ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

რომან ფიფია: ყველას ეს კითხვა აქვს, რატომ ვერ ვაჩერებთ ამ ბიჭებს?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ფიფიას ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ "დინამოს" აკადემიის ბიუჯეტი მილიონი დოლარია.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- სულ არის უკმაყოფილება: რატომ ვერ ინარჩუნებს "დინამო" შემადგენლობას? ახლა ბევრი მათგანი, ვინც ამ კონტექსტში იგულისხმება, თავის სიტყვას ეროვნულ ნაკრებშიც ხმამაღლა ამბობს...
- ყველას ეს კითხვა აქვს: რატომ ვერ ვაჩერებთ ამ ბიჭებს? მაგრამ ფეხბურთი ასეა - გაზრდი და ის მიდის. შეიძლება მათი გაჩერება არც ღირდეს, თუ ამ ყველაფერს არა "დინამოს", არამედ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის გადასახედიდან შევხედავთ.

მთავარი ხომ მაინც ეროვნული ნაკრებია. აკადემიაში ბავშვებს პირობა მივეცი, რომ გამორჩეულებს საუკეთესო გუნდებში გავუშვებდი, მაგრამ ჯერ ნიჭი საქართველოში უნდა გამოავლინონ და შეეცადონ, "დინამოს" მთავარ გუნდში მოხვდნენ.

- მაგრამ შეიძლება დრო გავიდეს და არასწორმა მუშაობამაც არ მოგვცეს შედეგი...
- "დინამოს" აკადემია 2013 წელს გაიხსნა და ამ ხუთ წელიწადში უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენს მუშაობას შედეგი მოაქვს. მეც სწორედ ეს მაიმედებს. ეროვნულშიც და ასაკობრივ ნაკრებებშიც ერთად ნათამაშებმა ბიჭებმა მოახერხეს და გაგვახარეს. ზოგი უკვე დინამოელი აღარ არის, მაგრამ სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდობა ჩვენთან გაიზარდა.

ცხოვრებაშიც ასეა - ზოგი ნერგს რგავს და ნაყოფს 7-8 წელი ელოდება, ზოგი გამზადებულ ნაყოფს ყიდულობს, რასაც დრო და მოთმინება არ სჭირდება. მე გრძელვადიანი პროექტი ვამჯობინე და მჯერა, ეს ყველაზე გამართლებული გზაა. ფეხბურთი მწვანილი არ არის, შედეგი იოლად არ მოდის...

- ფეხბურთის განვითარების ფონდი ახსენეთ, რომლის მოხსენებაშიც ეწერა, რომ კერძო კლუბები ადრინდელზე ნაკლებ ფულს აბანდებენ...
- ჩემს კოლეგებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ჩვენი კლუბი 900 ათას ლარს, პლუს, პრემიას და სტიმულირების თანხასაც იღებს. ბევრად მეტს პირადად მე "დინამოს" აკადემიაში ვხარჯავ.

- აკადემიას ასეთი სერიოზული ბიუჯეტი აქვს?
- დიახ, მილიონი დოლარი! ასე რომ, პრეტენზიას, თითქოს, ფეხბურთში ფულს აღარ ვაბანდებ, ვერ მივიღებ. ძალიან ბევრი მწვრთნელი, თანამშრომელი და ბავშვია, რომელთაც საუკეთესო პირობები უნდა შევუქმნათ.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა Lelo.ge-ზე შეგიძლიათ