ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1 - სტარტიც ასეთი უნდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკეთესს რომ ვერ ინატრებდა კაცი, ისეთი გამოდგა XXIX ჩემპიონატის პირველი ტურის ეს მატჩი! - მშვენიერი ამინდი, თითქმის ბოლომდე შევსებული სტადიონი, უამრავი (და - სასიამოვნო) სიახლე აწ უკვე ეროვნული ლიგის ხელმძღვანელთაგან და, რაც მთავარია, ორი ამბიციური გუნდის მეტად და მეტად საინტერესო პაექრობა, საბოლოოდ, მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვებით რომ დასრულდა.

თუმცა, დრამატული მოვლენებით დახუნძლულ ამ მატჩის, ფაქტობრივად, ბოლო წამზე ისეთი ეპიზოდი იყო, საბოლოო შედეგზე რომ შეეძლო ემოქმედა: სტუმრებმა კუთხურის უფლება მოიპოვეს და მეტოქის საჯარიმოში ბათუმელთა უკრაინელი მეკარე ანატოლი ტიმოფეევიც ჩავიდა; საბოლოოდ კი ისე
მოხდა, რომ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი გიორგი ქავთარაძემ შეაგება, მაგრამ ბურთი "ლოკომოტივის" კარის ხარიხამ აისხლიტა.

აი, ასეთი იყო ამ მართლაც საინტერესო მატჩის ფინალი, თუმცა არანაკლებ დრამატულად და საინტრიგოდ წარიმართა საწყისი წუთებიც: რამდენიმე წამი იქნებოდა მატჩის დაწყებიდან, როცა სტუმრების პირველსავე კონტრიერიში.

პენალტით დასრულდა. ბათუმელთა ახალწვეულმა ლეგიონერმა იაროსლავ კვასოვმა საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო მასპინძელთა ცენტრალურ მცველებს და ბურთი გიორგი ქავთარაძეს დაუგდო, რომლის დარტყმასაც დავით უბილავა გადაეღობა, მაგრამ "ლოკომოტივის" კაპიტანს ბურთი ხელზე მოხვდა და არბიტრმა ჯენერი ხორავამაც უყოყმანოდ დანიშნა პენალტი.

არადა, ჯერ ერთი წუთიც არ იყო გასული მატჩის დაწყებიდან, თუმცა, სტუმართა გუნდის ერთ-ერთმა საკვანძო ფეხბურთელმა თორნიკე თარხნიშვილმა ზეეფექტურად ("პირლოს სტილში") მოინდომა გოლის გატანა, მაგრამ "ლოკომოტივის" გამოცდილი მეკარე რევაზ თევდორაძე არ წამოეგო ამ ფანდს და ბურთის ხელში აღებაც არ გასჭირვებია.

არანაკლებ დინამიკური იყო მასპინძელთა საპასუხო "ჩხვლეტაც": ერთი წუთიც არ იყო გასული პენალტის ეპიზოდიდან, როცა "ლოკომოტივს" გოლის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ ირაკლი სიხარულიძესა და ირაკლი კომახიძეს ამ ეპიზოდში არ გაუმართლათ; სამაგიეროდ, ამის მერე, სწორედ სიხარულიძე და კომახიძე იყვნენ მუდამ მოვლენების ეპიცენტრში და ამ ორივე ახალწვეულმაც ლომის წილი შეიტანა "ლოკომოტივის" გამარჯვებაში.

თუმცა, ვიდრე "ლოკომოტივი" სრულად ჩაიგდებდა ხელთ მატჩის სადავეებს, ანგარიში "დინამომ" გახსნა: მიხეილ გორელიშვილის კუთხურის მერე მასპინძელთა მცველებს თეიმურაზ შონია "გაეპარათ" და გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ამის მერე კი სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, მაგრამ გეგა დიასამიძისა და პაპუნა ფონიავას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

სამაგიეროდ, ირაკლი სიხარულიძემ გაილაღა და სულაც "დუბლი" შეასრულა ათწუთიან ინტერვალში: მასპინძელთა ცენტრფორვარდმა ჯერ თეიმურაზ ღონღაძის (კიდევ ერთი ახალწვეულის!) უზუსტესი და შორეული პასის მერე, არანაკლებ უზუსტესი (და - ეფექტური) თავური დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა, მერე კი მშვენივრად ისარგებლა ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილი და ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელის, დავით კვირკველიას უნებლიე შეცდომით და მშვენივრად გამოიყენა ანატოლი ტიმოფეევთან ერთი ერთზე გასვლა!

არანაკლებ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა მეორე ტაიმიც, რომლის საწყისი წუთებიც კვლავაც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. არადა, სტუმართა თავკაცმა ლევან ხომერიკმა შესვენების შემდეგ მოედანზე ორი ახალი ფეხბურთელი გამოიყვანა მოედანზე, მაგრამ მისმა ოპონენტმა გიორგი დევდარიანმაც ბევრად უფრო ეფექტიანი გადაადგილებები მოახდინა და "ლოკომოტივის" აქტიური თამაშიც აშკარად თვალშისაცემი იყო.

ორჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში ირაკლი სიხარულიძე, მაგრამ ორჯერვე ჩინებულად გაისარჯა ანატოლი ტიმოფეევი, ტრადიციულად, უაღრესად სასარგებლო გახლდათ "ლოკომოტივის" ლიდერი გეგა დიასამიძე, აი, ირაკლი კომახიძის გაუთავებელი რეიდები კი სერიოზულ პრობლემას უქმნიდა სტუმართა ფეხბურთელებს. თანაც, გიორგი დევდარიანმა მეორე ტაიმში კომახიძე მარჯვენა ფლანგზე გადასწია და ამ ტანმორჩილი ახალგაზრდა ფეხბურთელმაც ამ პოზიციაზეც მშვენივრად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები.

განსაკუთრებით ის ეპიზოდია გამოსარჩევი, როცა ვერცხლისწყალივით მოძრავმა კომახიძემ ბურთი "მოპარა" სტუმართა ბრაზილიელ ახალწვეულს ჟოვინიოს და უზუსტესი პასით მამია გავაშელიშვილი, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მასპინძელთა ფორვარდმა ეს რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

ამასობაში, სტუმრებიც გააქტიურდნენ, მაგრამ შეუვალი გახლდათ "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ახალწვეული გიორგი რეხვიაშვილი, რომელმაც სტუმართა, ფაქტობრივად, ყველა შეტევა ჩაშალა.

ასევე, ზესაიმედოდ გაისარჯა რევაზ თევდორაძეც: "ლოკომოტივის" მეკარე გამოსვლებზეც უშეცდომო გახლდათ და ერთ ეპიზოდში კი გელა გოგიტიძის შორეულ და უძლიერეს დარტყმაზე მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდის აღნიშვნაც გვინდა, როცა შეცვლაზე შემოსულმა რევაზ ჩიტეიშვილმა შორიდან ისეთი "დასცხო", თქვენი მოწონებული, მაგრამ ბურთი სტუმართა კარის ხარიხას შეხვდა და მერე კარის... ხაზზე დაეცა.

მთლად ბოლოს კი იყო ის ეპიზოდი, გიორგი ქავთარაძის დარტყმის მერე ბურთი "ლოკომოტივის" კარის ხარიხას რომ მოხვდა - არბიტრის მიერ დამატებული მეხუთე წუთი რომ იწურებოდა...

05.03. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო)
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 0:1 შონია (10. გორელიშვილის პასით), 1:1 სიხარულიძე (31. ღონღაძის პასით), 2:1 სიხარულიძე (41)
ლოკომოტივი (4-1-4-1): რ. თევდორაძე - თ. ღონღაძე, რეხვიაშვილი, გაბაძე, უბილავა - ჭანტურია - ნ. ქავთარაძე (77. კიკნაძე), გ. დიასამიძე, სამურკასოვი (54. მ. გავაშელიშვილი), კომახიძე (85. ჩიტეიშვილი) - სიხარულიძე.
სათადარიგოები: ვარძელაშვილი, ბუღრიძე, ხიდეშელი, ბ. ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
დინამო (ბთ): ტიმოფეევი - ტვილდიანი (46. ფარტენაძე), გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი - შონია, თარხნიშვილი - გ. ქავთარაძე, ფონიავა (78. კვანტალიანი), გორელიშვილი (46. ჟოვინიო) - კვასოვი.
სათადარიგოები: ვ. თევდორაძე, მგელაძე, ქორიძე, ტაკიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: უბილავა (1), რეხვიაშვილი (10), ფონიავა (23), სამურკასოვი (52), ჭანტურია (69), გოგიტიძე (74), შონია (81), კვასოვი (85)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ეროვნული I ლიგა. I ტური
რუსთავი-გურია 3:1
ვიტ ჯორჯია-სამგურალი 3:0
მერანი-გაგრა 0:0
სიონი-ზუგდიდი 1:0
ცხინვალი-მეშახტე 2:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ გიორგი დევდარიანს ამ გამარჯვებას,ის ყველაზე ნათელი წერტილია ქართულ ფეხბურთში,მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვნის ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაში,რომ არა ფიფიას გოიმობა, დღეს თბილისის დინამო ბევრად წინ იქნებოდა წასული
beqa
12:01 07-03-2017
0
Bravo loko!!! Tevdoradze amtkicebs ro uzlieresi mekarea
Goga
18:48 06-03-2017
0

სიახლეები პოპულარული