"დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა" - ნაკრების მენეჯერი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე მომხდარი ფაქტის შემდეგ, რომლის გამოც ხვიჩა კვარაცხელია მარტის პლეი-ოფის 1/2-ფინალურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, საჯარო განცხადებას აკეთებს.

"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ. 2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობის მიღება ახლაც მიჭირს.

იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემს სისწორეში
დავარწმუნე, არადა, არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.

ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.

იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენს გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე, საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე" - გიორგი კაციტაძე.

2022 წლის განახლებული რეგლამენტით, ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები პლეი-ოფში ფეხბურთელებს მიჰყვებათ, რის შესახებაც საქართველოს ნაკრების მენეჯერს ინფორმაცია არ ჰქონია და მატჩის წინ ფეხბურთელები შესაძლო დისკვალიფიკაციაზე არ გააფრთხილეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი-ოფის 1/2-ფინალურ მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს.

წყარო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 140 /
2011წლიდანო? არაფერი არ გენიშნათ?
alexandre
17:31 23-11-2023
0
დაგვცინის ეს კაცი??
გიზოგ
15:17 23-11-2023
0

სიახლეები პოპულარული