სლალომისტებმა დაიწყეს

AutoSharing Option
სამკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდა მსოფლიოს თასის გათამაშება სამთო-სათხილამურო სპორტში. პრაქტიკულად ყველა წამყვანი მოთხილამურე ფინეთის კურორტ ლევიში შეიკრიბა, სადაც პირველობა სლალომის დისციპლინაში გათამაშდა.

ქალებში პირველი ცდის შემდეგ ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარია რიშმა. გერმანელი კონკურენტებზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და წესით იოლად უნდა მოეპოვებინა სეზონში პირველი გამარჯვება. მაგრამ აქ საქმეში ჩაერია ავსტრიელი მარლის შილდი, რომელიც შარშანწინდელი მძიმე ტრავმის (ფეხის მოტეხილობა) შემდეგ მძიმედ შედიოდა ოპტიმალურ ფორმაში. შილდი 2007 და 2008 წლებში სწორედ სლალომში ფლობდა მსოფლიოს თასს, მაგრამ ტრავმამ დაღი დაასვა მის კარიერას. ავსტრიელმა
ვანკუვერში ვერცხლი მოიპოვა, ახლა კი დიდხნიანი შესვენების შემდეგ პირველ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია.

არადა, პირველი ცდის შემდეგ ავსტრიელის ტრიუმფი ძნელი წარმოსადგენი იყო, რადგან რიშთან 81 მეასედ წამს აგებდა და მხოლოდ მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა. მაგრამ იდეალურად შესრულებული მეორე ცდის შემდეგ ავსტრიელი სათავეში ჩაუდგა კლასიფიკაციას. მის შემდეგ კიდევ ოთხი მოხილამურე უნდა გამოსულიყო, თუმცა ვერც ერთმა ვერ შეძლო შილდის დროის გაუმჯობესება. ყველაზე ახლოს ავსტრიელთან რიში აღმოჩნდა, რომელიც საბოლოოდ 3 მეასედი წამით ჩამორჩა გამარჯვებულს, თუმცა 125 ქულით სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს თასის ჩათვლას. მეორეა ფინელი ტანია პოუტიაინენი 110 ქულით, მესამე - შილდი 100 ქულით.

მსოფლიოს თასის ბოლო გათამაშების ტრიუმფატორი ლინდსი ვონი მეექვსეზე გავიდა, თუმცა სლალომი ამერიკელის სტიქია არ არის. მას სულ მალე მოეცემა თავის გამოჩენის საშუალება, როცა მსოფლიოს თასზე ჩქაროსნულ დისციპლინებში გათამაშდება პირველობა.


* * *
კაცებს შორის ფრანგი ჟან-ბაპტისტ გრანჟი დომინირებდა. ამ მოთხილამურემ 2009 წელს სლალომში მსოფლიოს თასი მოიგო, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო შარშანდელი სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა და ახლა, როგორც ჩანს, მზად არის ამ დისციპლინაში პირველობის დასაბრუნებლად.

გრანჟმა მოიგო პირველი ცდა, მეორეში კი მეორე დრო აჩვენა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ეტაპის მოსაგებად. ფრანგს სერიოზული კონკურენცია მხოლოდ შვედმა ანდრე მიურერმა გაუწია, თუმცა სკანდინავიელს ცუდმა პირველმა ცდამ გაუფუჭა საქმე. ვანკუვერის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა მეორე ცდა კი მოიგო, მაგრამ პირველში მხოლოდ მეოთხე შედეგი ჰქონდა, რაც საბოლოოდ გრანჟთან 33 მეასედი წამის ჩამორჩენად დაუჯდა.

ლევიში ტრასა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რის გამოც ბევრმა ფავორიტმა ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა. ამერიკელი ბოდე მილერი პირველ ცდაზე გამოეთიშა ბრძოლას, მისი ბედი გაიზიარა სლალომში მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, ავსტრიელმა რაინფრიდ ჰერბსტმა, მისმა თანამემამულემ ბენჯამინ რაიხმა და მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იტალიელმა ჯულიანო რაცოლიმ.

რაც შეეხება გრანჟს, მან 2009 წლის შემდეგ პირველად მოიგო სლალომში მსოფლიოს თასის ეტაპი.


ლევი (ფინეთი)
ქალები. სლალომი
1. მარლის შილდი (ავსტრია) - 1:52.84 (56.94+55.90); 2. მარია რიში (გერ) - 1:52.87 (56.13+56.74); 3. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 1:53.18 (56.88+56.30); 4. სუზან რიში (გერ) - 1:53.58 (57.50+56.08); 5. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - 1:53.68 (56.87+56.81); 6. ლინდსი ვონი (აშშ) - 1:53.79 (57.05+56.74).

კაცები. სლალომი

1. ჟან-ბაპტისტ გრანჟი (საფ) - 1:46.64 (52.32+54.32); 2. ანდრე მიურერი (შვედ) - 1:46.97 (52.84+54.13); 3. ივიცა კოსტელიცი (ხორ) - 1:47.61 (53.09+54.52); 4. კრისტიან დევილი (იტა) - 1:47.89 (52.76+55.13); 5. მანფრედ პრანგერი (ავსტრია) - 1:47.99 (52.82+55.17); 6. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 1:48.11 (52.91+55.20).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული