ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. პირველი მატჩების წინ: ტექნიკა ფიზიკის წინააღმდეგ

AutoSharing Option
დიდ საკლუბო ფეხბურთში თითქმის 70-დღიანი პაუზა დასრულდა - დღეს ტურინსა და ბაზელში ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფის I წრის მატჩებით განახლდება.

სამშაბათი, 13 თებერვალი. 23:45
ბაზელი-მანჩესტერ სიტი

  • "ბაზელი" და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
  • ჩემპიონთა ლიგის ერაში შვეიცარიული გუნდი მეოთხედფინალში ჯერ არ გასულა.
  • "მანჩესტერ სიტის" საუკეთესო მიღწევა 2015/16 წლების სეზონის ნახევარფინალია.
  • "ბაზელმა" 0:5 დათმო პეპ გვარდიოლას "ბარსასთან" 2008 წელს.
საპასუხო მატჩი მანჩესტერში 7 მარტს გაიმართება.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაზელი (3-4-3): ვაჩლიკი - ლაკრუა, სუხი, ბალანტა - ლანგი, ფრაი, ჯაკა, პეტრეტა - ელიუნუსი, ვან ვოლფსვინკელი, ობერლენი
არ ითამაშებს: ვაილატი
საეჭვოა: ბალანტა, ცუფი

მანჩესტერ სიტი (4-5-1): ედერსონი - უოკერი, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო - ფერნანდინიო, ბერნარდო სილვა, დავიდ სილვა, დე ბრუინი, სტერლინგი - აგუერო
არ ითამაშებს: მენდი, ჟეზუში

"სიტი" ინგლისში ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და უცხო თვალით, "ბაზელს" ამ წყვილში შანსი არ უნდა ჰქონდეს. რაც უნდა იყოს, პირველი მატჩი "სტ. იაკობს პარკზე" არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს იოლი გასეირნება პეპ გვარდიოლას გუნდისთვის.

"ბაზელს" ერთი მანჩესტერული კლუბი უკვე დამარცხებული ჰყავს ნოემბერში - "იუნაიტედი". ასე რომ, დიდი დაძაბულობა სტადიონზე გარანტირებულია.

"ბაზელს" ჯგუფური ეტაპის შემდეგ სამი ფეხბურთელი დაემატა - ფრაი, ლაკრუა და შტოკერი.

რაფაელ ვიკი ("ბაზელის" მწვრთნელი): "მანჩესტერ სიტის", ძირითადად, არ აქვს ნაკლი. მეტოქე ისეთი გუნდია, რომელსაც თამაშის ხასიათის შეცვლა შეუძლია, "სიტი" ძალიან კარგად ერგება სიტუაციას და შეუძლია ოპონენტის მიერ შემოთავაზებული თამაშის საწინააღმდეგო საშუალებებზე იფიქროს.

"სიტის" თავკაცმა თავისი კლასი არაერთხელ დაამტკიცა "ბარსელონასა" და "ბაიერნში". უმაღლესი კლასის არიან "სიტის" ფეხბურთელებიც.

მოკლედ, "სიტი" დაუჯერებლად მაგარი გუნდია. როცა ბურთი გვექნება, მას უნდა გავუფრთხილდეთ და დიდი მონდომებით გამოვიყენოთ შანსები. იმისთვის, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ, ყველაფერი საჩვენოდ უნდა წარიმართოს და, ვინ იცის, იქნებ უდიდეს სენსაციასაც გამოვკრათ ხელი".

ხოსეპ გვარდიოლა ("სიტის" მწვრთნელი): "ჯგუფურ ეტაპზე "ბაზელმა" 5-მცველიანი დაცვით შთამბეჭდავი თამაშები გვაჩვენა. მეტოქე ძალიან ძლიერია დაცვაში და კარგად ორგანიზებული, ის ბრწყინვალეა კონტრშეტევებში.

მე უკვე ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს, რომ ამ ეტაპის დაძლევა ძალზე რთული იქნება. შვეიცარიაში დადებითი შედეგის მიღწევა კი ორმაგად ძნელი ამოცანაა. ჩვენი მიზანი ასეთია - წელს უკეთ ვიასპარეზოთ, ვიდრე გასულ სეზონში, ანუ მეოთხედფინალში მაინც უნდა გავიდეთ".

სამშაბათი, 13 თებერვალი. 23:45
იუვენტუსი-ტოტენჰემი

  • ევროთასებზე ეს კლუბები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.
  • "იუვენტუსს" ევროთასებზე ბოლო 26 მატჩია, შინ არ წაუგია (16 მოგება, 10 ფრე).
  • "ტოტენჰემმა" ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლო - 5 მოგება, 1 ფრე.
  • "ტოტენჰემს" იტალიაში 8 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული.

საპასუხო მატჩი "უემბლიზე" 7 მარტს გაიმართება.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, სტურარო - დუგლას კოშტა, იგუაინი, მანჯუკიჩი
არ ითამაშებს: კუადრადო, მატუიდი, ჰიოვედესი, დიბალა, ბარძალი, ლიხტშტაინერი

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ტრიპიერი, სანჩესი, ვერტონგენი - სონი, დემბელე, დაიერი, დევისი - ერიქსენი, ალი - კინი
არ ითამაშებს: ალდერვეირელდი

როგორ ფორმაში ხვდება "იუვენტუსი" ამ დაპირისპირებას? უმაგრესში! - ტურინელებს 2018 წელს ჯერ გოლი არ გაუშვიათ. არადა, სეზონის სტარტზე "ზებრები" მათი სტანდარტისთვის შეუფერებლად ბევრ გოლს უშვებდნენ.

ახლა დაცვის ხაზში ყველაფერი ბრწყინვალედაა, მაგრამ იტალიელებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ ჰარი კეინის დაჭერა, რომელიც სუპერფორმაშია. მით უფრო, რომ გუნდს შუაცენტრში მობილური და ენერგიული ბლეზ მატუიდი მოაკლდათ.

თუმცა მასიმილიანო ალეგრის სადარდებელი მხოლოდ მატუიდი არ არის - ფრანგის გარდა, "იუვეს" 5 ფეხბურთელი აკლია კიდევ და ხუთივეზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის გუნდში ერთ-ერთი ლიდერია. მარტო პაულო დიბალას გამოკლება რად ღირს!

ამ მხრივ გაცილებით კარგად აქვს საქმე ლონდონურ კლუბს, "დეზებს" ხომ მხოლოდ ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეირელდი აკლიათ.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ჩვენ ჭკვიანურად და ტექნიკურად უნდა ვითამაშოთ. უნდა ვეცადოთ, რომ გოლი არ გავუშვათ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 0:0-ზე ყაბულს ვარ. ვიცი, რომ ძალიან გაგვიჭირდება დროდადრო, რადგან "ტოტენჰემს" 4 უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავს შეტევაში.

ტექნიკურად თუ ვერ ვაჯობებთ, ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ფიზიკურ ორთაბრძოლებს მეტოქე მოიგებს ძირითადად. არა მგონია, ამ წყვილში, რომელიმე თამაშში ერთი გუნდის აშკარა უპირატესობა გამოიკვეთოს".

მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემის" მწვრთნელი): "ამ ორი კლუბის ისტორიის შედარება შეუძლებელია. ამას რომ თავი გავანებოთ, "იუვენტუსი" ბოლო სამ სეზონში ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მაგრამ ჩვენ მატჩისთვის კარგი გეგმით მოვემზადეთ და ჩვენც გვსურს მათ დონეზე ასვლა. გამოჩნდება, რამდენად შეგვიძლია რეალურად ეს.

"იუვენტუსის" წინააღმდეგ უდიდესი მოტივაციით, ენერგიით და მოწადინებით არის საჭირო თამაში. ჩვენ საკუთარ პრინციპებს არ შევცვლით - აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, მეტოქეს პატივი ვცეთ, მაგრამ იოტისოდენადაც არ შევუშინდეთ. როცა ფეხბურთის თამაშს ვიწყებდით, სწორედ ასეთ მატჩებში მონაწილეობაზე ვოცნებობდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მერვედფინალი მეოთხედფინალი ნახევარფინალი
ნახევარფინალი მეოთხედფინალი მერვედფინალი
ფინალი
2017/2018
იუვენტუსი
ტოტენჰემი
2:2
ბაზელი
მანჩესტერ სიტი
0:4
პორტო
ლივერპული
0:5
სევილია
მანჩესტერ იუნაიტედი
რეალი
პსჟ
3:1
შახტარი
რომა
ჩელსი
ბარსელონა
1:1
ბაიერნი
ბეშიქთაში
5:0
სიახლეები პოპულარული