მონაკო-სიტი. გამოხმაურება: პეპოქა და პეპოპეა "ლუი მეორეზე" დასრულდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხოსეპ გვარდიოლა ამბობდა - თუ "ლუი მეორეზე" გოლს ვერ გავიტანთ, აუცილებლად გავვარდებითო. "სიტიმ" გაიტანა, მაგრამ ერთი ბურთი საკმარისი არ გამოდგა და შესანიშნავ ორმატჩიან თრილერში, რომლის ჯამური ანგარიში 6:6-ია, მეტოქის მინორზე გატანილი გოლის წესით, "მონაკომ" იმარჯვა.

მონეგასკებს რადამელ ფალკაოს გარეშე უწევდათ თამაში, მაგრამ ლეონარდო ჟარდიმისა და მისი შეგირდების ჭკვიანურმა და შემართულმა თამაშმა თავისი გააკეთა. ახალგაზრდა პორტუგალიელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერია. პეპი კიდევ ერთ რამეს ამბობდა - სტანდარტული მდგომარეობები ამ ეტაპზე ხშირად გადამწყვეტიაო.

პირველ მატჩში, ბოლოსკენ მის გუნდს სწორედ სტანდარტულებმა
უშველა. ამჯერად კი, პირიქით, სტანდარტულიდან გატანილმა გოლმა "მონაკო" ახეირა. გვარდიოლა ახლა ინგლისის ასოციაციის თასზე უნდა გადაერთოს და, რაც მთავარია, პრემიერლიგაში ოთხეულში შევიდეს.

ეს "მონაკო" მართლაც დიდ სიმპათიებს იწვევს და ფეხბურთის მოყვარულებს "იმ მონაკოს" აგონებს, ბევრისთვის მოულოდნელად ფინალში რომ დასკუპდა, გზად კლაუდიო რანიერის "ჩელსის" ჩამოშორებით, მაგრამ ფინალი ჟოზე მოურინიოს "პორტუსთან" მძიმე ბრძოლაში დათმო.

ისე, რანიერი ჩემპიონთა ლიგაზე აღარ არის, "ლესტერი" მის გარეშე აგრძელებს ზღაპრულ თავგადასავალს, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელის მაგია და ჯადოსნური ჯოხი მიმდინარე სეზონზე ისევ მოქმედებს: ჩემპიონთა ლიგის 8 მეოთხედფინალისტიდან კლაუდიო თავის დროზე 4-ის მწვრთნელი გახლდათ - "იუვენტუსის", "მონაკოს", "ლესტერის", "ატლეტიკოსი".

ხოსეპ გვარდიოლა: "ჩვენ მოვუმატებთ, მაგრამ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგას ვემშვიდობებით. ეს ტურნირი ძალიან მომთხოვნია. ამიტომაც ზოგჯერ განსაკუთრებული უნდა იყო და ცოტა გაგიმართლოს, რაც ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა. მეორე ტაიმში მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ამიტომაც გავვარდით. გათამაშების ამ სტადიაზე სტანდარტული მდგომარეობები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. "ბარსელონამ" და "რეალმა" სტანდარტულებიდან გაიტანეს, ჩვენ კი - ვერა.

როგორც წესი, ამ კომპონენტში ცუდად არ გამოვიყურებით, მაგრამ ამჯერად ასე მოხდა. გუნდს ამ სტადიაზე თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს. მეორე ნახევარი მართლაც კარგად ჩავატარეთ, მაგრამ პირველში ასევე თამაში დაგვავიწყდა და ჯამში ეს საკმარისი არ გამოდგა".

"მწვრთნელი გვაფრთხილებდა, რომ ბევრს წყვეტს სტანდარტული მდგომარეობები. საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. პირველ ნახევარში საკუთარ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებდით. რასაკვირველია, სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობდით, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ვერც საკმარისი გავიტანეთ და თავიც ვერ დავიცავით კარგად. თუმცა მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში ტაბლოზე ბოლომდე არ აისახა.

ამის გარეშეც, უკეთ უნდა გვეთამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლა ყოველმხრივ დაგვემსახურებინა" - განაცხადა ინგლისის ნაკრებისა და "სიტის" მცველმა ჯონ სტოუნსმა, რომელმაც პირადადაც დაუშვა შეცდომები.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც "მონაკოს" გამარჯვება მიულოცა, გვარდიოლას ექსშეგირდი ფრანკ რიბერია. "ბაიერნის" შემტევმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაცხო:

"ძალიან ბედნიერები ვართ, გვიხარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით და ვფიქრობ, ორი მატჩის ჯამში ეს დამსახურებულია. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მერე კი მეტოქემ ჩვენს ტაქტიკას ალღო აუღო და მეორე ტაიმში უფრო გაგვიჭირდა. თუ "სიტის" ბურთს დაუთმობ და თავისუფლებას მისცემ, მკვდარი ხარ".

"გვიხარია, რომ ფანები გავაბედნიერეთ და ეს ფრანგული ფეხბურთის დიდი მიღწევაა. ასეთი ტიპის შეხვედრები იმისთვისაა, რომ ისიამოვნო " - განაცხადა ჟარდიმმა.

"ისევე, როგორც მანჩესტერში, 3 გოლი გავიტანეთ და დიდებულად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში მეტოქეს გასაქანს არ ვაძლევდით. მეორე ნახევარში კი ისინი უკეთ ათამაშდნენ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან "სიტი" ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა 2:1-ზე არ გავტყდით.

ჩვენი ძალა მთელი სეზონია იმაშია, რომ თამაშის არასდროს გვეშინია. მინდა ბაკაიოკოს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ გაიტანა და მეოთხედფინალში გაგვიყვანა" - აღნიშნა მონეგასკების ათიანმა ბერნარდო სილვამ, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა.

ფაქტები
* ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გამართულ 16 შეხვედრაში 62 გოლი გავიდა, საშუალოდ 3,88 ბურთი მატჩში.

* "მონაკო" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში 4-ჯერ გადაეყარა ინგლისურ გუნდებს და ეს ბარიერი 4-ჯერვე გადალახა.

* დავიდ სილვამ 50-ე მატჩი ჩაატარა ლიგაზე და 25-ე ესპანელი გახდა, ვინც ამ ნიშნულს უწია.

* მონეგასკების ახალგაზრდა შემტევ კილიან მბაპეს ბოლო 11 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე) ამდენივე გოლი აქვს გატანილი. ბერნარდო სილვას ბოლო სამ მატჩში 3 საგოლე პასი აქვს. ხოლო "სიტის" სამიზნე ფაბინიომ "ქალაქელებთან" ამ ორ შეხვედრაში გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

* ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე "სიტის" უკანასკნელი 11 საგარეო შეხვედრაა, კარი მშრალად არ შეუნახავს.

* ინგლისურმა გუნდმა პირველად ვერ დაურტყა მეტოქეს ლიგის მატჩის პირველ ტაიმში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული