U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი იწვნია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - თუ პოლონეთსა და დანიასთან ნაწვნევ მარცხებს კიდევ ჰქონდა რაღაც ახსნა, გუშინდელი კოშმარი რით უნდა ავხსნათ?

ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.

ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.

ჯგუფიდან გასვლას
ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.

კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...

მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!

მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.

გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.

არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.

სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?

დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.

ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).

სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ფეხბურთის ფედერაციას!!!! ამჟამად ვარ ინვალიდი და შესაბამისად უმუშევარი, გთხოვთ მიმიღოთ თქვენთან სამუშაოდ საქართველოს ნებისმიერი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ანაზღაურება იმდენი მინდა , რაც ნებისმიერი ახლანდელი მწვრთნელის ხელფასის მეოცედი იქნება, გარანტიას ვიძლევი არცერთ მწვრთნელზე ნაკლებ შედეგს არ დავდებ, (მითუმეტეს გეგუჩაძეზე). პასუხს ვ ე ლ ი სასწრაფოდ, ამდენი არ მცალია....
G E L A
11 ოქტომბერი 2017 19:46
1
უნდა აიკრძალოს ფეხბურთი საქართველოში 2 წლით მაინც. ეს ფულზე გადარეული წურბელებიც (მხოლოდ ფულის გულისთვის მოთამაშე) იქნებ მოშორდენენ და ხალხიც აღარ დაიგლლიჯავს ნერვებს.
გიორგი
11 ოქტომბერი 2017 16:40
1
ქართული ფეხბურთის მესვეურნო, დიდიან პატარიანად ხმა არ ამოიღოთ გაისუსეთ ჯობია. უსირცხვილოები გაიკმინდეთ ხმა, კრინტი არ დაძრათ.
ვოვა
11 ოქტომბერი 2017 16:31
0
ხო, სულ დამავიწყდა დამეწერა, ჯერ აბრეზამ და კვარამ რა ფეხბურთი ითამაშეს, აზერბაიჯანს ვერ გასცდნენ და ...
ვოვა
11 ოქტომბერი 2017 16:28
0
დასვა ქეცბაიამ დიაგნოზი და გააგდეს მართალი კაცი. ეხლა ვიღას დააბრალიან? თუმცა არა კიდიათ. მაგათ ფული აკეთონ და მეტი არაფერი აინტერესებთ
gio
11 ოქტომბერი 2017 16:26
2
თენგო გეთანხმები, უნდა შეწყდეს რეგიონიდან ბავშვების წამოყვანა და ამ ვითომ ბრენდებში ,, დინამო" საბურთალო" წამოყვანა. ბავშვთა ფეხბურთში იმდენი ცოდვა ტრიალებს რა გაახარებს ქართულ ფეხბურთს. ბავშვებთან რო ასე იქცევიან ეგ მწვრთნელები ყველა გასაყრელია. თქვენ წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ კარობკას რო ეძახიან და იქ თამაშობენ პატარა ბავშვები 4-4 ზე იქაც მიდის ჩაწყობა და რა ვიცი ერთი უშველებელი. მშობლები კიდევ ეს ცალკე თემაა, მიდის ერთი უშველებელი მწვრთნელებთან ჩალიჩი, რესტორანი პატიჟი და რა ვიცი და ვისაც არა აქვს საშუალება უყურებს ამ ყველაფერს გვერდიდან, ხედავს ამას ბავშვი უტყდება გული და რა ვიცი, რა გაახარებს ქართულ ფეხბურთს. მერე კიდევ სავალდებულოა რო ფეხბურთელის შვილი მაინც და მაინც ფეხბურთელი გამოვიდეს ვერ გავიგე. აბრეზას ბიჭი, კვარას ბიჭი, მუმუს ბიჭი, ბიძაშვილი მამიდაშვილი, მერე ეს კვოტები რაღა უბედურებაა. საბურთალოს ნაკრებში კვოტი (ხეჩიკაშვილის კვოტი) დინამოს კვოტი, ლოკოს კვოტი, რეგიონს მცირე კვოტი და ბოლოს გამოდის კვატი ქართულ ფეხბურთს. აბრეზას მეტს ფეხბურთი არ უთამაშნია საქართველოში ვინმეს ვერ გავიგე, ყველა ნაკრებში მისი შვილი რო თამაშობს, აუ გვეშველაო აუ, ესაო ისაო და რა, არც არაფერი. ახლა გეგუჩაძე დანიშნეთ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად და დავისვენებთ ყველა ერთად.
ვოვა
11 ოქტომბერი 2017 16:24
0
U17- აბრეზა ბიჭი, კვარაცხლიას ბიჭი, კიკნაძეს ბიჭი, ნემსაძის ნათლული- ბაქრაძე, ქურდი რამაშკას და ტორპედოელი აბზიანიძეს შვილიშვილი, მხედრიონელ გიგა გელაშვილის შვილი, პოლიციის უფროსი ჭავEანიძეს შვილი, შალვა ობგაიძის შვილიშვილი, ქურდი ჯანგველაძეს შვილი, მილიონერი ჯინჭარაძეს ( ნემსას მეგობარი ) შვილი, ვინღა ჩამოვთვალო , დამეღალა ხელი (((( თქვენ განსაჯეთ კიდევ გადახდილი ფულიანები (ამას ვერ დაამტკიცებ :( )
??/
12 ოქტომბერი 2017 01:40
0
tazo -"ერთა ლიგაა ჩვენი საშველიო:)))):)):)):))ერთა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი რომ 3:1 მოგიგებს????:".
tazo-ს ცნობისათვის. ბოლო მონაცემებით ფიფას რეიტინგში საქართველო 103-მეა (ბოლო ორი წაგების შემდეგ კიდევ უფრო დაბლა დაეშვება), ხოლო ფარერები 93-ე ადგილზეა. ანუ ათი საფეხურით მაღლა. ვინ არის აუტსაიდერი? ჯორჯია თუ ფარერები?
guga
11 ოქტომბერი 2017 16:02
0
რატომღაც არავი ამბობს მთავარ სატკივარს,რაც ქართულ ფეხბურთშია გამეფებული.საუბარი მაქვს ბავშვთა ფეხბურთზე.მოგმართავთ თხოვნით ჟურნალისტებო,წამოწიეთ ეს საკითხი სასწრაფოდ,ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,თორემ ეს ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი სირცხვილი ჩვენს საფეხბურთო რეალობაში.სასწრაფოდ უნდა შეწყდეს,ან საერთოდ აიკრძალოს რეგიონებიდან ბავშვების გადაყვანა თბილისის "წამყვან" საფეხბურთო სკოლებში.ეს პროცესი დამღუპველად მოქმედებს ჩვენს ფეხბურთზე.ეს იგივეა,რომ ორგანიზმს შეუწყვიტო ჟანგბადის მიწოდება,მთელი სხეული დაცალო სისხლისგან.როცა რეგიონში გამოჩნდება კარგი ტალანტის მქონე ბავშვი,მას უნდა მიეცეს საშუალება იმ თავის გუნდში ჩამოყალიბდეს ლიდერად,შეიძინოს ის თვისებები,რაც ასე აუცილებელია წარმატებული ფეხბურთელისათვის,გაუმყარდეს ფსიქოლოგია და შინაგანი რწმენა.თბილისი კი გადაიქცა(როგორც ყველა სხვა მიმართულებით)საფეხბურთო თავკომბალად,აგროვებენ ამ ბავშვებს მთელი საქართველოდან და როცა ერთ სივრცეში ხვდებიან,ისინი ნელნელა ხდებიან ჩვეულებრივი,არავისგან გამორჩეული მოთამაშეები,კარგავენ მთავარს,ლიდერის თვისებებს.უმორჩილესი თხოვნაა დაფიქრდით ამ საკითხზე...
თენგო
11 ოქტომბერი 2017 15:51
0
კობიაშვილი ან ძირეული ცვლილებები და დიდი ფულის გასროლა და ან გაეცალე ქართულ ფეხბურთს. ფარერებთან მაინც არ ვაგებდით. ფუუუ
კახა
11 ოქტომბერი 2017 15:45
0
უკანასკნელი თავმოყვარე კაცი ქართულ ფეხბურთში გივი ნოდია იყო (აცხონოს ღმერთმა), წააგო დიდი ანგარიშით და წავიდა.
ზოგადად ვინმეს, თუ სმენია უთავმოყვარეო კაცის გაკეთებული საქმე.
ქართველი
11 ოქტომბერი 2017 15:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული