"ტორპედოს" ნიშნით... ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის სიმბოლურები შეადგინა

AutoSharing Option
ახლახან ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე დასრულდა, ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა ჯგუფმა კი საუკეთესოები დაასახელა...

ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად და მწვრთნელად ქუთაისის "ტორპედოს" ორი წარმომადგენელი დაასახელეს: შემტევი ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე, ვისაც 34 წლისას "მეორე სუნთქვა" გაეხსნა, 9 შეხვედრაში ერთმანეთზე უკეთესი, ეფექტური 4 გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა...

...და საუკეთესო მწვრთნელი - კახა ჩხეტიანი, რომლის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" მეორე წრის 9 მატჩში 22 ქულა
დააგროვა (7 მოგება, 1 ფრე და 1, ბურთების სხვაობა - 15:3) და ახლა მეორე ადგილზე არიან. მეორე წრის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

მეკარე: სტეფან სიკაჩი (კოლხეთი 1913);
მცველები: გიორგი მჭედლიშვილი (სამტრედია), გიორგი გველესიანი (დინამო თბ), გიორგი გურული (ტორპედო), გიორგი ქიმაძე (ტორპედო);
ნახევარმცველები: გრიგოლ დოლიძე (ტორპედო), ბაქარ ქარდავა (დინამო თბ), საბა ლობჟანიძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო), ბაჩანა არაბული (დინამო).

საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლურ ნაკრებში, ზემოთ ნახსენები დოლიძის გარდა, კიდევ სამი ტორპედოელია - გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე და თორნიკე კაპანაძე.

რჩეულთა შორის 4 წარმომადგენელი (გიორგი გველესიანი, ბაქარ ქარდავა, საბა ლობჟანიძე და ბაჩანა არაბული) ჰყავს თბილისის "დინამოსაც", რაც ასევე ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის საკლუბო ფლაგმანი მშვენიერ ფორმაშია.

მეორე წრის სიმბოლურ ნაკრებში თითო ფეხბურთელია ფოთის "კოლხეთიდან" (სტეფან სიკაჩი), "სამტრედიიდან" (გიორგი მჭედლიშვილი) და "ჩიხურადან" (დიმიტრი ტატანაშვილი).

კოლხების მეკარემ საიმედო თამაში აჩვენა და მისი აღიარება დამსახურებულია, ისევე, როგორც "სამტრედიის" მცველ მჭედლიშვილის, რომელიც საკადრო პრობლემების პირობებში გუნდს სხვადასხვა პოზიციაზე ეხმარება.

ტატანაშვილს კი, ტორპედოელი დოლიძის არ იყოს, "მეორე სუნთქვა" გაეხსნა - 9 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა (2-ჯერ ჰეთ თრიკი შეასრულა) და XVIII ტურის შემდეგ "ასიანთა კლუბის" წევრიც გახდა.

* * *
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად "რუსთავის" ნახევარმცველი დათა სიჭინავა დაასახელეს, რომელმაც 9 შეხვედრაში გატანილი 5 უმნიშვნელოვანესი გოლით განაპირობა გუნდის წარმატება.

საუკეთესო მწვრთნელად კი მარტვილის "მერანის" თავკაცი გიორგი მიქაძე აღიარეს. მისმა გუნდმა მეორე წრეში 5 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ამდენივე წააგო და ლიდერობა შეინარჩუნა (სულ 17 ქულა, ბურთებს სხვაობა 16:5).

ეროვნული ლიგა 2-ის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
გიორგი ნადირაძე (გაგრა) - აკაკი შულაია (მერანი), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), გიორგი გეთიაშვილი (გაგრა), გიორგი კახიანი (გაგრა) - დათა სიჭინავა (რუსთავი), ბენჯამინ ტეიდი (მერანი), ალეკო კოშკაძე (სიონი) - პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ჯაბა დვალი (სიონი), სერგეი ტრეტიაკი (მერანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული