ლინდსი ვონი: ფედერერმა ყვავილები მომართვა

AutoSharing Option
ამერიკელი სამთომოთხილამურე ლინდსი ვონი საავადმყოფოდან გამოეწერა და დაიწყო აღდგენითი პროცესი სერიოზული ტრავმის შემდეგ, რომელიც მან მსოფლიოს ჩემპიონატზე სუპერგიგანტში მიიღო.

“ახლა, დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ყავარჯნებით დავდივარ და ჩაცმაც არ შემიძლია. ჩემი დის გარეშე დაღუპული ადამიანი ვიქნებოდი”, - ამბობს ვონი შვეიცარიული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ლინდსიმ ჟურნალისტებს მოუყვა რთულ მომენტში იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მას ჩოგბურთელებმა აღმოუჩინეს. “როჯერ ფედერერმა ყვავილების თაიგული გამომიგზავნა. ძალიან სასიამოვნო იყო. ჩვენი როჯერი – ნამდვილი ჯენტლმენია”, - განაცხადა ამერიკელმა.

ასევე სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა ამერიკელს რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ, რის შესახებაც მან თავის “ტვიტერზე” დაწერა. გასულ წელს ვონმა განაცხადა, რომ ფედერერს გმირად მიიჩნევს და ის ნებისმიერისთვის მისაბაძი მაგალითია.

მადლიერების განსაკუთრებული სიტყვები გადასცა ვონმა თავის მკურნალ ექიმს ბილ სტერეტს. “როცა საოპერაციოში მიმიყვანეს, ძალიან ვნერვიულობდი. მუხლზე უკვე გაკეთებული მქონდა ოპერაცია, მაგრამ ისეთი სერიოზული არა, როგორც ამჯერად. მართლა ძალიან შემეშინდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემს გვერდით არის ბილი, რომელიც 13 წლის ასაკიდან მივლის, მე მას სრულად ვენდობი”, - ამბობს ლინდსი.

ამჟამად, მსოფლიოს თასის ოთხგზის გამარჯვებული დღეში ორ-ორჯერ ასრულებს ფიზიკურ ვარჯიშებს და იმედი აქვს, რომ ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება სოჭის ოლიმპიურ თამაშებს”.

ოჯახური იუბილე: დედას, მამას და შვილს 40 გამარჯვება დაუგროვდათ
გერმანიის კურორტ გარმიშში დაიწყო მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი. როგორც იცით, გასულ კვირას, ქალთა საერთო ჩათვლაში ვადაზე ადრე გამოვლინდა გამარჯვებული - ეს გახლავთ სლოვენიელი ტინა მაზე. ასე რომ, ქალების ეტაპებმა ერთგვარად ინტრიგა დაკარგა, მაგრამ დარჩენილ სტარტებზე კიდევ არის რაღაც ამბები გასარკვევი. მაგალითად, თუ მაზე გენერალურ კლასიფიკაციაში 2000-ზე მეტ ქულას დააგროვებს, ის სამთო თხილამურების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება. გუშინდელ სუპერგიგანტში სლოვენიელმა მეორე ადგილი დაიკავა და თავისი მონაგარი 1924 ქულამდე აიყვანა.

ეტაპი კი ლიხტენშტაინის წარმომადგენელმა ტინა ვაირატერმა მოიგო. ეს მისი პირველი გამარჯვებაა მსოფლიო თასის ეტაპებზე, მაგრამ ამ ტრიუმფს შეიძლება საიუბილეო ვუწოდოთ. საქმე ისაა, რომ ვაირატერების ოჯახს მსოფლიოს თასზე 40 გამარჯვება დაუგროვდათ. ტინას მამა - ჰარტი ვაირატერი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია სწრაფდაშვებაში, დედა - ჰანი ვენცელი კი მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონი იყო. მათ მსოფლიოს თასზე შესაბამისად, ექვსი და 33 ეტაპი აქვთ მოგებული , ამას დაემატა ტინას გუშინდელი ტრიუმფი და ერთად გამოვიდა 40 მოგებული ეტაპი.

სუპერგიგანტი

ქალები
1. ტინა ვაირატერი (ლიხტენშტაინი) - 1:19.82; 2. ტინა მაზე (სლოვენია) - 1:19.94; 2. ჯულია მანკუზო (აშშ) - 1:19.94; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1:20.10; 5. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - 1:20.11; 6. კაროლინა რუის კასტილიო (ესპანეთი) - 1:20.15...

საერთო ჩათვლა
1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1924 ქულა; 2. მარია რიში (გერმანია) - 910; 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 766; 4. ლინდსი ვონი (აშშ) - 740; 5. ჯულია მანკუზო (აშშ) - 703; 6. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 697...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვონი კლინიკაში, მაზე მწვერვალზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული