სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბიორგენის მეცხრე ოქრო

AutoSharing Option
იტალიის კურორტ ვალ-დი-ფიემში 21 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო სათხილამურო სპორტში. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სპორტსმენები მედლებს გაითამაშებენ თხილამურებით რბოლაში, სათხილამურო ორჭიდსა და ტრამპლინიდან ხტომაში.

მორბენლებმა აიღეს სტარტი - გამოვლინდა გამარჯვებული ქალთა და მამაკაცთა ინდივიდუალურ სპრინტში. წინა ჩემპიონატზე, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართა, სპრინტერები თავისუფალი სტილით ასპარეზობდნენ, ახლა კი სპორტსმენებს კლასიკური სტილით უნდა ერბინათ.

ტრასას თამამად შეიძლება ეწოდოს - სამთო. დისტანცია საკმაოდ რთული იყო და მისი გავლა ძალიან რთული აღმოჩნდა მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერებისთვის. აქ არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, როცა ერთი სპორტსმენი
თავიდანვე წინ გადის და ბოლომდე ინარჩუნებს პირველობას.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქალებს შორის გამარჯვებული გახდა ლეგენდარული ნორვეგიელი მარიტ ბიორგენი, რომლის მთავარი კონკურენტი იყო პოლონელი იუსტინა კოვალჩიკი. თუმცა ეს უკანასკნელი ფინალის დროს დაეცა და თავად გამოთიშა საკუთარი თავი მედლებისთვის ბრძოლას. ოქროსთვის ბრძოლაში ბიორგენი იოლად გაუსწორდა შვედ იდა ინგემარსდოტერს, რომელმაც ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია სახელოვან ნორვეგიელს.

32 წლის ბიორგენისთვის ეს არის მეცხრე ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ასევე, მის ანგარიშზეა სამი ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო. 2010 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მარიტმა სამი გამარჯვება მოიპოვა.

სპრინტი. ქალები
1. მარიტ ბიორგენი (ნორვეგია) - 3:16.6; 2. იდა ინგემარსდოტერი (შვედეთი) - +2.3; 3. მაიკენ კასპერსენ ფალა (ნორვეგია) - +3.7; 4. კატია ვისნარი (სლოვენია) - +4.6; 5. სტინა ნილსონი (შვედეთი) - +4.9; 6. იუსტინა კოვალჩიკი (პოლონეთი) - +6.3.

* * *
მამაკაცთა შეჯიბრში ყველაფერი იმ დაპირისპირებამდე დავიდა, რომელიც ვანკუვერის ზამთრის თამაშებზე ვიხილეთ. მაშინაც სპრინტი კლასიკური იყო და ოქროს მედალი რუსმა ნიკიტა კრიუკოვმა მოიპოვა, ნორვეგიელი პეტერ ნორტუგი კი მესამე ადგილზე გავიდა.

ამჯერად ოქრო კრიუკოვმა და ნორტუგმა გაითამაშეს, რის შემდეგაც რუსეთის წარმომადგენელმა თავის ოლიმპიურ ტიტულს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალიც დაუმატა. ნორტუგი მეორეზე გავიდა, ბრინჯაო კი კანადელ ალექს ჰარვის ერგო. პირველ და მესამე ადგილებს შორის დროში სხვაობა 0.8 წამს შეადგენდა.

მედლის გარეშე დარჩა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, შვედი ემილ იონსონი, რომელიც მეოთხე მივიდა ფინიშთან.

სპრინტი. კაცები
1. ნიკიტა კრიუკოვი (რუსეთი) - 3:30.4; 2. პეტერ ნორტუგი (ნორვეგია) - +0.3; 3. ალექს ჰარვი (კანადა) - +0.8; 4. ემილ იონსონი (შვედეთი) - +2.6; 5. პოლ გოლბერგი (ნორვეგია) - +9.2; 6. ეირიკ ბრანდსდალი (ნორვეგია) - +27.1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული