ბუნდესლიგა. XVII ტურის წინ: რთული გამოცდები, ანუ ფავრი ფავრის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგ ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ლიდერთა მატჩები. დავიწყოთ "დორტმუნდით", რომელიც სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს და ამ დროისთვის ჩემპიონატის უპირველეს ფავორიტად ითვლება.

ტურს ისეთი მატჩი გახსნის, უკეთესს რომ ვერ ვინატრებთ. "დორტმუნდს" მიმდინარე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერი "გლადბახი" ეწვევა. გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ ამ გუნდის შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დორტმუნდელთა ამჟამინდელ დამრიგებელ ლუსიენ ფავრს.

საკადრო პრობლემები უფრო გლადბახელებს აქვთ. წესით, ვერ უნდა ითამაშოს რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა. ტრავმირებულები მასპინძელთა ლაზარეთშიც არიან, თუმცა დორტმუნდელთა სამედიცინო შტაბს იმედი აქვს, რომ დაშავებულებს ფეხზე
დააყენებენ.
ნიკო კოვაჩი კი "ბაიერნში" მისვლამდე "აინტრახტის" დამრიგებელი გახლდათ. ხორვატი მწვრთნელის მონაწილეობით კიდევ ერთ "დეჟავიუს" ვიხილავთ. თამაში ამ შემთხვევაშიც ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან "ბაიერნი" თითქოს შედის ფორმაში, მისი მეტოქე კი მუდამ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს გვთავაზობს ამ სეზონში.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის "ლაიპციგი". "ვერდერთან" შეხვედრაში ისინი ფავორიტებად კი ითვლებიან, მაგრამ ბრემენელებს რას გაუგებ - თუ "მუსიკოსები" ხასიათზე არიან, ნებისმიერი მეტოქისთვის რთულ ბარიერს წარმოადგენენ.

ასევე საინტერესო უნდა იყოს ტრადიციული მეტოქეების, "შტუტგარტისა" და "შალკეს" შეხვედრა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი განსხვავებულ ამოცანებს ეჭიდება.

მოკლედ, ისეთი ტურია, სანახაობის იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს. რა და როგორ იქნება რეალურად, ამას უშუალოდ მინდორზე ვნახავთ. მთავარია, გუნდებმა ბოლომდე აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები. ასეთ შემთხვევაში არ მოვიწყენთ.

ფაქტები
  • "დორტმუნდმა" ზედიზედ 6 მატჩი მოუგო "გლადბახს".
  • "ჰერტამ" ბოლო 2 მატჩში შეძლო "ლევერკუზენის" დამარცხება.
  • "ნიურნბერგისა" და "ფრაიბურგის" ბოლო ოთხ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ლაიპციგისა" და "ვერდერის" ბოლო უშუალო დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
  • "შალკემ" ზედიზედ ორი თამაში მოუგო "შტუტგარტს".
  • "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში მიჯრით 3-ჯერ სძლია "აინტრახტს".
  • "ვოლფსბურგს" 3 მატჩია, არ მოუგია "აუგსბურგისთვის".
  • "ჰოფენჰაიმმა" ბოლო სამ შეხვედრაში აჯობა "მაინცს".

ბუნდესლიგა. XVII ტური
პარასკევი, 21 დეკემბერი
დორტმუნდი-გლადბახი 23:30

შაბათი, 22 დეკემბერი
ჰანოვერი-ფორტუნა 18:30
ლევერკუზენი-ჰერტა 18:30
ნიურნბერგი-ფრაიბურგი 18:30
ლაიპციგი-ვერდერი 18:30
შტუტგარტი-შალკე 18:30
აინტრახტი-ბაიერნი 21:30

კვირა, 23 დეკემბერი
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 18:30
ჰოფენჰაიმი-მაინცი 21:00

ბომბარდირები: 12 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 10 - მარკო როისი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 9 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი); 8 - იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული