ზლატან იბრაჰიმოვიჩის 15 ფრთიანი ფრაზა - არსებობს მხოლოდ ზლატანის სტილი!

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი თითით საჩვენებელი ცენტრფორვარდია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.

შვედი თავისებური ტიპია და ესეც ყველამ იცის. შესაძლოა, იბრას ცნობილი გამონათქვამების წაკითხვის შემდეგ ბევრმა მასზე აზრი შეიცვალოს ან პირიქით, უფრო შეუყვარდეს, მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩება: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთში განსაკუთრებული მოვლენა იყო, არის და იქნება მინიმუმ მანამდე, სანამ კარიერას არ დაასრულებს. მაშ ასე: თქვენ წინაშეა იბრას 15 ცნობილი ფრაზა:

"თქვენ ლაპარაკობთ, მე ვთამაშობ".

* * *

ბავშვობაში ზლატანს მწვრთნელმა კატეგორიულად მოსთხოვა, უფრო დისციპლინირებული უნდა გახდეო.

"შენ ხომ არ გგონია, რომ დედაჩემი
ხარ?" - ასეთი იყო იბრას პასუხი.

* * *
ყველამ იცის, რომ შვედ თავდამსხმელს "ბარსელონას" მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გულზე არ ეხატებოდა და დღემდე არ ეხატება. პეპს და ზლატანს ურთიერთობა განსაკუთრებით მას მერე დაეძაბათ, რაც იბრაჰიმოვიჩმა პირად საუბარში ასეთი რამ უთხრა:

"კვერცხები არ გაქვს და მოურინიოს დანახვისას შარვალს ავსებ! ჟოზესთან შედარებით შენ არაფერი ხარ - წადი შენი!"

* * *

ერთხელ ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ჯონ კარეუმ ზლატანზე თქვა, არაეფექტურად თამაშობსო.

იბრას პასუხი: "რასაც ეგ ტიპი ბურთით ახერხებს, იმავეს მე ფორთოხლითაც შევძლებ!"

* * *

კატალონიური ტელევიზიის რეპორტიორმა ქალმა იბრაჰიმოვიჩს სექსუალური ორიენტაციის შესახებ ჰკითხა - თქვენზე ამბობენ, გეიაო.

"მესტუმრე ერთ საღამოს, შენი დაც წამოიყვანე და გაიგებთ, ვარ თუ არა გეი!" - უპასუხა იბრამ.

* * *

"ჩვენ არ გვჭირდება ფილოსოფოსი. თამაშების მოსაგებად ჩემი და ლილიპუტის დუეტიც საკმარისია", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონაში" თამაშისას და ალბათ მიხვდით, რომ ფილოსოფოსში გვარდიოლა იგულისხმა, ლილიპუტად კი ლეო მესი მოიხსენია.

* * *

ერთხელ შვედმა ჟურნალისტმა იბრას ჰკითხა, სახეზე ნაკაწრები საიდან გაქვსო. "თქვენს მეუღლეს ჰკითხეთ!" - უპასუხა ზლატანმა.

* * *

ცნობილია, რომ შვედი თავდამსხმელი ვერ იტანს კითხვებსა და დისკუსიას მისი ხელფასის შესახებ:

"ხარისხი ყოველთვის ძვირად ფასობს. შესაბამისად, არ მესმის, რატომ მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მაღალი ხელფასი მაქვს. თანაც, რაც უფრო მეტ ფულს ვიღებ, მით მეტს ვუხდი საფრანგეთს გადასახადების სახით", - განაცხადა "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შემდეგ.

* * *

"მე "ფერარი" ვარ! მას კი ისე დავყავარ, როგორც "ფიატი"! - ასეთი ბრალდება წაუყენა ზლატანმა გვარდიოლას.

* * *
კითხვაზე, არსებობს თუ არა მცველი, რომლისაც ეშინია, იბრაჰიმოვიჩმა ასე უპასუხა: "არა! ვისაც უნდა, რომ შემაჩეროს, ჩემი მოკვლა მოუწევს!"

* * *

"ისინი პატარა ბავშვებივით არიან, საკუთარი აზრი არ გააჩნიათ", - ნათქვამი აქვს იბრას ანდრეს ინიესტას, ჩავი ერნანდესისა და ლეო მესის შესახებ.

* * *

ზლატანის პასუხი კითხვაზე, ვინ არის მისთვის მისაბაძი მაგალითი: "ასეთი არ არსებობს! არსებობს მხოლოდ ზლატანის სტილი!"

* * *

"არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ როცა იმ ოთახში შევდიოდი, სადაც გვარდიოლა იმყოფებოდა, პეპი ყოველთვის გადიოდა. შესაძლოა, ჩემი ეშინოდა".

* * *

"მე დიდი და კეთილი გული მაქვს. სხვებისთვის ყოველთვის კარგი მინდა".

* * *

იბრაჰიმოვიჩმა ფინელი მცველი სამი ჰიიპია ასე დაახასიათა: "მარცხნივ წავედი, წამომყვა! მარჯვნივ წავედი, იქაც წამომყვა! მერე ისევ მარცხნივ წავედი და ეგ ტიპი სოსისს დაემსგავსა..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული