პრემიერლიგა. XXX ტურის წინ: იქნება სანახაობა?

AutoSharing Option
პრემიერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი შედგება "ოლდ ტრაფორდზე", სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუხვდება.

ორი გრანდის შეხლას განსაკუთრებული სიმძაფრით ველით. ბოლო დროს ორი ინგლისური გოლიათის ყველანაირი მატჩი გვინახავს. ვისურვოთ, რომ ამ შეხვედრაშიც სანახაობრივი ფეხბურთის ზეიმი ვიხილოთ...

ოღონდ, ეგ არის, რომ სადაც ჟოზე მოურინიოა, იქ სანახაობა ძნელი მოსაძებნია. ამ მატჩში ჟოზეს უპირისპირდება შემტევი ფეხბურთის აპოლოგეტი იურგენ კლოპი. ეს თამაში ჰგავს ცეცხლისა და წყლის დუელს. ასეთ შედარებას მსოფლიო მედიაშიც წააწყდება კაცი და ჩვენც გამოვიყენოთ.

"არსენალის" კოშმარულ თამაშს, ბოლოს და ბოლოს, დასასრული უნდა ჰქონდეს.

"უოტფორდთანაც" თუ ფეხი დაუცდათ, არსენ ვენგერის მდგომარეობა მართლაც რომ უმძიმესი იქნება. ალბათ, ბევრს დაავიწყდება ყველაფერი, რაც ფრანგს ოდესმე გაუკეთებია ლონდონური გუნდისთვის.

არადა, "მეთოფეები" ისეთ ფორმაში არიან, მორიგი მარცხის ალბათობა ნამდვილად არსებობს.

გუნდს ვერ შველის პიერ-ემერიკ ობამეიანგიც, ვისი ტრანსფერიც "დორტმუნდიდან" ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ ამართლებს, თუმცა მარტო ობამეიანგშიც არ არის საქმე.

რთული მატჩი ელის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილ "ტოტენჰემს", რომელიც "ბორნმუთს" სტუმრობს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი, წესით, დაღლილი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგაში "იუვენტუსთან" მომქანცველი ჯახის შემდეგ. არადა, პრემიერლიგაში მოშვება "დეზებისთვის" არაფრით არ შეიძლება. სასწორზე ხომ ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს.

საინტერესოა, რა თქვა პოჩეტინომ "იუვესთან" მატჩის შემდეგ: "ჩვენი შეცდომების გამო დავისაჯეთ, თუმცა ვამაყობ ბიჭებით. თამაშის დიდ ნაწილში ჩვენ ვდომინირებდით, ანგარიშიც გავხსენით, მაგრამ ორმა უხეშმა შეცდომამ ყველაფერი წყალში ჩაყარა.

"იუვემ" სულ 2-3 ჯერ შეაღწია ჩვენს საჯარიმოში და ორი გოლი გაიტანა. ეს არის ხარისხი. "ტოტენჰემს" სჭირდება ასეთი მატჩები, რათა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს".

ზემოთ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვახსენეთ და ამავე საგზურზე ნადირობს "ჩელსიც", ოღონდ, ბოლოდროინდელმა ჩავარდნამ "არისტოკრატთა" შანსებს სერიოზული ზიანი მიაყენა. ისინი ეცდებიან, დაარღვიონ უსიამოვნო ტრადიცია ("ჩელსიმ" პრემიერლიგის ბოლო ორი მატჩი წააგო "კრისტალ პალასთან") და, ბოლოს და ბოლოს, დაამარცხონ როი ჰოჯსონის გუნდი.

ლონდონური დერბის მოგება იოლი არ იქნება. ანტონიო კონტეს გაწვრთნილმა გუნდმა წინა ტურში "სიტისთან" წააგო, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - "ჩელსიმ" იმ მატჩში ზედაცვითი თამაშით უბრალოდ თავი შეირცხვინა. ედენ აზარმა კი, ასეთი კაპიტულანტური ტაქტიკის გამო, ღიად გააკრიტიკა კონტე.

ყველაფრის წამლეკი "სიტი" კი ალბათ არც გასვლით შეხვედრაში დაუტოვებს შანსს "სტოკს". ყოველ შემთხვევაში, თუ პეპ გვარდიოლას ბიჭები არ მოეშვებიან, გამარჯვების პრობლემა არ ექნებათ.

ფაქტები
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" პრემიერლიგის ბოლო 13 საშინაო მატჩიდან 10 მოუგო.
  • "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" ბოლო 6 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "საუთჰემპტონისა" და "ნიუკასლის" ბოლო 6 შეხვედრაში გუნდებმა 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
  • "ჰადერსფილდსა" და "სუონსის" შორის უკანასკნელ 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ჩელსისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 2 მატჩი მოკრძალებულმა ლონდონურმა გუნდმა მოიგო.
  • "არსენალი" პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩში დამარცხდა.
  • "ბორნმუთისა" და "ტოტენჰემის" ბოლო ოთხ მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "მანჩესტერ სიტიმ" "სტოკს" პირველი წრის მატჩი 7:2 მოუგო.

პრემიერლიგა. XXX ტური
შაბათი, 10 მარტი
მანჩესტერ იუნ.-ლივერპული 16:30
ევერტონი-ბრაიტონი 19:00
ჰადერსფილდი-სუონსი 19:00
ნიუკასლი-საუთჰემპტონი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 19:00
ვესტ ჰემი-ბარნლი 19:00
ჩელსი-კრ. პალასი 21:30

კვირა, 11 მარტი
არსენალი-უოტფორდი 17:30
ბორნმუთი-ტოტენჰემი 20:00

ორშაბათი, 12 მარტი
სტოკი-მანჩესტერ სიტი 23:59

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული