ, გვერდში დაგვიდგა რეზო ჩელებაძე და მთელი ქობულეთი. მინდა, მათაც მადლობა ვუთხრა. ჩვენმა წარმატებამ მოიტანა ის, რომ ბათუმში სტადიონისა და ბაზის მშენებლობა დაჩქარდა. შემდგომში, ვინც არ უნდა იმუშაოს ბათუმის "დინამოში", მეტი პროგრესისთვის ბევრად უკეთესი პირობები ექნება.

- თქვენ რჩებით გუნდში?
- კონტრაქტი დამიმთავრდა. დავსხდებით, ყველაფერს გავაანალიზებთ და გადავხედავთ, გუნდის გასაძლიერებლად რა გვჭირდება და რა შეგვიძლია. ხელმძღვანელობის წინადადებას ველოდები.

- მთავარი მწვრთნელის სტატუსისთვის ლიცენზირების გავლა დაგჭირდებათ...
- გორში იწყება სემინარი A ლიცენზიის აღების მსურველთათვის და ერთ-ერთი მსმენელი მეც ვიქნები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმაგრესი კაცი ხარ მართლაც შეუფასებელია შენი ღვაწლი ბათუმის დინამოს წარმატებაში. წარმატებები შენი სახელი ბათუმის დინამოსთან ასოცირდება და მინდა კიდევ მრავალი წელი გხედავდე ბათუმის დინამოს მესაჭედ
roini
15:28 26-05-2015
0

სიახლეები პოპულარული