ბუნდესლიგა. XXII ტურის წინ: მარკო როისის დაბრუნება

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარ დაპირისპირებას "ალიანც არენა" უმასპინძლებს.

"ბაიერნი" ბოლო დროს თითქმის სულ უგებს "შალკეს". ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად. ყოველ შემთხვევაში, გელზენკირხენელები ბოლომდე რომ იბრძოლებენ, ამაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.

წამყვანი მოთამაშეებიდან, "ბაიერნის" ლაზარეთში მხოლოდ მანულ ნოიერი რჩება. როგორც ჩანს, თომას მიულერის ტრავმა, რომელიც მან "პადერბორნთან" სათასო შეხვედრისას მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა. საწვრთნელი პროცესი განაახლეს ტიაგო ალკანტარამ და ხავი მარტინესმა. რაც შეეხება "შალკეს", "ხუმარებს" საკადრო პრობლემები მაინცდამაინც არ აწუხებთ.

ერთადერთი დანაკლისი მცველი მატია ნასტასიჩია და კიდევ რამდენიმე მსუბუქად ტრავმირებული მოთამაშე.

ძალიან
არასტაბილურმა "დორტმუნდმა" ერიკ დურმის, მაქსიმილიან ფილიპისა და ანდრეი იარმოლენკოს არყოფნის მიუხედავად, მაინც უნდა დაძლიოს "ჰამბურგის" ბარიერი. დორტმუნდელებს ძალიან უნდა გამოადგეთ მიში ბატშუაის საგოლე ალღო. ეს ფეხბურთელი კარგად შეეწყო ახალ კლუბს "და "კიოლნთან" წინა მატჩის მთავარი გმირიც (დუბლი და საგოლე პასი) გახდა.

და რაც მთავარია - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება გუნდის ლიდერი მარკო როისი, რომელიც ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვარჯიშობდა, თუმცა ის ჯერ არ არის ფორმაში და "ჰამბურგთან", სავარაუდოდ, ბევრი სათამაშო დრო არ ექნება. მოახლოებული მუნდიალის წინ როისის დაბრუნება გაუხარდებოდა გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოახიმ ლიოვსაც.

"ლევერკუზენი" "ჰერტას" უმასპინძლებს და ყველანაირად ეცდება, ბოლოდროინდელი წარმატებული ციკლი გააგრძელოს. მასპინძელს ლარს ბენდერი არ ეყოლება, ეს მაშინ, როცა "ჰერტას" რამდენიმე სერიოზული ფიგურა დააკლდება. "ფარმაცევტები" კარგ ფორმაში არიან, ძალიან კარგად გამოსდით შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი და აშკარაა, რომ "ჰერტას" დაცვას დიდი ჯაფა დაადგება.

"ლაიპციგი" შინ "აუგსბურგს" ელოდება და, წესით, ოპტიმალური შემადგენლობით უნდა იყოს. თუ არ ჩავთვლით შვედი შემტევის, ემილ ფორსბერგის ტრავმას.

რაც შეეხება "აუგსბურგს", რომელმაც წინა ტურში ძალიან იოლად დაამარცხა (3:0) მაღალი ადგილებისთვის მებრძოლი "აინტრახტი", აქ საეჭვოა რამდენიმე საჭირო ფეხბურთელის ჯანმრთელობა.

ფაქტები
  • "ლაიპციგმა" 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოუგო "აუგსბურგს".
  • "აინტრახტსა" და "კიოლნს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "დორტმუნდსა" და "ჰამბურგს" შორის უკანასკნელ 5 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა
  • "ჰანოვერისა" და "ფრაიბურგის" ბოლო 3 დაპირისპირებიდან 2 ფრედ დასრულდა.
  • "შალკესა" და "ბაიერნის" ბოლო 6 შეხვედრიდან ხუთში მიუნხენურმა გრანდმა იმარჯვა.

ბუნდესლიგა. XXII ტური
პარასკევი, 9 თებერვალი
ლაიპციგი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 უპამეკანო (17), 2:0 ნაბი კეიტა (70)

შაბათი, 10 თებერვალი
დორტმუნდი-ჰამბურგი 18:30
ჰოფენჰაიმი-მაინცი 18:30
აინტრახტი-კიოლნი 18:30
ლევერკუზენი-ჰერტა 18:30
ჰანოვერი-ფრაიბურგი 18:30
ბაიერნი-შალკე 21:30

კვირა, 11 თებერვალი
შტუტგარტი-გლადბახი 18:30
ვერდერი-ვოლფსბურგი 21:00

ბომბარდირები: 18 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული