ცხინვალი-დინამო (ბთ) 0:1 - დამსახურებული ლიდერი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე წრის დასაწყისიდან მოყოლებული, ზედიზედ მეექვსე გამარჯვება და ბათუმის "დინამო" უკვე ცხრილის სათავეშია!

უფრო ზუსტად, დღესდღეობით ორივე "დინამოს" ქულათა ერთნაირი რაოდენობა აქვს, თუმცა, ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, ამ კრიტერიუმით კი ბათუმის "დინამოა" უფრო "პრივილეგირებულ" მდგომარეობაში (პირველ წრეში სტუმრად რომ მოუგო თბილისის "დინამოს").

ამდენად, ადვილი გასაგებიც იყო 22 მარტს გამართული მატჩის მერე აჭარელთა გუნდის ერთგული ფანების სიხარული! ჰო, ბათუმელთა შთამბეჭდავი წარმატებული სერიაც არ არის პატარა ამბავი და არც ის ფაქტი, რომ გამოცდილი სპეციალისტის, შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილი გუნდი სანაკრებო პაუზას
ლიდერის რანგში ხვდება...

...წვიმიან ამინდს ხელი ნამდვილად არ შეუშლია ტურის ცენტრალური მატჩისათვის; შესაძლოა, შეხვედრა სახიფათო მომენტებით "დახუნძლული" არ ყოფილა, მაგრამ დაძაბულობა მთელი 90 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა და საბოლოოდ, გაიმარჯვა იმ გუნდმაც, თამაში სწორად რომ წარმართა.

ამ ბოლო დროს "ცხინვალს" საკადრო პრობლემები მოეძალა: რამდენიმე ტრავმირებულ ფეხბურთელს დისკვალიფიცირებული ნიკა კაჭარავაც დაემატა. ამის გამოც იყო, რომ მასპინძელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ ძირითადში გარკვეული გადაადგილებები მოახდინა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლაშა შინდაგორიძე გაამწესა.

ეს ახალგაზრდა გარემარბი მართლაც ჩინებულ სეზონს ატარებს, გუშინაც აქტიური გახლდათ, მაგრამ სტუმართა ცენტრალურმა მცველებმა, ბორის მახარაძემ და ბადრი ტეტუნაშვილმა (ისე, როგორც მეკარე მიხეილ ალავიძემ), ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარეს 90 წუთი და მათი დიდი დამსახურებაც იყო, "დინამომ" კარი მშრალად რომ შეინახა.

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და ამ უპირატესობას, უპირველეს ყოვლისა, ფლანგის ნახევარმცველების, ნიკა დიასამიძისა (მარცხნიდან) და გიორგი ქავთარაძის (მარჯვნიდან) აქტიურობაც განაპირობებდა. ორივე მათგანი არამხოლოდ ზუსტი და სახიფათო გადაცემებით ამარაგებდნენ გიორგი ბერიაშვილსა და დიმიტრი ტატანაშვილს, თვითონაც ხშირად ემუქრებოდნენ მასპინძელთა კარს.

ერთი-ორჯერ გიორგი ნადირაძეს მოუხდა თამაშში ჩართვა, ტაიმის მიწურულს კი სტუმართა აშკარად დამუშავებული სტანდარტული გოლით დამთავრდა: დიასამიძის კუთხურს მეტოქის საჯარიმოში ტეტუნაშვილის თავური პასი მოჰყვა, ხოლო შორეულ ძელთან სრულიად სიმარტოვეში მყოფმა ვაჟა ქორიძემ ასევე თავური დარტყმით ბურთი დაუცველ კუთხეში გადაგზავნა!

შესვენების შემდეგ "ცხინვალი" საგრძნობლად გააქტიურდა და ეს, უპირველეს ყოვლისა, შეცვლაზე შემოსული და ტრავმამოშუშებული გიორგი ივანიშვილის დამსახურება გახლდათ; პირველ ეპიზოდში ივანიშვილი "შეუჩერებლად" ურტყამდა, შემდეგ კი ირაკლი ლექვთაძის პასის მერე შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მიხეილ ალავიძე კვლავაც უშეცდომო იყო.

მერე შინდაგორიძემ იაქტიურა და ეს იყო და ეს: მატჩის ბოლო ნახევარი საათი მასპინძლები "დინამოს" საჯარიმოში შეღწევას ვეღარ ახერხებდნენ და ერთი-ორჯერ შორი მანძილიდან სცადეს გოლის გატანა, მაგრამ ბიძინა მახარობლიძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

თავის მხრივ, სტუმრები თავს უნარიანადაც იცავდნენ და რამდენჯერმე სახიფათო კონტრიერიშიც განახორციელეს.

განსაკუთრებით ის ეპიზოდია გამოსარჩევი, როცა ეფექტურ კომბინაციას გიორგი ქავთარაძე აგვირგვინებდა, მაგრამ ახლო კუთხეში დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

სტუმრებს კიდევ ერთი შანსი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროშიც ჰქონდათ, როცა მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევის მერე ბექა ჭკუასელი ემუქრებოდა მასპინძელთა კარს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას სოლიდური აუდიტორია ესწრებოდა, მათ შორის - ეროვნული ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე, მისი ასისტენტები - გია ცეცაძე და მამუკა აბუსერიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე და ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე, ასევე - ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე, აზერბაიჯანული "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე, გიორგი დემეტრაძე და სხვები...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
22.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 800 მაყურებელი
ცხინვალი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 ქორიძე (4. ტეტუნაშვილის პასით).

ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, ვ. კილასონია (83. ნ. ჯიშკარიანი) - ქარდავა, თარხნიშვილი - ლექვთაძე (74. ფანცულაია), ცაცკრიალაშვილი (46. გ. ივანიშვილი), მახარობლიძე - შინდაგორიძე.
სათადარიგოები: მაისაშვილი, ბურძენაძე, მარკოზაშვილი, ბენდიანიშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო (4-4-2): ალავიძე - ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე, ვარშანიძე, შონია, დიასამიძე (83. ჭკუასელი) - ბერიაშვილი (90. ვ. თევდორაძე), ტატანაშვილი (77. აბუსელიძე).
სათადარიგოები: მაკარიანი, ფარტენაძე, მუჯირი, მამინაშვილი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: შინდაგორიძე (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

მომდევნო (XXII) ტური
3 აპრილი, პარასკევი
გურია-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-ცხინვალი
სამტრედია-შუქურა
ზესტაფონი-მეტალურგი
ჩიხურა-მერანი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-ტორპედო
დინამო (თბ)-დილა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 8
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული