პრეზენტაცია ინციდენტებით -დემბელე ნეიმარის მაისურით ითამაშებს

AutoSharing Option
გუშინ "კამპ ნოუზე" 20 წლის ფრანგმა უსმან დემბელემ ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ კი მისი პრეზენტაცია მოეწყო, რომლის დროსაც მან საზეიმო ვითარებაში მოაწერა "ბარსელონასთან" კონტრაქტს ხელი - ნეიმარის საგა საბოლოოდ დასრულდა, კატალონიელებმა მისი შემცვლელი იპოვეს.

სხვათა შორის, "დორტმუნდის" ექსფორვარდის პრეზენტაციას მთლად უინციდენტოდ არ ჩაუვლია. აქ იმას არ ვგულისხმობთ, რომ "კამპ ნოუს" მინდორზე აკენწვლისას მასაც დაუვარდა ბურთი, როგორც რამდენიმე დღის წინათ შეძენილ პაულინიოს, როცა მისი სამედიცინო შემოწმება მორჩა და ექიმებმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთეს, აღმოჩნდა, რომ "დორტმუნდიდან" საჭირო საბუთები არ იყო
მოსული - იგვიანებდა. შესაბამისად, მოუწიათ პრეზენტაციის გადადებაც. არადა, ყველაფერი მალე უნდა გარკვეულიყო, "კამპ ნოუს" ტრიბუნებზე 20 ათასამდე ფანი იცდიდა (პაულინიოს პრეზენტაციის სანახავად მხოლოდ 2 ათასი მოგროვდა).

საბედნიეროდ, ეს შეფერხებაც არ გამოდგა სერიოზული და უსმან დემბელე მალე პუბლიკის წინაშე წარდგა, შემდეგ კი - ჟურნალისტების.

კიდევ ერთი ინციდენტი - პრეზენტაცია "ბარსელონას" ფანების აკომპანემენტით მიმდინარეობდა - ისინი კლუბის პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბარტომეუს გადადგომას მოითხოვდნენ. ის იყო, ფანები აშკარა ობსტრუქციაზე უნდა გადასულიყვნენ და დემბელეც გაქრა გვირაბში.

"ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა ნეიმარის შემცვლელის (დემბელე 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს) სატრანსფერო ხელშეკრულების ფასიც - 105 მილიონი ევრო, მაგრამ თავად ბარტომეუმ განაცხადა, რომ "დორტმუნდმა" ბონუსებით შესაძლოა, კიდევ 40 მილიონი ევრო მიიღოს, მაგრამ ეს სანახევროდ დემბელეს თამაშების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, სანახევროდ - კლუბის წარმატებაზე.

"უსმანი ის ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე სეზონია, რაც ვაკვირდებით", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა. დემბელემ 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროთი განისაზღვრა. ასეა თუ ისე, დემბელეს ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში მეორეა სიძვირით და მხოლოდ ნეიმარისას (222 მილიონი ევრო) ჩამორჩება.

"ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მე კი სულ ორი სეზონი ვითამაშე პროფესიულ დონეზე. ჩემი მიზანი განვითარება და წინსვლაა. აქ ყოფნით გახარებული ვარ, ოცნება ამიხდა. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გუნდის საჭირო ფეხბურთელი ვიყო და რაც შეიძლება მეტი მატჩი ვითამაშო. "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მე უნდა შევეწყო მას. რაც შეეხება ტრანსფერის ეკონომიკურ მხარეს, ასეთ რამეს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ჩემთვის მთავარი მხოლოდ ერთია - ვითამაშო "ბარსელონას" მაისურით და ფანები გავახარო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მესის გვერდით თამაში მომიწევს, იგი მსოფლიოს საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში", - განაცხადა ფრანგმა ახალწვეულმა.

უსმან დემბელემ გასულ სეზონში ბუნდესლიგა დებიუტშივე დაიპყრო - 103 წარმატებული დრიბლინგით ის გერმანიის ჩემპიონატში საუკეთესო იყო. მან 10 გოლი გაიტანა, ხოლო 22 საგოლე პასი ევროპის ტოპ-5 ლიგაში სეზონის მესამე შედეგია.

დემბელეს დებიუტს "ბარსელონას" რიგებში 9 სექტემბერს ბარსელონურ დერბიში უნდა ველოდოთ.

***
ბარსელონაში ცნობილი აგენტი ჟორჟე მენდეში ჩავიდა. როგორც მედია ამტკიცებს, მან ორი ტრანსფერი უნდა მოაგვაროს - ანხელ დი მარია "ბარსელონაში" გადაიყვანოს პსჟ-დან, ხოლო ანდრე გომეში "ბარსადან" - "იუვენტუსში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული