სტემკოსი გამოირიცხა

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადამდე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო კანადის ჰოკეის ნაკრებში ფორვარდ სტივენ სტემკოსის მონაწილეობა. ამ ჰოკეისტმა 11 ნოემბერს მოიტეხა ფეხი და კანადური გუნდის ხელმძღვანელობა ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა "ტამპა ბეის" ლიდერის სოჭში თამაშს, მაგრამ გუშინ საბოლოოდ გაირკვა, რომ სტემკოსი ვერ ასწრებს გამოჯანმრთელებას და მისი ოლიმპიადაზე თამაში გამოირიცხა.

კანადის ნაკრების ხელმძღვანელობას სასწრაფოდ მოუწია სტივენის შემცვლელზე ზრუნვა. ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა სტივ აიზერმანმა განაცხადა, რომ გუნდის ახალ წევრს უახლოეს 48 საათში დაასახელებდნენ. თუმცა კანადის გულშემატკივრებს ამდენი ლოდინი არ დასჭირდათ: სტემკოსს გუნდში შეცვლის "ტამპა ბეის" ფორვარდი
მარტინ სან ლუი. შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ აიზერმანს სწორედ სან ლუის ნაკრების მიღმა დატოვების გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს.

ეს ვეტერანი შესანიშნავ სეზონს ატარებს და რეგულარული ჩემპიონატის 56 მატჩში 25 შაიბა გაიტანა და 29 შედეგიანი პასი გააკეთა.

ფინეთი კაპიტანს კარგავს
სავარაუდოდ, ფინეთის ჰოკეის ნაკრებიც თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე გაემგზავრება სოჭში. "მინესოტას" უახლოეს მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ფორვარდი მიკო კოივუ. როგორც "უაილდის" გენერალური მენეჯერი ჩაკ ფოეტჩერი იტყობინება, ფინეთის ნაკრების კაპიტანმა 5 იანვარს, "ვაშინგტონთან" მატჩში მიიღო მუხლის ტრავმა და 30 წლის ჰოკეისტი ვერ ასწრებს ოლიმპიადისთვის გამოჯანმრთელებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული