ფრიდონ ინჯია: მინდა, ეტაპობრივად გავაუმჯობესო ინფრასტრუქტურა

AutoSharing Option
ორი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ განაცხადა - ფრიდონ ინჯიასა და კიდევ 6 კაცს, რომლებიც ქართულ კერძო კლუბებს პატრონობენ, ღირსების ორდენი უნდა მიანიჭონ იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ და ამდენი წელია, საკუთარი სახსრებით ინახავენ კლუბებსო...

...ძნელია, არ დაეთანხმო. ფრიდონ ინჯია უკვე 11 წელია (ანუ დაარსების დღიდან) მარტვილის "მერანს" უდგას სათავეში და იმ უამრავი პრობლემისა და ურთულესი წლების მიუხედავად, რაც ქართულ ფეხბურთს ჰქონია, ხელი არ ჩაუქნევია და კლუბის პატრონობა არ შეუწყვეტია.

ნამდვილი საფეხბურთო გარემო, მოწესრიგებული
ინფრასტრუქტურა, კარგი მენეჯმენტი და სამწვრთნელო შტაბი - ეს "მერანის" წარმატების რეცეპტია და მისი მთავარი სულის ჩამდგმელი სწორედ ფრიდონ ინჯიაა.

"მერანს" თავისი ხელწერა აქვს ქართულ ფეხბურთში და მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, გარდამავალი ჩემპიონატიდან ლიგა 2-ში გადავიდა და საქართველოს თასის ფინალისტიც გახდა.

რას აპირებს სამომავლოდ, როგორი შეხედულება აქვს ფეხბურთის განვითარების ფონდზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე? - "ლელომ" ამ კითხვებით ფრიდონ ინჯიას მიმართა...

- უპირველეს ყოვლისა, გუნდის შედეგებზე გკითხავთ. პირველი ნახევარი დასრულდა. როგორ შეაფასებდით "მერანის" გამოსვლას ეროვნულ ლიგა 2-ში?
- მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ის ამოცანა, რომელიც უნდა შეგვესრულებინა, შევასრულეთ. პირველი ნახევრის შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, რადგან იყო ისეთი თამაშებიც, როცა არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ ფეხბურთი ამითაა საინტერესო - მოულოდნელობებით, დაძაბულობით...

- რას იტყვით იმ ცვლილებებზე, რაც ბოლო დროს განხორციელდა ფეხბურთის ფედერაციის მიერ და რამდენად შეუწყო ხელი კლუბებს ფეხბურთის განვითარების ფონდმა?
- ცვლილებების შედეგებს მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების ფონდს, ერთს ვიტყვი - რომ არა ეს ფონდი და ის ხედვები, რაც ამ ფონდთან მიმართებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს, დღეს საქართველოში ფეხბურთი არ იქნებოდა!

ამასთან, ისიც უნდა ვთქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, ისე გაგრძელებულიყო, როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი. ვგულისხმობ დაფინანსების ვადებს, რადგან გათვლილი იყო 5 წელიწადზე და საბოლოოდ ეს დაფინანსება გადანაწილდება 6 წელიწადზე. ამ ოთხ წელიწადში, შესაბამისი ფინანსებით, შეგეძლო, დაგეგეგმა და გაგეკეთებინა საქმე უფრო კარგად, ვიდრე 5 წელში.

მთლიანობაში, როგორც თავში ვახსენე, დროული და სწორი იყო სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის მიმართ ასეთი ფორმით მხარდაჭერა და ეს მისასალმებელია.

- როგორც შევიტყვეთ, მარტვილში სასტუმროს აშენებას აპირებთ. ზოგადად, რა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იგეგმება?
- სასტუმროსთან დაკავშირებით მართალი ხართ. იცით, ჩვენ თუ არ გავაფართოვეთ და არ მოვაწყვეთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მისაღები იქნება და კომფორტულად იგრძნობენ თავს ფეხბურთელები, მაშინ შედეგიც სასურველი არ იქნება. ასე რომ, დაგეგმილი გვაქვს, წელს დავიწყოთ სასტუმროს მშენებლობა და ვნახოთ, რა გამოგვივა. ეს დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს მხედველობაში ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება, ვგულისხმობ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით 11 წლის განმავლობაში.

ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ამოცანა, "მერანის" ეროვნულ ლიგაში აღზევებასთან ერთად, ამ სასტუმროს აშენებაა. მინდა, ეტაპობრივად გავაუმჯობესო ინფრასტრუქტურა. მე და ჩემი გუნდი ვცდილობთ, ყოველდღიურად წინ წავიდეთ ამ კუთხითაც.

- "მერანი" ეროვნულ ლიგაში აღზევების ერთ-ერთი კანდიდატია. მართალია, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდებით, რა მიზნები გექნებათ იქ? არა მგონია, მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყოს "მერანის" ამბიცია...
- ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი, რადგან წინ კიდევ ორი წრე და დიდი ბრძოლები გველოდება... მაგრამ, რადგან მეკითხებით, გეტყვით - "მერანი" უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ დაბრუნდება, ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ შემადგენლობას და მოვემზადებით იმისთვის, რომ ზედა ხუთეულში გავმაგრდეთ, მანამდე კი, როგორც გითხარით, რთული გზაა გასავლელი...

აქვე უნდა აღვნიშნო გიორგი მიქაძისა და მთელი სამწვრთნელო შტაბის კარგი მუშაობა. ახლა მიდის სელექცია იმისთვის, რომ მესამე წრის დაწყებამდე გავძლიერდეთ. დიდი ალბათობით, ორი წამყვანი ფეხბურთელი დაგვტოვებს, თუმცა, ეს არ გამოიწვევს "მერანის" დასუსტებას, რადგან ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია. ეს ჩვეულებრივი პროცესია. არის რეზერვი და რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მესამე წრიდან "მერანი" უფრო შემტევ, უფრო დალაგებულ ფეხბურთს ითამაშებს და მარტვილელ გულშემატკივარს მეტ სიხარულს მოუტანს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული