ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: არსენ ვენგერის ხსნა ევროპა ლიგის მოგებაშია

AutoSharing Option
ლიონისკენ მიმავალ გზაზე "ლიონი" აღარ არის, 8 რჩეულ კლუბში სხვა ფრანგული გუნდი დარჩა - "მარსელი". ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "ატლეტიკო" "სპორტინგს" მასპინძლობს, არსენ ვენგერს კი სეზონის გადარჩენა მხოლოდ ევროპალიგაზე წინსვლით შეუძლია - მეტოქე რუსული არმიაა. "ლაციო" ავსტრიულ "ზალცბურგს" იღებს...

არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით, "არსენალს" ევროთასი არასოდეს მოუგია, ახლა კი ლონდონურ კლუბს ამის კარგი შანსი აქვს. ყოველ შემთხვევაში, რუსულ ცსკა-სთან "მეთოფეები" ფავორიტები არიან. უეფას კოეფიციენტით, "არსენალი" ტურნირს შემორჩენილ კლუბებს შორის მეორეა ("ატლეტიკოს" შემდეგ).

"არსენალმა" ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 4 შეხვედრა მოიგო, შემდეგ ევროთასების
დებიუტანტი "ოსტერსუნდი" და საყოველთაოდ აღიარებული გრანდი "მილანი" ჩამოიშორა.

ცსკა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგ რუსებმა გათამაშებიდან "ცრვენა ზვეზდა" გამოთიშეს, შემდეგ კი "ლიონთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება იმ სტადიონზე შემოატრიალეს, სადაც ფინალური მატჩი უნდა გაიმართოს და, ვინ იცის, იქნებ კიდევ მოუწიოს რუსულ კლუბს "ოლიმპიურზე" თამაში.

2006/07 წლების ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცსკა-მ მოსკოვში 1:0 დაამარცხა "არსენალი". შემდეგ კი ცსკა პირველი გუნდი გახდა, რომელმაც "არსენალს" მის ახალ სტადიონზე გოლი არ გაატანინა - 0:0.

მიუხედავად ამ რუსული გმირობისა, ის ჯგუფი "არსენალმა" მოიგო, ცსკა კი მე-3 ადგილზე გავიდა. სხვათა შორის, მაშინ გუნდში იყვნენ იგორ აკინფეევი, სერგეი იგნაშევიჩი, ტყუპი ძმები - ალექსეი და ვასილ ბერეზუცკები და ახლაც არიან.

არსენ ვენგერმა ფანები გააფრთხილა: არ აჰყვეთ რუსებს!

ესპანურ-პორტუგალიური ჯახი ყოველთვის საინტერესოა. დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო 8 შეხვედრა მოიგო შინ, ხოლო ლისაბონის "სპორტინგს" ჯერ არასოდეს მოუგია ესპანეთში (3 ფრე, 9 წაგება).

მას მერე, რაც დიეგო სიმეონეს გუნდი ევროპალიგაზე გადმოერთო, "ატლეტიკომ" ყველა (ოთხივე) შეხვედრა მოიგო. თქმა არ უნდა, ლიგის 2014 და 2016 წლების ფინალისტი ამ ტურნირის აშკარა ფავორიტია.

2009/10 წლების სეზონში ეს გუნდები მერვედფინალში შეხვდნენ. ესპანურ კლუბს მაშინ კიკე სანჩეს ფლორესი წვრთნიდა. მადრიდში 0:0 იყო, ლისაბონში - 2:2. მაშინ სერხიო აგუერომ შეასრულა დუბლი და შემდეგ ეტაპზე ესპანური კლუბი გავიდა, რომელმაც მოიგო კიდევაც ევროპალიგა.

"მარსელის" მეტოქე ყოჩაღი გერმანული კლუბი "ლაიპციგია", რომლის უდიდესი ნაკლიც ისაა, რომ ევროთასებზე შედარებით გამოუცდელია. ეს "ლაიპციგის" პირველი სეზონია ევროთასებზე. გერმანელებმა ჯერ ლიგა დააჭაშნიკეს, ახლა კი - ევროპალიგა. ბუნებრივია, ისინი ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან.

დაბოლოს, იტალიურ-ავსტრიული დუელი. "ზალცბურგი" კერკეტი კაკალია, ის 35 მატჩია, რაც დაუმარცხებელია. "ლაციოს" კი ავსტრიულ კლუბებთან ბოლო სამი მარცხი ცუდად ახსოვს. 2009 წელს "ზალცბურგმა" "ლაციო" ორჯერ დაამარცხა ერთნაირი ანგარიშით - 2:1.

ხუთშაბათი, 5 აპრილი
არსენალი-ცსკა 23:05
ატლეტიკო-სპორტინგი 23:05
ლაციო-ზალცბურგი 23:05
ლაიპციგი-მარსელი 23:05

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სიტი ლივერპულზეც რუსებმა აურიეს?..
????????
16:55 05-04-2018
1

სიახლეები პოპულარული